შიშველის მონახაზი
„შიშველის მონახაზი“, იგივე „მქსოველი სუზანა“ — პოლ გოგენის ნახატი.
შიშველის მონახაზი | |
---|---|
ფრანგ. Étude de nu ou Suzanne cousant | |
ავტორი | პოლ გოგენი |
წელი | 1880 |
კატალოგი | 39, 9 და 64 |
ტიპი | ტილო, ზეთი |
სიმაღლე | 114,5 |
სიგანე | 79,5 |
ქალაქი | კოპენჰაგენი |
მუზეუმი | კარლსბერგის ახალი გლიპტოთეკა |
საწოლის კიდეზე მჯდომი მქსოველი შიშველი ქალის ნახატი გოგენის შემოქმედებისთვის საკმაოდ უჩვეულოა. იგი განსხვავდება იმ პერიოდის ქალთა იდეალიზირებული გამოსახულებებისგან. ტილოზე გამოსახულია ახალგაზრდა შავთმიანი ქალი, რომელიც ოდნავ დახრილია და ქსოვს ისე, რომ იკვეთება ნაკეცები მის მუცელზე. ქალი ზის თეთრ თეთრეულზე, მის ზურგსუკან დევს ცისფერი და მწვანე ზეწრები, კედელზე კი კიდია ზოლებიანი ხალიჩა და მანდოლინა, რომლებიც გოგენის სხვა ნახატებშიც გვხვდება. ხალიჩის ცისფერი, მწვანე და თეთრი ტონები ჰარმონიულად ერწყმის ნახატის ფერთა გამას. ეს ნახატი ქსოვილის ფორმებისა და სტრუქტურისადმი გოგენის ინტერესის ერთ-ერთი ადრეული მაგალითია.
სავარაუდოდ გოგენის შთაგონების წყარო იყო მის მიერ იმავე წელს შეძენილი ედუარ მანეს ნახატი „ქსოვა“ (1879), რომელზეც გამოსახულია მსგავს პოზაში მყოფი შემოსილი მომუშავე ქალი. მსგავსი სიუჟეტის ნახვა შეიძლება აგრეთვე კამილ პისაროს ნახატზე „პორტრეტი მადამ პისაროსი, რომელიც ფანჯარასთან ქსოვს“.
უცნობია, ვინ იყო ნახატზე გამოსახული მოდელი. მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს იყო მხატვრის მშობლების მოახლე, სხვები კი ფიქრობენ, რომ გოგენისთვის პოზიორობდა პროფესიონალი მენატურე.
1892 წელს „შიშველის მონახაზი“ გამოიფინა კოპენჰაგენში და იგი გოგენის ცოლისგან, მეტესგან, თეოდორ ფილიპსენმა შეიძინა. ფილიპსენს თავიდან ნახატის ლუვრისთვის გადაცემა სურდა, მაგრამ მოგვიანებით უარი თქვა თავის განზრახვაზე და ნახატი კოპენჰაგენის ხელოვნებათა მუზეუმს შესწირა (1920). ამჟამად ნახატი გამოფენილია კარლსბერგის ახალ გლიპტოთეკაში. საინვენტარო ნომერია MIN smk-3453.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Jens Peter Munk and Kirsten Olesen et al., Post-Impressionism, Copenhagen: Ny Carlsberg Glyptotek. — გვ. 54—55. 147 გვ, ISBN 87-7452-109-8.
- Bodelsen M., Gauguin og Van Gogh i København i 1893, København, 1984. — გვ. 48—50.
- The Art of Paul Gauguin, , New Haven, 1988. — გვ. 21—23.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- „მქსოველი სუზანა“ კარლსბერგის ახალი გლიპტოთეკის საიტზე დაარქივებული 2007-09-28 საიტზე Wayback Machine.