ოსმალეთის იმპერიის სტაგნაცია

ოსმალეთის იმპერიის სტაგნაცია (თურქ. Osmanlı İmparatorluğu Duraklama ve Reform Dönemi; 1683-1827) — პერიოდი ოსმალეთის იმპერიის ისტორიაში განვითარების შემდეგ, როდესაც შეფერხდა მისი განვითარება და დაიწყო დაცემის ხანა. რომელიც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება.

იმპერიის სტაგნაციის დაწყების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შიდა მმართველობის მოშლა, რომელიც ჯერ კიდევ მე-16 საუკუნის ბოლოდან იწყება, იანიჩარების მრავალი აჯანყება, სულთნების მუდმივი ცვლა და აბსოლუტური ანარქია. თავდაპირველად ეს ყველაფერი მის ტერიტორებს არ ეხებოდა, თუმცა, როდესაც მისმა მტრებმა იგრძნეს, რომ ოსმალეთი უკვე სუსტდებოდა და აღარ ჰყავდა აღარც ისეთი არმია, აღარც საათივით აწყობილი მმართველობა და აღარც ჭკვიანი სულთნები, მაშინვე გაერთიანდნენ მის საბოლოოდ გასანადგურებლად და ხშირად უტევდნენ მის არმიას.

ოსმალეთის ჯარი ძალიან იყო შესუსტებული. შედეგად, ომებს ხშირად მისი დამამცირებელი მარცხი მოჰყვებოდა-ხოლმე. ოსმალეთის საუბედოროდ მოძლიერდა რუსეთის სამეფო, (1721 წლიდან იმპერია) რომელმაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა ოსმალეთის სტაგნაციასა და მის საბოლოო დაშლაში. ისტორიას ახსოვს უამრავი რუსეთ-ოსმალეთის ომი, თუმცა მასში გამარჯვება ოსმალეთს ძალიან იშვიათად რჩებოდა. ომი ძირითადად ან რუსეთის აბსოლუტური გამარჯვებით სრულდებოდა, ანდა ოსმალეთისთვის საზიანო ზავით.

იშვიათად, მაგრამ ოსმალეთის იმპერიის სათავეში ზოგჯერ ჭკვიანი სულთნები აღმოჩნდებოდნენ-ხოლმე, მაგრამ არც მათ შეეძლოთ იმ დაღმასვლის შეჩერება, რომელსაც ოსმალეთი მტკივნეულად განიცდიდა. ასევე იცოდნენ საკუთარი არმიის სისუსტის შესახებ და უფრთხოდნენ ომს, თუმცა ხშირ შემთხვევაში იძულებულნი ხდებოდნენ ომი დაეწყოთ, ან მტრისგან თავი დაეცვათ და როგორც უკვე ვთქვი, ამ ომებში თითქმის ყოველთვის მარცხდებოდნენ.

იანიჩარები ძალიან დიდ ძალას ფლობდნენ იმპერიაში. თითქმის მათზე იყო დამოკიდებული ვინ იქნებოდა ოსმალეთის სულთანი. ისინი ძალიან ხშირად ხდებოდნენ ოსმალეთის ტერიტორიაზე არეულობის მიზეზი, მაგრამ ამასთან, იყვნენ ოსმალეთის არმიის დასაყრდენი ძალა და მისი მოსპობისგან სულთნები თავს იკავებდნენ, თუმცა მაჰმუდ II-მ მაინც მოსპო იანიჩართა კორპუსი და შედეგად ოსმალეთის არმია კიდევ უფრო დასუსტდა.

ოსმალეთის იმპერიამაც გაიზირა ის ბედი, რაც ძლევამოსილი იმპერიის დასასრულია-ხოლმე. არა ერთი მაგალითია ამისა მსოფლიო ისტორიაში. ყველა იმპერია იწყებს მცირედით, ვითარდება და შემდეგ ეწყება დაცემის ხანა, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი მისი რუქიდან გაქრობით. ამის ნათელი მაგალითია ბიზანტიის იმპერია.

სულეიმან II-დან მაჰმუდ I-მდე

რედაქტირება

სულეიმან II

რედაქტირება

1686 წელს, ჰაბსბურგებმა დაიწყეს სერბეთის ოკუფაცია, რომელიც 1691 წლამდე გაგრძელდა. სერბეთის ოკუპაციის დაწყების დროს ოსმალეთში იანიჩრების კიდევ ერთი აჯანყება მიმდინარეობდა. 1687 წელს მათ ტახტიდან ჩამოაგდეს მეჰმედ IV და მის მაგივრად აიყვანეს სულეიმან II. სულეიმანი თავისი მმართველობის ძირითად დროს ლოცვაში ატარებდა, რადგან იყო ძალიან მორწმუნე ადამიანი და ყურადღებას არ აქცევდა იმპერიაში შექმნილ სავალალო ვითარებას. მის მაგივრად ქვეყანას განაგებდნენ დიდი ვეზირები აბაზა სიავუშ-ფაშა (1687-1688), აიაშლი ისმაილ-ფაშა (1688), ბექრი მუსტაფა-ფაშა (1688-1689) და ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშა (1689–1691). სულთან სულეიმანი გარდაიცვალა 1691 წელს და ტახტი დარჩა მის ძმა აჰმედ II-ს.

 
სლანკამენის ბრძოლა

აჰმედ II-ის დროს გრძელდებოდა უშედეგო ომი წმინდა ლიგასთან. მისი მმართველობის დაწყებიდან ორი თვის შემდეგ ოსმალეთის არმია განადგურდა სლანკამენის ბრძოლაში ავსტრიის არმიასთან. ამ ბრძოლით დასრულდა სერბეთის ოთხწლიანი ოკუპაცია და ოსმალეთმა დაკარგა ბელგრადი. სულთან აჰმედი ძალიან ენდობოდა დიდ ვეზირ ქოფრიულიუ ფაზილ მუსტაფა-ფაშას და მას მიანდო ოსმალეთის ბედი, მაგრამ ის სწორედ ამ ბრძოლაში დაიღუპა. აჰმედის ხანმოკლე მმართველობა სრულიად მიმართული იყო ჰაბსბურგების წინააღმდეგ. რამაც კიდევ უფრო მეტად დაასუსტა ოსმალეთის ისედაც დასუსტებული არმია. სულთან აჰმედი გარდაიცვალა 1695 წელს და მის შემდეგ ტახტზე ავიდა მუსტაფა II.

მუსტაფა II

რედაქტირება
 
ზენტას ბრძოლა

მუსტაფა II-ის დროს გრძელედბოდა ომი ჰაბსბურგებთან, რომლებიც სათავეში ედგნენ ავსტრიას. ეს ომის ჯერ კიდევ 1683 წელს, მეჰმედ IV-ის მმართველობის პერიოდში იყო დაწყებული. ავსტრია-ოსმალეთის ეს ომის დასრულდა 1699 წელს, ზენტას ბრძოლით, რომელიც მდინარე ტისას აღმოსავლეთ მხარეს გაიმართა და გამარჯვება დარჩა ავსტრიას. დამარცხების შემდეგ, მუსტაფამ დადო კარლოვიცის ზავი, რომლითაც უნგრეთის დიდ ნაწილს სწორედ გამარჯვებული მხარე იღებდა. ეს იყო მისი რვაწლიანი მმართველობის ყველაზე მტკივნეული მომენტი. 1703 წელს, ოსმალეთში კიდევ აჯანყება დაიწყო და მისი მოთავე აჰმედ III იყო, რომელმაც ჩამოაგდო მუსტაფა ტახტიდან და თავად დაიკავა იგი.

1710 წელს, შვედეთის მეფის რჩევით, აჰმედ III-მ დაიწყო ომი რუსეთთან და მასთან ერთად იბრძოდა შვედეთის არმია. ბალთაჯი მეჰმედ-ფაშას მეთაურობით ოსმალეთისა და შვედეთის გაერთიანებულმა არმიამ მოიპოვა ბრწყინვალე გამარჯვება პრუტის ბრძოლაში. ეს გამარჯვება რუსეთ-ოსმალეთის ომების ერთ-ერთი იშვიათი მოვლენაა. ამ გამარჯვების შემდეგ რუსეთმა ოსმალეთს აზოვი დაუბრუნა. აჰმედი მშვიდად განაგრძობდა ქვეყნის მართვას 20 წლის განმავლობაში, თუმცა 1730 წელს დაიწყო აჯანყება, რომლის მოთავეც იყო პატრონა ჰალილა. აჯანყებულებმა ტახტიდან ჩამოაგდეს სულთან აჰმედი და მის მაგივრად აიყვანეს მუსტაფა II-ის ვაჟი მაჰმუდ I.

მაჰმუდ I-დან აბდულჰამიდ I-მდე

რედაქტირება

სულთან მაჰმუდის მმართველობის პირველ წლებში იმპერიას ძირითადად აჯანყების ლიდერები მართავდნენ. 1731 წლის ნოემბერში პატრონა ჰალილა მისი ბრძანებით სიკვდილით დასაჯეს. მაჰმუდ I-ის მმართველობის დროს ოსმალეთის არმიის ევროპული მოდერნიზაციის მცდელობა ფრანგი გრაფის დე ბონევალის მხრიდან იყო, რომელმაც უარი თქვა ქრისტიანობაზე და ისლამი მიიღო. თუმცა, ამ შემთხვევაშიც იანიჩრების წინააღმდეგობას წააწყდნენ და ეს გეგმა ჩაიშალა. მაჰმუდის მმართველობის დროს ოსმალეთი ებრძოდა ავსტრიას, ირანსა და უკვე იმპერიად ჩამოყალიბებულ რუსეთს. ირანთან ომი მარცხით დასრულდა, ავსტრიასთან ომში ოსმალებმა იმარჯვეს და დაიბრუნეს ბელგრადი, ჩრდილოეთ სირია და მცირე ვლახეთი. მაგრამ რუსეთის იმპერიასთან დამარცხდნენ და დათმეს 1710 წელს მიღებული აზოვი. მაჰმუდი გარდაიცვალა 1754 წელს. მის შემდეგ ტახტზე ავიდა ოსმან III.

სულთან ოსმანს საკმაოდ უცნაური ხასიათი ჰქონდა. ის ვერ იტანდა მუსიკას და მუსიკოსებს და სასახლიდან მათი გაძევება ბრძანა, ასევე ვერ იტანდა ქალებსა და ქალთა საზოგადოებას, მისი ფეხსაცმლის ხმის გაგონებაზე (ის სპეციალურად ატარებდა ლურსმნიან ფეხსაცმელებს) ქალები იმალებოდნენ, რათა სულთანს არ დაენახა და მისი განრისხება არ გამოეწვიათ. ის ასევე საოცარი სისწრაფით ცვლიდა დიდ ვეზირებს. სავარაუდოდ, მისი მიზანი იყო ხელში მათი ქონების ჩაგდება, რადგან დიდი ვეზირის გათავიუფლების შემდეგ, მათი ქონება სულთნის ხელში გადადიოდა. ოსმანი სამწლიანი მმართველობის შემდეგ, 1757 წელს, მოულოდნელად გარდაიცვალა. მის შემდეგ ტახტი ერგო მის ძმა მუსტაფას.

მუსტაფა III

რედაქტირება

მუსტაფა III იყო ჭკვიანი მმართველი და უნდოდა, რომ შეეჩერებინა ოსმალეთის დაცემის ხანა, რომელიც უკვე დიდი ხნის წინ იყო და ამ ყველაფერს რეფორმების გატარებით აპირებდა. თუმცა, ნებისმიერი რეფორმისა თუ ცვლილების მცდელობა იანიჩარების წინააღმდეგობას იწვევდა და სულთან მუსტადა იძულებული ხდებოდა, რომ უარი ეთქვა მასზე. მან 2 რეფორმის გატარება მოახერხა არმიაში იანიჩრების წინააღმდეგობის გარეშე. ამ რეფორმების გატარების რჩევა მან დასავლელი მრჩეველებისგან მიიღო. მან პარალელურად ბრძანება გასცა, რომ დაეარსებინათ მათემატიკისა და ზღვაოსნობის აკადემია. ის უფრთხოდა ომს, რადგან მისი არმიის სისუსტის შესახებ ყველაფერი იცოდა, მაგრამ იძულებული გახდა რუსეთისთვის ომი გამოეცხადებინა, რომელშიც სასტიკად დამარცხდა. ის გარდაიცვალა 1774 წელს და მისი ტახტის მემკვიდრე გახდა ძმა აბდულჰამიდ I.

აბდულჰამიდ I-დან დაკნინებამდე

რედაქტირება

აბდულჰამიდ I

რედაქტირება

სულთან აბდულჰამიდ I-ის დროს დასრულდა რუსეთ-ოსმალეთის ომი (1768-1774) და მისი ბოლო მოვლენა იყო ქუჩუქ-კაინარჯის საზავო ხელშეკრულება, რომლითაც ხელი შეეწყო შავ ზღვაზე ვაჭრობის განვითარებასა და რუსეთის პოზიციების გამყარებას. 1783 წელს, რუსეთმა ყირიმი დაიპყრო. ოსმალეთის იმპერია სათანადოდ მოემზადა ახალი ომის დასაწყებად, თუმცა მათთვისდა მოულოდნელად რუსეთის იმპერიას მხარი დაუჭირა ავსტრიამ. 1788 წელს რუსებმა ოჩაკოვი დაიპყრეს. აბდულჰამიდი გარდაიცვალა ოჩაკოვის დაკარგვიდან რამდენიმე თვეში. მის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე სელიმ III ავიდა.

სელიმი არის ოსმანების დინასტიის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი და კარგი მმართველი. ის ცდილობდა რეფორმების გატარებას და შეიმუშავა გარდაქმნის პროგრამა "ნიზამი ჯედიდ", რომელზე გარდაქმნაც სასულიერო დიდგვაროვნებს უკვე დაწყებული ჰქონდათ. თუმცა, როგორც კი დაიწყო ამ პროგრამის განხორციელება, იანიჩარებმა კიდევ ერთი აჯანყება დაიწყეს. მისი მოთავე იყო მუსტაფა-ფაშა ქაბაქჯი. 1807 წელს სულთან სელიმი გადააყენეს და მის მაგივრად ტახტზე აიყვანეს მუსტაფა IV.

მუსტაფა IV

რედაქტირება
 
ათონის ბრძოლა

მუსტაფა IV-მ დიდ ვეზირად აჯანყების მოთავე დანიშნა, რომელმაც ახალი ჯარები დაითხოვა და რეფორმის მომხრეები სიკვდილით დასაჯა. მუსტაფას მმართველობის დროს გრძელდებოდა რუსეთთან ომი. ათონის ბრძოლაში ოსმალეთის არმიამ დამამცირებელი მარცხი იგემა და სულთან მუსტაფა იძულებული გახდა დაედო ზავი, რომლის მიხედვითაც დუნაის სამთვრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რჩებოდა. 1808 წელს კიდევ ერთი აჯანყება დაიწყო. აჯანყებულების მიზანი იყო სელიმის ტახტზე დაბრუნება. აჯანყებულების შიშით, მუსტაფამ ბრძანება გასცა მოეკლათ სელიმ III და მისი უმცროსი ძმა შეჰზადე მაჰმუდი. სელიმი მოკლეს, მაგრამ მაჰმუდი ვერ იპოვეს. აჯანყებულებმა სასახლე აიღეს და ტახტზე აიყვანეს ის მაჰმუდი, რომლის პოვნაც ვერ შეძლეს სულთან მუსტაფას ქვეშევრდომებმა. მაჰმუდ II-ის მმართველობიდან იწყება ოსმალეთის დაკნინება.

სულთან მაჰმუდმა გაატარა რამდენიმე რეფორმა. მოსპო იანიჩართა კორპუსი და სამხედრო-ლენური სისტემა. მისი მმართველობის პერიოდში დაიდო ბუქარესტის ხელშეკრულება 1812 წელს და ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება 1829 წელს. 1827 წლიდან კი უკვე დაიწყო დაკნინება.

ასე დასრულდა ოსმალეთის სტაგნაცია. მის შემდეგ კი მოდის ოსმალეთის იმპერიის დაკნინება.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Finkel, Caroline. Osman's Dream: The Story of the Ottoman Empire, 1300–1923. (John Murray, 2005) excerpt and text search
  • Goodwin, Jason. Lords of the Horizons: A History of the Ottoman Empire (2003) excerpt and text search
  • Howard, Douglas A. "Ottoman Historiography and the Literature of 'Decline' of the Sixteenth and Seventeenth Centuries." Journal of Asian History (1988): 52-77. in JSTOR
  • McCarthy, Justin. The Ottoman Turks: An Introductory History to 1923 (1997) Questia.com, online edition
  • Palmer, Alan. The Decline and Fall of the Ottoman Empire (1992)
  • Quataert, Donald. The Ottoman Empire, 1700–1922 (2005), standard scholarly survey excerpt and text search
  • Rifa'at 'Ali Abou-El-Haj, Formation of the Modern State: The Ottoman Empire, Sixteenth to Eighteenth Centuries (Syracuse University Press, 2005) argues against the decline theory.
  • Shaw, Stanford J., and Ezel Kural Shaw. History of the Ottoman Empire and Modern Turkey. Vol. 1, 1977.
  • Sicker, Martin. The Islamic World in Ascendancy: From the Arab Conquests to the Siege of Vienna (Praeger Publishers, 20000 online დაარქივებული 2015-01-14 საიტზე Wayback Machine.
  • Sicker, Martin. The Islamic World in Decline: From the Treaty of Karlowitz to the Disintegration of the Ottoman Empire (Praeger, 2001) online დაარქივებული 2015-01-14 საიტზე Wayback Machine.
  • Somel, Selcuk Aksin. Historical Dictionary of the Ottoman Empire. (2003). 399 pp.