ატენის ციხე

(გადამისამართდა გვერდიდან ორბელიანის ციხე)

ატენის ციხე, საცივის ციხე, ორბელიანის ციხე – X-XI საუკუნეების ციხესიმაგრე ატენის ხეობაში (გორის მუნიციპალიტეტი). აგებულია მაღალ კლდეზე, რომელსაც ცალ მხრით საცივისხევი ჩამოუდის, მეორე მხრით - აბანოსხევი. იგი ძნელად მისადგომია, ზომით კი დიდი არ არის. კედლები მაღალი და მტკიცე ჰქონია. ციხის ქვედა ნაწილში საკმაოდ მოზრდილი წყალსაცავები ყოფილა მოწყობილი. წყალი თიხის მილებით ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ხევიდან მოედინებოდა.

ატენის ციხე

ატენის ციხე ნაგებია ნატეხი ქვით. იგი ძლიერ დაზიანდა მიწისძვრის დროს (1920). მისი გეგმის და მასების თავდაპირველი სახით დადგენა შეუძლებელია. ნაგებობა (38,4 X 17,2 მ) ძირითადად ორი მონაკვეთისგან შედგება. ჩრდილოეთის მონაკვეთი შედარებით პატარაა. დიდი და მთავარი მონაკვეთი მდებარეობს სამხრეთით. შესასვლელი ჩრდილოეთითაა. ბურჯებით გამაგრებული გალავნის შიგნით მეციხოვნეთა სადგომები, წყალსაცავი და სხვა ნაგებობებია.

X საუკუნეში ატენის ციხე კლდეკარის ძლიერ ერისთავებს ეკუთვნოდა. რატი ერისთავთერისთავმა საქართველოს გაერთიანებისათვის მებრძოლ ბაგრატ III-ს საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ ბოლოს იძულებული გახდა ციხე მეფისათვის გადაეცა. შემდეგ წლებში, როგორც ეტყობა, ციხე ქართველ მეფეთა საკუთრება იყო.

XI საუკუნის შუა ხანებში ბაგრატ IV-ს ბრძოლა უხდებოდა ხან გარეშე მტრებთან და ხან განდგომილ ფეოდალებთან. განსაკუთრებით ხანგრძლივი ბრძოლა ჰქონდა მას კლდეკარის ერისთავ ლიპარიტთან. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ლიპარიტმა ბიზანტიელებისა და კახელების დახმარებით სცადა ატენის ციხის აღება, მაგრამ ვერაფერს გახდა. მოკავშირეებს იმედი ჰქონდათ, რომ მეციხოვნეები მათ მხარეზე გადმოვიდოდნენ, მაგრამ ასე არ მოხდა. ძალით კი ციხე ვერ აიღეს.

ატენის ციხის აუღებლობის შესახებ მემატიანეები ცნობებს გვაწვდიან უფრო მოგვიანებითაც.

XVI საუკუნის დასაწყისში ქართლში მეფობდა სუსტი ნებისყოფის დავით X. მას არაერთხელ დაესხა თავს დიდი ჯარით კახეთის მეფე, მამის მკვლელი ავ-გიორგი. ერთხელ მან დავითი ატენის ციხეში შეიმწყვდია. ბრძოლა რამდენიმე დღეს გაგრძელდა, მაგრამ ციხის აღება შეუძლებელი გახდა. ბოლოს ავ-გიორგი იძულებული შეიქნა გასცლოდა ციხეს და ნაძარცვით შინ გაბრუნებულიყო.

იმავე საუკუნის ერთ ასეთ ტრაგედიას გადმოგვცემს ისტორიკოსი ბერი ეგნატაშვილი. ლუარსაბ მეფე მთელი თავისი სიცოცხლის განმავლობაში თავგანწირვით იბრძოდა ოსმალ და ირანელ დამპყრობთა წინააღმდეგ. ყველაზე მეტად გაძნელდა შაჰ-თამაზთან ბრძოლა. განსაკუთრებით სასტიკი იყო მისი მეოთხე ლაშქრობა 1554 წელს. ამჯერად მან ატენის ხეობასაც შეუტია. წედისის ციხე ძალით აიღო, ვერეს ციხე კი უბრძოლველად დანებდა. ამის შემდეგ ჯერი ატენის ციხეზე მიდგა. აქ თავს აფარებდნენ მეფის დედა და სხვა თავადთა ოჯახის წევრები. მიუხედავად ალყისა, შეუპოვარი ბრძოლისა და მრავალი მსხვერპლისა, ციხის აღება გაძნელდა. საქმე ის იყო, რომ ციხე ისეთ მოხერხებულ ადგილზე იდგა და კედლებიც ისეთი მაგარი ჰქონდა, რომ ვერსაიდან ხვრელი ვერ გაუკეთდებოდა; ვერც სანგრევი მანქანები მიუყენეს და თოფის სროლაც გაუძნელდათ.

ასეთი გამოუვალი მდგომარეობიდან მტერმა გამოსავალი მოძებნა. დაიჭირეს მეფის დედის ფარეში, ვინმე კავთისხეველი ბეთიაშვილი და აიძულეს გაეთქვა ციხის საიდუმლოება. უვნებლობის ფიცის მიცემის შემდეგ, გამცემმა მოუთხრო. „ჭის წყალი დალევიათო და ჩრდილოეთისკენ მომცრო წყალი ჩამოუდისო და იმ წყაროს მისაპარავი გზა აქვსო, გასწავლიო და ის დაუჭირეთო და ღონე გაუწყდებისო, და ციხეს მოგცემენო“. ყიზილბაშებმა დარიგება შეასრულეს, წყალსადენი გადაუკეტეს, უწყლოობამ მეტად შეაწუხა ციხის მცველები, მშველელიც არსაიდან ჩანდა. ღონემიხდილნი შეაწყდნენ მტერს. ციხე დაეცა.

ძლიერი, თითქმის გამანადგურებელი დარტყმა მიიღო ატენის ციხემ XVII საუკუნის ორმოციან წლებში. როსტომ ქართლის მეფეს აუჯანყდნენ მეფე თეიმურაზის მომხრე თავადები. შეთქმულთა ჯგუფში იყვნენ ისეთი ძლიერი ფეოდალები, როგორიც იყო ზაალ არაგვის ერისთავი, იოთამ ამილახვარი, ნოდარ ციციშვილი, გიორგი გოჩაშვილი და თვით კათალიკოსი ევდემოზ დიასამიძე. როსტომ მეფე სწრაფად მოქმედებდა. მან შეკრიბა ჯარი და გაემართა ციციშვილისაკენ. მეფის მოახლოება რომ გაიგო, ნოდარმა გაცლა ამჯობინა. მეფე უკან დაედევნა. ნოდართან მყოფი ძმები ჩხეიძეები შეებნენ მეფეს და შეაკვდნენ, ნოდარი კი ატენის ციხეში შეიკეტა. მეფე მოადგა ციხეს. ნოდარი აქაც ვერ გამაგრდა და ზემო ქართლში, საათაბაგოში გადავიდა. როსტომმა 1642 წელს აიღო ციხე და გაანადგურა იგი. შემდეგში მეფე დანარჩენ განდგომილებსაც მისწვდა. კათალიკოსი შეიპყრო, ქალაქის ციხეში გააგზავნა და შემდეგ იქვე დაახრჩობინა. გოჩაშვილს თვალები დასთხარა. ზოგს მამული წაართვა, ზოგი ქვეყნიდან გააძევა. კარგად სწერს მემატიანე იოთამ ამილახორზე: იოთამი არ დასაჯაო მეფემ იმიტომ, რომ იგი „საითკენაც დრო დაიხელის, იქითკენ იყვისო“.

როგორც ეტყობა, როსტომს ატენის ციხე ძალზე დაუნგრევია. შემდეგში მას დიდი მეპატრონე აღარც ჰყოლია. მართალია, მომდევნო საუკუნეებში იგი მაინც იხსენიება, მაგრამ თვალსაჩინო ციხე უკვე აღარაა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 243.
  • ზაქარაია პ., საქართველოს ძველი ციხესიმაგრეები, თბ., 1988, გვ., 65-67
  • ზაქარაია პ., ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVI ს. ბოლომდე, თბ., 2002, გვ. 158-161
  • მაკალათია ს., ატენის ხეობა, თბ., 1957, გვ., 16-18

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება