პატარა ჩანი
პატარა ჩანი (რუს. Малые Чаны) — მარილიანი ტბა რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში. გაწოლილია ბარაბის დაბლობზე, ზღვის დონიდან 106 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 200 კმ², საშუალო სიღრმე 1,4 მ. გადაჭიმულია აღმოსავლეთ-ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთისაკენ 21,5 კმ-ზე, სიგანე 12 კმ.[1]
პატარა ჩანი | |
---|---|
პატარა ჩანი კოსმოსიდან | |
კოორდინატები: 54°33′ ჩ. გ. 78°00′ ა. გ. / 54.550° ჩ. გ. 78.000° ა. გ. | |
მდებარეობა | რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | ნოვოსიბირსკის ოლქი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 106 მ |
სიგრძე | 21,5 კმ |
სიგანე | 12 კმ |
ფართობი | 200 კმ² |
მოცულობა | 0,27 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 1,4 მ |
მარილიანობა | 0,8 ‰ |
აუზის ფართობი | 20,100 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | ჩულიმი |
ფშანით უკავშირდება უფრო მოზრდილ და მარილიან ჩანის ტბას. უკავია სუფოზიური წარმოშობის ბრტყელი დეპრესია. წარმოიშვა 10-13 ათ. წლის წინ. აქვს არასწორი ოვალური ფორმა. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. ერთვის მდინარე ჩულიმი. წყლის დონის მატება იწყება გაზაფხულზე და ემთხვევა გაზაფხულის წყალდიდობას. ზაფხულში დონე იკლებს. ყინულით იფარება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბერში, გაძვიფვა გრძელდება აპრილამდე და მაისის დასაწყისამდე.[1]
მაისში წყალი თბება 10°С-მდე, ხოლო ივლისში 24°С-მდე. სექტემბერში ტემპერატურა ეცემა 14-16°С-მდე. მინერალიზაცია 0,8 გრ/დმ³. ტბაზე გადის ფრინველთა მრავალი სახეობის სეზონური მიგრაციის გზები. ტბიდან სამხრეთით განლაგებულია აღკვეთილი „მაისკოე-უტრო“. ნახევარკუნძულს „გრივა-ვერტკოვა“-ს ფართობით 5,16 კმ² აქვს ბუნების ძეგლის სტატუსი.[1]
ნახევარკუნძულის ტერიტორიაზეა მცენარეთა და ცხოველთა 20 სახეობა, რომლებიც რუსეთის წითელ წიგნშია შეტანილი.[2] მდიდარია თევზით, განვითარებულია თევზის რეწვა. სანაპიროზე არის დასახლებები. 2005 წელს ტბის რაიონში შეინიშნებოდა ფრინველის გრიპის ეპიზოოტიის კერა.[3][1]