პალეოგეა (პალეოტროპიკული სამეფო) — ზოოგეოგრაფიული დარაიონების შედეგად გამოყოფილი ოთხი ფაუნის სამეფოდან (დომინიონიდან) ერთ-ერთი; მოიცავს აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკებს და ნაწილობრივ სუბტროპიკებს; მისი ჩრდილოეთი სახმელეთო საზღვარი პალეარქტიკასთან გადის საჰარაზე, არაბეთის უდაბნოებზე, ირანზე, ჰიმალაის სამხრეთ მაკროკალთებზე და სამხრეთ ჩინეთზე; სამხრეთით კუნძულოვანი საზღვარი აქვს ნოტოგეასთან. ზოგიერთი ზოოლოგის მიერ ჰოლარქტიკასთან ერთად განიხილება არქტოგეას სამეფოს საზღვრებში, რამდენადაც ამ რეგიონების მესამეული ფაუნა ახლოს იდგა ერთმანეთთან. ჰოლარქტიკის ოლქში გავრცელებული ფაუნისაგან პალეოტროპიკული ფაუნის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელია მის ისტორიაში მეოთხეული კლიმატის ცვლილების მცირე როლი, რის წყალობითაც პალეოგეისა და ნეოგეის ფაუნას თავიანთ საწყისში ერთნაირი ასაკი აქვთ.

პალეოგეის ტერიტორიაზე ჩვეულებრივ გამოიყოფა ორი კონტინენტური (ეთიოპიისა და ინდომალაის) და ერთი კუნძულოვანი (მადაგასკარის) ფაუნის ოლქი (ზოგჯერ ცალკე ოლქად განიხილავენ წყანი ოკეანის ტროპიკულ კუნძულთა ფაუნას), რომელთაგან თითოეული გამოირჩევა თავისი სპეციფიკითა და ენდემურ ჯგუფთა სიმრავლით. არსებობს მაღალი რანგის საერთო პალეოტროპიკული ტაქსონებიც, მაგალითად ხვლიკების რიგი (Pholidota), ირმულასებრთა, მარტორქისებრთა, სპილოების, ლემურებისა და ლორების (ქვერიგი Strepsirrhini) ოჯახები, ანთრისებრთა (Cercopithecoidea) და ადამიანის მსგავსი მაიმუნების (Hominoidea) ზეოჯახები, რქაცხვირასებრთა, ქამელეონთა ოჯახები და სხვ. მრავალი სხვადასხვა რანგის ტაქსონია უხერხემლოთა შორისაც. ამის გარდა, პალეოგეის ფაუნაში ცნობილია სამხრეთ ამერიკასთან (ნეოტროპიკი) და ავსტრალიასთან (ნოტოგეა) საერთო როგორც პანტროპიკული ჯგუფები, ისე ტაქსონები. მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიყვანოთ უენო ბაყაყების ოჯახი Pipidae, რომლის ერთი გვარი სამხრეთ ამერიკაში გვხვდება, დანარჩენი 3 კი აფრიკის ენდემები არიან, ან მტკნარი წყლის გვერდკისერა კუების ოჯახი (Podocnemididae), რომლის სახეობების უმრავლესობა სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული, ხოლო ერთი — მადაგასკარზე. მსგავსი დიზიუნქციები ჩვეულებრივ მიიჩნევა სამხრეთი მატერიკების ყოფილი ერთობის მოწმობით გონდვანის სხვადასხვა ნაწილებში, თუმცა შესაძლოა არეალის დიდ ნაწილზე ჯგუფთა ამოწყდომის შედეგიც იყოს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Биогеография с основами экологии. 5-е изд. М., 2003;
  • Машкин В. И. Зоогеография. М., 2006;
  • Бабенко А. Б. ПАЛЕОГЕЯ // Большая российская энциклопедия. т. 25. — М., 2014. — стр. 118–119.