წედისის ციხე
წედისის ციხე – ციხესიმაგრე შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილოეთით, კლდოვანი მთის თხემზე. აგებულია არაუგვიანეს X საუკუნისა. შედიოდა მდინარე ტანის ხეობაში განლაგებული ციხეების სისტემაში.
ციხე გეგმით ტრაპეციის მსგავსია, მისი გალავანი მიჰყვება მთის ფერდს. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. აქა-იქ შემორჩენილია 4-5 მეტრის სიმაღლის კედლები (სისქე ორ მეტრამდე). ციხის აღმოსავლეთ მონაკვეთის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დიდ ბურჯს, რომელიც რამდენიმე სართულიანი უნდა ყოფილიყო. ციხის შიგნით, მის დასავლეთ მონაკვეთში, დგას გადაკეთებული სასახლე, რომელიც ორ ან სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. სასახლეს კარი სამხრეთით პირველ სართულზე აქვს. იგი გარედან არქიტრავითაა გადახურული, შიგნით ტიმპანიანია.
ციხის ცენტრში დგას გვიანდელი ფეოდალური ხანის დარბაზული ეკლესია, რომლის კედლები წყობით ჰგავს ციხის კედლებს, მაგრამ უფრო დაუდევრად არის ნაგები.
2020 წლის 23 ივლისს საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია[1].
ლიტერატურა
რედაქტირება- ზაქარაია პ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 54.