ზაალ არაგვის ერისთავი

ზაალ არაგვის ერისთავი (გ. 13 მაისი, 1660) — არაგვის ერისთავი 1633–1660 წლებში.

ნუგზარ არაგვის ერისთავის ძე. ერისთავად დაჯდა ძმის — დათუნას სიკვდილის შემდეგ. როსტომსა და თეიმურაზ I-ს შორის სამეფო ტახტისთვის ბრძოლაში თავდაპირველად თეიმურაზის მხარეზე იყო, დაუკავშირდა იესე ქსნის ერისთავს, ქართლის სხვა თავადებს და მათ იმერეთში გახიზნული თეიმურაზი მეფედ მოიწვიეს. 1648 წელს, თეიმურაზის კახეთიდან განდევნის შემდეგ, ზაალმა და სხვა დიდებულებმა როსტომს შერიგება სთხოვეს. მეფე დათანხმდა იმ პირობით, თუ ზაალი ირანის შაჰს ეახლებოდა; შაჰმა ზაალი დიდი პატივით მიიღო: 500 თუმანი, ხალათი, ოქროთი შეკაზმული ცხენი, 15 სოფელი (ყაზვინთან ახლოს) უბოძა და სამშობლოში დააბრუნა. ზაალმა ერწო-თიანეთიც დაისაკუთრა.

როსტომის გარდაცვალების (1658) შემდეგ, მისი მემკვიდრე ვახტანგ V ზაალმა მეფედ არ ცნო. კონფლიქტის გადაჭრის მიზნით შაჰმა ზაალი თავისთან დაიბარა. ერისთავმა, თავის ამალასთან ერთად, მაჰმადიანობა მიიღო და დიდი პატივითა და საჩუქრებით სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ მშვიდობა მალე დაირღვა. ზაალი ირანელთა ბატონობის წინააღმდეგ კახეთის აჯანყების (1659/1660) ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ვახტანგმა მოახერხა ზაალის ძმისწულებისა და დისწულების გადაბირება, რომლებმაც საკუთარი ბიძა დუშეთში მოკლეს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
  • კაკაბაძე ს., საქართველოს ისტორია. ახალი საუკუნეების ეპოქა (1500–1810), ტფ., 1922; საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1972.