ჟაკ შარლი
ჟაკ შარლი (ფრანგ. Jacques Alexandre César Charles; დ. 12 ნოემბერი, 1746, პარიზი — გ. 7 აპრილი, 1823) — ფრანგი გამომგონებელი, მეცნიერი, მათემატიკოსი, ბალონისტი. თავდაპირველად იგი მექანიკას და მხატვობას სწავლობდა. 1752 წელს ფრანკლინის მიერ ატმოსფერული ელექტროობის აღმოჩენის შემდეგ შარლი ელექტროობის საკითხებით დაინტერესდა, მრავალ ცდას აკეთებდა, საჯარო ლექციებს კითხულობდა ელექტროობაში და საკუთარი დასკვნებიც გამოიტანა იმ დროს ახლად ფეხადგმულ ფიზიკის ამ დარგში. პარიზის მეცნიერებათა აკადემიის მიერ მიცემული დავალება — ჰაერზე უფრო მსუბუქი გაზით გაბერილი სფეროთი ატმოსფეროში აფრენა, შარლისთვის მოულოდნელი იყო. მან ისიც კი არ იცოდა თუ რა გაზით გაავსეს ძმებმა ჟოზეფ და ეტიენ მონგოლფიერებმა სფერო, რომელიც 1783 წლის 4 ივნისს ვიდალონლეზ-ანონეში ხუთასი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა.
ჟაკ შარლი | |
---|---|
ფრანგ. Jacques Charles | |
დაბ. თარიღი | 12 ნოემბერი, 1746[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] |
დაბ. ადგილი | ბოჟანსი[8] |
გარდ. თარიღი | 7 აპრილი, 1823[8] [9] (76 წლის) |
გარდ. ადგილი | პარიზი, საფრანგეთი |
დასაფლავებულია | პერ-ლაშეზის სასაფლაო |
მოქალაქეობა | საფრანგეთი |
ეროვნება | ფრანგები |
საქმიანობა | გამომგონებელი[8] და balloonist |
მეუღლე | ჟიულ შარლი |
ამის გამო მას ლაბორატორიულ პირობებში ბევრი ფიქრი და უამრავი ცდის ჩატარება დასჭირდა. საბოლოოდ ბევრი ფიქრის შემდეგ იგი წყალბადზე შეცერდა. მაგრამ იმ დროისათვის დიდი რაოდენიბით წყალბადის მიღება ძალზე ძნელი იყო, XVIII საუკუნის მიწურილს ტექნიკა ამის საშუალებას არ იძლეოდა. მიუხედავად დიდი დაბრკოლებებისა 1783 წელს შარლმა შეძლო და დაასრულა თავისი პირველი ცდები ლაბორატორიაში და შეუდგა დიდი სფეროს დამზადებას. იგი შეიკერა აბრეშუმის წმინდა მატერიისაგან. სფერო გაჟღენთეს სითხეში, რომელსაც შეუღწევადობისა და ცეცხლგამძლეობის თვისებები გააჩნდა. ეს მატერია გარედან ლაკით დაიფარა. ეს სითხეებიც შარლის მიერ იყო დამზადებული. ამის შემდეგ მან რკინის ნაქლიბზე გოგირდმჟავათი იმოქმედა და წყალბადის მიღება დაიწყო. სფეროს გაბერვას რამდენიმე კვირა დასჭირდა, და საბოლოოდ მისი წონა ათ კილოგრამს შეადგენდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ გაბერვის შემდეგ მისმა დიამეტრმა 4 მეტრს მიაღწია.
1783 წლის 27 აგვისტოს პარიზში მარსის მოედანზე სამასიათასმა კაცმა მოიყარა თავი. ამ დღეს საჯაროდ მოხდა წყალბადიანი საჰაერო ბურთის საცდელი გაშვება (ადამიანის გარეშე). სფერო ძალიან მცირე დროში დიდ სიმაღლეზე ავიდა, მაგრამ რამდენიმე წუთში გასკდა (ატმოსფეროს მაღალ ფენებში წნევის შემცირების გამო შინაგანმა წნევამ სფერო იმდენად გაბერა, რომ ქსოვილმა დრეკადობის ზღვარს გადააჭარბა და გასკდა). შარლს წყალბადის ფეთქებადი თვისებები გათვალისწინებული ჰქონდა, რის გამოც სფეროს გასკდომას აფეთქება არ მოჰყოლია. ამ დროიდან წყალბადით გაბერილ საჰაერო სფეროებს მისი ავტორის პატივსაცემად ეწოდება „შარლიერები“. ამ მარცხის მიუხედავად მან დაიწყო ახალი სფეროს დამზადება.
მან სფეროს გაუკეთა ონკანი, იმ მიზნით რომ როდესაც მაღლა ავიდოდა ექსპერიმენტატორს საშუალება ჰქონოდა წყალბადის ნაწილი გამოეშვა და სფერო უვნებლად დაებრუნებინა მიწის ზედაპირზე[10]. საჰაერო ბუშტს მან გონდოლა დაჰკიდა აერონავტების ჩასაჯდომად. იმავე წლის 3 დეკემბერს ფიზიკოს რობერთან ერთად იგი აფრინდა და სამსაათნახევრის შემდეგ უვნებლად დაბრუნდა დედამიწის ზედაპირზე. რამდენიმე დღის შემდეგ მან კვლავ შეავსო წყალბადის ის დანაკლისი რომელიც ფრენის დროს დაკარგა და შემდგომ შარლი მარტო აფრინდა. ამის შემდგომ მთელ ევროპაში დაიწყო „შარლიერით“ ჰაერნაოსნობა. იგი იმდენად პოპულარული გახდა რომ მისი საჰაერო ბუშტის სურათებს ხატავდნენ კედლებზე, წიგნებზე, ქალის კაბებსა და ქუდებზე.
თუ საფრანგეთში „შარლიერებს“ უმთავრესად გართობის მიძნით აწყობდნენ, ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II ამ აფრენებში ქვეყნის თავდაცვის საშუალებას ხედავდა, 1784 წელს პარიზში გამოცემული მონგოლფიერებისა და შარლის აფრენის ისტორია იმავე წელს ქართულ ენაზე იყო თარგმნილი და ერეკლეს სამუშაო მაგიდაზე იდო. ქართული თარგმანის ყდაზე დახატული იყო აეროსტატის მოდელი, ტექნიკური დეტალები და პირველივე გაფრენის მარშრუტი[11]. ერეკლე მეორეს საჰაერო ბურთით აფრენა წმინდა სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით აინტერესებდა: მაღლა ასული მზვერავი მტრის ჯარის განლაგებას შეიტყობდა და შემდეგ სარდლობას მოახსენებდა.
1785 წლიდან შარლმა დაიწყო გაზების თვისებების ექსპერიმენტული შესწავლა, ორი წლის შემდეგ საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა თავისი ნაშრომები. მან 1802 წელს გამოაქვეყნა სტატია, რომლის გამოც თავისი სახელი ფიზიკის ისტორიაში უკვდავყო. ნაშრომის შესავალში გეი-ლუსაკი აღნიშნავს, რომ „ჩემს შრომაში მოყვანილი შედეგები 15 წლით ჩემზე ადრე მიიღო ბატონმა შარლმა და საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიას წარუდგინა“[12].
სიცოცხლის უკანასკნელ წლებში შარლი საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკარის თანამდებობაზე მუშაობდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- პარკაძე ვ., ფიზიკოსების შესახებ, ტ. IV, გვ. 83-87, თბ., 1980.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Wikisource "Charles, Jacques Alexandre César". Encyclopædia Britannica (11th ed.). 1911.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ CERL Thesaurus — Consortium of European Research Libraries.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 8.0 8.1 8.2 8.3 Catalog of the German National Library
- ↑ 9.0 9.1 Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
- ↑ К. Е. Вейгелин, Завоевание воздушного океана, Петербург, 1908, стр. 7-8.
- ↑ ქიქოძე გ., ერეკლე მეორე, თბ., 1941, გვ. 113.
- ↑ Ф. розенбергер, История физики, ч. третья, вып. I, М.-Л., 1935.