პოლ ეჟენ ანრი გოგენი (დ. 7 ივნისი, 1848, პარიზი — გ. 8 მაისი, 1903, დაბა ატუონა, მარკიზის კუნძულები) — ფრანგი ფერმწერი.

პოლ გოგენი

გოგენი დაახლოებით 1891 წელს.
დაიბადა 7 ივნისი, 1848
დაბადების ადგილი პარიზი, საფრანგეთი
გარდაიცვალა 8 მაისი, 1903 (54 წლის)
გარდაცვალების ადგილი ატუონა, მარკიზის კუნძულები, საფრანგეთის პოლინეზია
სფერო მხატვრობა, ქანდაკება, კერამიკა, გრავირება
მიმდინარეობა პოსტიმპრესიონიზმი, პრიმიტივიზმი
ჟანრი პორტრეტი[1] [2] , პეიზაჟი[1] , ფიგურა[2] , genre art[2] და ნატურმორტი[2]
პოლ გოგენი: ავტოპორტრეტი, 1893

ბიოგრაფია

რედაქტირება

პოლ ეჟენ ანრი გოგენი 1848 წლის 7 ივნისს დაიბადა პარიზში, ნოტრ დამ დე ლორეტის ქუჩის 52 ნომერში, გაზეთ ,,ნასიონალის" რედაქტორის - კლოვ გოგენის ოჯახში.

წინაპრები

რედაქტირება

გოგენი შემდეგში გამუდმებით ამაყობდა თურმე თავისი სახელოვანი წინაპრებით, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც ,,ველური წარმოშობის" ადამიანად სახავდნენ ხოლმე ზოგიერთები, ჰყვარებია გახსენება იმისა, რომ მის ესპანელ პოლკოვნიკ პაპას (დედის მხრიდან), სიმამაცით განთქმულ დონ არიანო ტრისტან და მორკოზოს ცოლად ჰყავდა პერუს ლეგენდარული ვიცე-მეფის ულამაზესი ძმისწული, ხოლო მათი ქალიშვილი-გამოჩენილი სენ-სიმონისტი, დემოკრატიისა და ქალთა ემანსიპაციის მგზნებარე დამცველი ფლორა ტრისტანი, 16 წლისა დაქორწინებულა პარიზში ღვინით მოვაჭრე მდიდარ ბორდოელ შაზალეზე. ბევრ დროს არ გაუვლია, რომ ფლორამ შაზალესთან უშინაარსო მდიდრულ ცხოვრებას თავისი საინტერსო სამწერლო მოღვაწეობა ამჯობინა. ხოლო ხელი რომ არ შეშლოდა ამ მიზნის უკეთ განხორციელებაში, ოჯახი სამუდამოდ მიატოვა (უთუოდ ეს ის ,,გენი" იყო, რომელიც გოგენს თურმე იმ საამაყო ბებიასთან არა მარტო გარეგნულად, არამედ საქციელითაც ამსგავსებდა).

გაცილებით მყარი აღმოჩნდა ოჯახის შექმნის საკითხში ფლორას ქალიშვილი ალინა, რომელმაც სიყვარულით დაუკავშირა თავისი ბედი იმხანად საუკეთესო რეპუტაციის მქონე ლიბერალ ჟურნალისტს, ცნობილი გაზეთის ,,სოციალისტის" პოლიტიკურ რედაქტორს კლოვის გოგენს და მასთან შვილებიც შეეძინა: 1847 წ. გოგონა - ფერნარდა მარსელინა მარი, ერთი წლის შემდეგ კი - ვაჟი - პოლი. შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარების გამო კლოვისი იძულებული გამხდარა, საფრანგეთი მიეტოვებინა და პერუში გახიზნულიყო (მისი ვაჟი პოლი მაშინ ჯერ კიდევ ჩვილი ბავშვი იყო), მაგრამ მოულოდნელად გზაში გარდაცვლილა - მას გული აწუხებდა - და უმამოდ დარჩენილი ოჯახი ერთხანს პერუს დედაქალაქ ლიმაში ნათესავებს შეჰკედლებია, 1855 წ. კი ორლეანში გადმოსახლებულა.

ბავშვობა

რედაქტირება

პერუში გამგზავრებამდე, რაკი დიდი გზა უნდა გაევლოთ, დედამ ნათლობა დააჩქარა და 1849 წ. 19 ივლისს ნოტრდამ დე ლორეტის ეკლესიაში პატარა პოლი მონათლეს. მამა ნათლობას არ დასწრებია ვოლტერიანული შეხედულებების გამო. ბიჭის ნათლია მისი ორლეანელი პაპა გიიომი იყო. სწორედ ამ დროს ცოლ-ქმარმა გოგენებმა ფლორა ტრისტანის ახლობელ მეგობარს, ენგრის მოწაფეს, სალონის მედალოსანს, მხატვარ ჟიულ ლორას სთხოვეს, პოლის პორტრეტი დაეხატა. ამ პორტრეტზე პატარა პოლი წელამდეა დახატული, შიშველია და ცალი ხელი გულზე უდევს. ბიჭს ცოცხალი, მრგვალი სახე აქვს, ღია ფერის, ოდნავ ჟღალი თმა, ქვეყნიერებას მიმნდობი თვალებით უყურებს (იხ. გალერეა).

პერუდან წამოსული, ორლეანის პანსიონში ჩარიცხული პოლი მეცადინეობებზე დადიოდა, მაგრამ, ჩვეული კალაპოტიდან ამოვარდნილი, იქაურობას ვერ შეეგუა. მანამდე თითქმის მხოლოდ ესპანურად ლაპარაკობდა, ახლა კი ძლივს ესმოდა მასწავლებლების, ამხანაგების, ირგვლივ მყოფთა ლაპარაკი და უცხოელი ეგონა თავი. ამიტომაც პანსიონში წარმატებები არ ჰქონია. სასწავლო საგნებს ძალზე გულგრილად ეკიდებოდა-ოცნებებს იყო აყოლილი. კარგ მოწაფედ არ ითვლებოდა, თუმცა ცუდიც არ ეთქმოდა. მასწავლებლებს საგონებელში აგდებდა ხოლმე ამ მეოცნებე, მონაცრისფრო-მომწვანო თვალებიანი რვა-ცხრა წლის ბიჭის უცნაური ქცევები.

1862 წ. დედას პარიზში მიჰყავს და დ'ანფერის ქუჩაზე პანსიონში მიაბარებს, ხოლო ორი წლის შემდეგ ისევ ორლეანში აბრუნებს, ამჯერად-კოლეჯში.

კარიერა და ოჯახი

რედაქტირება

როგორც კი 17 წელი შეუსრულდა, თავისივე სურვილითა და დედის დახმარებით უბრალო მეზღვაურად მოეწყო გემზე, რომელიც სავაჭრო დანიშნულებით დაცურავდა. ერთწლიანი მოგზაურობის დროს, ინდოეთში ჩასვლის შემდეგ პოლს ატყობინებენ, რომ 7 ივლისს სენ-კლუში დედა გარდაცვლილიყო. ,,უდედოდ და უოჯახოდ მყოფს მარტოობა უღრღნიდა გულს". გოგენი სამხედრო გემზე მესაჭედ აგრძელებს სამსახურს ორი წლის განმავლობაში. 1871 წელს, დემობილიზაციის შემდეგ იგი პარიზში ბრუნდება და, დედის მიერ ანდერძით დანიშნული მდიდარი მეურვის-გუსტავ აროზის დახმარებით, პოლ ბერტენის კანტორაში იწყებს მუშაობას, სადაც კომერციული საქმის შესანიშნავ უნარს ამჟღავნებს და მალე საკმაოდ სარფიანი შემოსავლის პატრონიც ხდება.

1873 წელს, მატერიალურად სავსებით უზრუნველყოფილი და მაღალ საზოგადოებაშიც საკმაოდ დაფასებული 25 წლის გოგენი ჯვარს იწერს პარიზში დროებით ჩამოსულ 23 წლის კოპენჰაგენელ აღმზრდელ ქალზე - მეტე სოფი გადზე. პოლსა და მეტეს ხუთი შვილი შეეძინათ: ემილი, ალინა (დედის სიყვარულით დარქმეული სახელით), კლოვინი (მამის მოსახელე), ჟან-რენე და პოლ-როლონი. ქორწინებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში ოჯახი მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობს. ხუთი შვილი, სამსახურებრივი წარმატება, კარგი რეპუტაცია უკეთეს პერსპექტივას უსახავდა მას მომავალშიც და უცებ, სრულიად მოულოდნელად, მეუღლეს ამცნობს თავის პრინციპულ გადაწყვეტილებას: სამსახურს ვტოვებ, რადგან ვირწმუნე, ჩემი ჭეშმარიტი მოწოდება მხატვრობააო.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 ტეიტი — 1897.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 RKDartists