აეროსტატი
აეროსტატი (აერო... და ბერძ. στατός [statos] — „მდგარი“, „უძრავი“) — საფრენი აპარატი, რომელიც წარმოადგენს ჰაერზე მსუბუქი საჰაერო ხომალდების ერთ-ერთ ტიპს. აეროსტატის ამწევ ძალას ქმნის (არქიმედეს კანონის შესაბამისად) მის გარსში მოთავსებული ჰაერზე მსუბუქი აირი, როგორებიცაა: წყალბადი ან ჰელიუმი. თავისუფლად მფრინავი აეროსტატის ჰაერში ასაშვებად საჭიროა შემცირდეს მისი მასა (ჩამოიყაროს ბალასტის ნაწილი), დასაშვებად კი ამწევ ძალას ამცირებენ (სარქვლიდან უშვებენ აირის ნაწილს). არამართულ თავისუფლად მფრინავ აეროსტატებს განეკუთვნება სტრატოსტატი, ბურთპილოტი, რადიოზონდი, მეტეოზონდი, მაშველი და მეტეოროლოგიური რადიოტელემეტრიული ან სხვა მოწყობილობებით აღჭურვილი ავტომატური აეროსტატი; ამ აეროსტატებს უმთავრესად სპორტული და კვლევითი მიზნით იყენებენ, ხოლო მისაბმელებს (გადამღობს, სათვალთვალოს, მეტეოროლოგიურსა და სხვა) — სამოქალაქო თავდაცვაში, საველე დაზვერვაში, საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისათვის, ატმოსფეროს ზონდირებისათვის და სხვა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 111.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „აეროსტატი“ ვიკისაწყობში.
- The Early Years of Sport Ballooning
- Hot Air Balloon Simulator