ოქროსფერი სპარუსი
ოქროსფერი სპარუსი,[1] დორადა (ლათ. Sparus aurata) — თევზი სპარუსისებრთა ოჯახისა. ჩვეულებრივ მისი სიგრძე 35 სმ აღწევს, ზოგჯერ 70 სმ-ს, წონა დაახლოებით 7,36 კგ.[2] სიცოცხლის მაქსიმალური ხანგრძლივობა 11 წელი.[3] სახელწოდება მომდინარეობს თვალებს შორის მდებარე დამახასიათებელი ოქროსფერი ზოლიდან.
ოქროსფერი სპარუსი | |||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||
| |||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||
Sparus aurata | |||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 170253 | |||||||||||
გავრცელება | |||||||||||
|
გვხვდება ატლანტის ოკეანის აღმოსავლეთ ნაწილსა და ხმელთაშუა ზღვაში, მათ შორის შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებთან.[1] შავ ზღვაში იშვიათია. 1999 წლიდან მცირე ჯოგებისა და ერთეულების სახით რეგულარულად გვხვდება ყირიმის სანაპიროებთან.[4] ახალგაზრდა თევზი ბინადრობს ნაპირების სიახლოვეს, მოზრდილი უპირატესობას ანიჭებს უფრო ღრმა წყლებს. გამრავლების პერიოდში გაბატონებულია 30 და 150 მ სიღრმეზე.[2] იკვებება თევზით, კიბოსნაირებით, მოლუსკებით, ზოგჯერ ზღვის წყალმცენარეებით. აკვაკულტურის პირობებში კვებავენ გრანულირებული საკვებით.[3]
დამახასიათებელია ოვალური სხეული, გვერდებიდან შებრტყელებული ტანი და თავის მკვეთრი პროფილი, თვალების ზემოთ გააჩნია მკაფიო მახვილი შვერილი. აქვს დიდი დაკბილული ქერცლი, თავი აგრეთვე ქერცლითაა დაფარული. ლაყუჩის სარქველი ქაცვის გარეშეა, წინასარქველის კიდე გლუვია. ქვედა პირი პატარაა. ყბები მხოლოდ ცოტათია წინ გამოშვერილი, ზედა ყბა რამდენადმე გრძელია. ორივე ყბაზე წინ 4–6 მაგარი კბილი აქვს, მათ მოსდევთ ბასრი, დაკლაკნილი კბილები, რომლებსაც მოსდევთ ორი რიგი საღეჭი კბილი. გრძელი, ზურგის გაუნაწილებელი ფარფლი, წარმოდგენილია 11 მჩხვლეტავი და 13–14 რბილი სხივით. ანალურ ფარფლში 3 მჩხვლეტავი და 11–12 რბილი სხივია. მკერდის ფარფლშია 1 მჩხვლეტავი სხივი და 5 რბილი სხივი. შეფერილობა მოვერცხლისფრო-ნაცრისფერია. ფარფლებს ვარდისფერი ელფერი დაჰკრავს. კუდის ფარფლი მუქი არშიით შუაშია, ხოლო ბოლოები თეთრია. ზურგის ფარფლის ბოლო სხივის საფუძველთან აქვს პატარა მოწითალო-მოყავისფრო ლაქები, რომლებიც ქრება თევზის სიკვდილის შემდეგ.[5][3]
პროპანდრიკული ჰერმაფროდიტია, ე.ი. ახალგაზრდა თევზი 1–2 წლის ასაკში (სიგრძით 20–30 სმ) მამალია, შემდეგ უფრო ზრდასრული თევზი გარდაიქმნება დედლად.[4] ტოფობს ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით.[3]
ოქროსფერი სპარუსის აკვაკულტურით ჯერ კიდევ ძველი რომაელები იყვნენ დაინტერესებულები, რისთვისაც ზღვის წყლით აშენებდნენ სპეციალურ აუზებსა და ტბორებს. თევზის ხელოვნური მოშენება ათვისებული იყო იტალიაში 1981–82 წლებში. 1988–89 წლებიდან დაწყებული დორადას მასშტაბურმა მოშენებამ მიიღო ფართო გავრცელება საბერძნეთში (49 %, 2002 წ. FAO-ს მონაცემებით), თურქეთში (15 %), ესპანეთში (14 %), იტალიაში (6 %) და ხმელთაშუა ზღვის სხვა ქვეყნებში.[5]
დორადას მოშენება ხორციელდება ლაგუნებში (ექსტენსიური და ნახევრადექსტენსიური მეთოდები), აუზებსა და მცურავი ოჩხებით (ინტენსიური მეთოდები). ზღვისპირა ხალხი დორადას მრავალი საუკუნეა რაც საკვებში იყენებს. მისი მომზადება შეიძლება აბსოლუტურად ნებისმიერი საშუალებით. ფასობს გემრიელი ხორცის გამო.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ნ. ნინუა, გ. ჯაფოშვილი, ვ. ბოჭორიშვილი, საქართველოს თევზები, თბილისი, 2013
- ↑ 2.0 2.1 Froese, Rainer and Pauly, Daniel, eds. (2010). „Sparus aurata“ in FishBase. October 2010 version.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 Mitchell Tonks. Fish: The Complete Fish & Seafood Companion. 2009
- ↑ 4.0 4.1 Васильева Е. Д. Рыбы Чёрного моря. М.: ВНИРО, 2007.
- ↑ 5.0 5.1 Sparus aurata. Cultured Aquatic Species Information Programme
- ↑ Gilt-head bream - Ideal for dinner