ნორვეგიის ოპერაცია

(გადამისამართდა გვერდიდან ოპერაცია "ვეზერიუბუნგი")
ვეზერიუბუნგის ოპერაცია
მეორე მსოფლიო ომის ნაწილი
თარიღი 9 აპრილი – 10 ივნისი 1940
მდებარეობა ნორვეგია, დანია
შედეგი გერმანიის გამარჯვება
მხარეები
გერმანია ნორვეგიის დროშა ნორვეგია,
დანიის დროშა დანია
დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი,
პოლონეთის დევნილი მთავრობა
მეთაურები
ნიკოლაუს ფონ ფალკენჰორსტი ოტო რუგე
დანაკარგები
1300 მოკლული,
2000–ზე მეტი უგზო უკვლოდ დაკარგული,
1600–მდე დაჭრილი
5000–ზე ნაკლები
ნორვეგიის ოპერაცია ვიკისაწყობში

ვეზერიუბუნგის ოპერაცია ან ნორვეგიის ოპერაცია (გერმ.Weserübung წვრთნა ვეზერზე) – ნაცისტური გერმანიის მიერ დანიასა (გერმ.Weserübung-Süd) და ნორვეგიაზე (გერმ. Weserübung-Nord) თავდასხმის გეგმის კოდური სახელწოდება მეორე მსოფლიო ომში. გერმანელებმა ოპერაცია დაიწყეს 1940 წლის 9 აპრილს, რასაც ნორვეგიისა და დანიის სრული ოკუპაცია მოჰყვა.

1940 წლის 9 აპრილის (ვეზერტაგი - ვეზერის დღე) გარიჟრაჟზე გერმანია თავს დაესხა დანიასა და ნორვეგიას, რაც პრევენციული მანევრი იყო ფრანკო-ბრიტანეთის მიერ დასახული ღია გეგმისა ამ ორი ქვეყნის ოკუპაციის შესახებ. თავდასხმის შემდეგ გერმანიის მთავრობის წარმომადგენლებმა დანიისა და ნორვეგიის მთავრობებს შეატყობინეს, რომ ვერმახტი მოსული იყო ამ ქვეყნების ფრანკ-ბრიტანეთის აგრესიის წინააღმდეგ ნეიტრალიტეტის დასაცავად. ამ ორი ქვეყნის გეოგრაფიას, მდებარეობასა და კლიმატს შორის მნიშვნელოვანი განსხვავების გამო სამხედრო ოპერაციები ამ ქვეყნებში ერთმანეთისგან განსხვავებით წარმოებდა.

ოპერაციის მომზადების წინაპირობები

რედაქტირება

სკანდინავიას გერმანიის ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. გერმანიას იმპორტის სახით ყოველწლიურად შემოჰქონდა 15 მლნ. ტონა რკინის მადანი, მის უდიდეს ნაწილს კი შვედური ნაწარმი შეადგენდა.[1] მადნის ტრანსპორტირება ხდებოდა ბალტიის ზღვის გავლით, რომელიც გერმანიას საიმედოდ ჰქონდა დაცული. თუმცა, რადგანაც ეს ზღვა ზამთრის დადგომისთანავე იყინება, ამიტომაც მადანი რკინიგზის მეშვეობით გადაჰქონდათ ნორვეგიის საპორტო ქალაქ ნარვიკში, აქედან კი ის გერმანიაში იგზავნებოდა.

 
რუკაზე ნაჩევნებია სარკინიგზო გზა, რომლითაც შვედური რკინა ნარვიკში იგზავნებოდა

გერმანიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ის იყო, რომ მას არ გააჩნდა ფართო პირდაპირი გასასვლელი მსოფლიო ოკეანეში, რაც მას ძვირად დაუჯდა პირველ მსოფლიო ომში, როდესაც ის ინგლისმა საზღვაო ბლოკადაში მოაქცია. ამიტომაც გერმანიის სამხედრო–საზღვაო ძალების მეთაურობაში გაჩნდა ნორვეგიის პორტების, განსაკუთრებით კი ნარვიკის და ტრონჰეიმის დაუფლების იდეა, ხოლო ზოგიერთი მათგანი მიუთითებდა, რომ არახელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობის გადაჭრა შესაძლებელი იყო ნორვეგიის და საფრანგეთის სანაპიროებზე საზღვაო ბაზების განთავსებით.[2] 1936 წლის 10 ოქტომბერს გერმანიის სამხედრო–საზღვაო ძალების მეთაურმა გროს–ადმირალმა ერიხ რედერმა რაიხსკანცლერ ადოლფ ჰიტლერს თვალწინ გადაუშალა ის არასახარბიელო მდგომარეობა, რაც შეიქმნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ინგლისი ნორვეგიას და შვედეთს დაიკავებდა. ამ შემთხვევაში კი, შესაძლებელი იყო შვედეთს, ინგლისის ზეწოლის შედეგად, შეეწყვიტა გერმანიის რკინის მადნით მომარაგება.[3]

თუმცა, იყვნენ ისეთებიც, ვინც ნორვეგიის დაკავებას გერმანიისთვის არახელსაყრელად მიიჩნევდნენ. მათი მითითებით, ამ შემთხვევაში გერმანიას მოუწევდა ნორვეგიის სანაპიროს გაკონტროლება, რაც გერმანიისაზე სიგრძით ორნახევარჯერ მეტი იყო, ხოლო მისი ოკუპაცია საჭირო არ იყო იმ პირობებში, როდესაც ნორვეგია ნეიტრალური იყო.

როგორც ჩანს, ჰიტლერი თავს შეიკავებდა ნორვეგიის დაპყრობაზე, რომ არა 1939 წლის ნოემბერში დაწყებული სსრკ-ფინეთის ომი. საფრანგეთი და ინგლისი არ აპირებდენ ამ ომისგან განზე დგომას. მათ ფინეთისთვის დახმარების გაწევა გადაწყვიტეს. ამის განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ ნორვეგიის და შვედეთის გავლით. იქმნებოდა საფრთხე, რომ ინგლისელები დაიკავებდნენ ნორვეგიულ აეროდრომებს და გერმანიას შეუწყდებოდა რკინის მადნის მიწოდება.

თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად რედერმა ფიურერს წარუდგინა ვიდკუნ კვისლინგი, ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი 1931–1933 წლებში. 1933 წელს მან შექმნა ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი პარტია სახელწოდებით „ნაციონალური საბჭო“, თუმცა, ის ნორვეგიაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობდა.[4]

ქუისლინგმა ჰიტლერს წარუდგინა სახელმწიფო გადატრიალების საკუთარი გეგმა, რომლის თანახმად, ისინი დაასწრებდნენ ინგლისს საკუთარი მიზნების განხორციელებას. კვისლინგის თქმით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ბრიტანელები აპირებდნენ ნორვეგიის პორტების გამოყენებას, გადატრიალების შემდეგ კი მათი ეს გეგმები ჩაიშლებოდა. მხარეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ გადატრიალების შემდეგ ნორვეგია ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა დარჩენილიყო. ჰიტლერმა ფულადი დახმარება აღუთქვა ქუისლინგს.

1940 წლის 27 იანვარს ჰიტლერმა უბრძანა სამხედრო საბჭოს მოემზადებინათ ნორვეგიაში შეჭრის დეტალური გეგმა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდნენ.

საზღვაო ინციდენტი

რედაქტირება

ნორვეგიაში შეჭრას სტიმული მისცა საზღვაო ინცინდენტმა. ინგლისელებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გერმანულ ხომალდ „ალტმარკზე“ იმყოფებოდა სამასამდე ინგლისელი ტყვე. ამიტომაც ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რათა აღმოეჩინათ „ალტმარკი“. ორთვიანი ძებნის შემდეგ მათ ის ნორვეგიის ტერიტორიულ წყლებში შეამჩნიეს და დაადევნეს თავიანთი საესკადრო ნაღმოსანი „კოსაკი“, რის შემდეგადაც მოწინააღმდეგის გემი აბორდაჟზე აიყვანეს.

 
გერმანელ დაღუპულებს მიასვენებენ დასაკრძალად „ალტმარკის“ ინციდენტის შემდეგ

გერმანული ეკიპაჟის წევრები ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ დანებდნენ. აღმოჩნდა, რომ გერმანელები ტყვეებს კასრებში მალავდნენ და ამიტომაც მათი აღმოჩენა შეუძლებელი გახდა ნორვეგიელებისთვის, რის შემდეგ მათ ალტმარკი საკუთარ ტერიტორიულ წყლებში უპრობლემოდ შემოუშვეს. ნორვეგიის ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა ინგლისელთა ქმედებაზე, თუმცა ბრიტანეთის პრემიერ–მინისტრმა ნევილ ჩემბერლენმა საპასუხოდ აღნიშნა, რომ ნორვეგიამ თავად დაარღვია საერთაშორისო კანონი, რადგანაც ნება დართო გერმანიას გამოეყენებინა თავისი ტერიტორიული წყლები ინგლისელი სამხედრო ტყვეების გერმანიის ციხეში გადასაყვანად.

„ვეზერიუბუნგის“ მომზადება

რედაქტირება

ჰიტლერი ამ ინცინდენტმა საბოლოოს დაარწმუნა იმაში, რომ ნორვეგიელები სერიოზულ წინააღმდეგობას ბრიტანულ ძალებს მის ტერიტორიაზე შეჭრის შემთხვევაში არ გაუწევდნენ. მას ქუისლინგმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ „კოსაკის“ ნორვეგიის ტერიტორიულ წყლებში გამოჩენა ადრე მომზადებული აქტი იყო.[5] აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ნორვეგიის ოკუპაციის გეგმის მომზადება კიდევ უფრო დააჩქარა ქუისლინგის პარტიის სისუსტემ.

ჰიტლერმა ნორვეგიაში შეჭრის გეგმას „ვეზერიუბუნგი“ უწოდა. ოპერაციის მთავარსარდლად დაინიშნა ნიკოლაუს ფონ ფალკენჰორსტი. მისი გეგმით, ნორვეგიის დაპყრობა უნდა მომხდარიყო სამივე სახის შეიარაღებული ძალების ერთობლივი ოპერაციით. ქვეყნის რთული რელიეფის გამო უპირატესობა მიენიჭა ცალკეული საბრძოლო დაჯგუფების დანაწევრებულ მოქმედებას, რომლის დროსაც მათ უნდა დაეკავებინათ გერმანიის უმთავრესი პორტები. ამის შემდეგ კი მათ არ გაუჭირდებოდათ ქვეყნის გაკონტროლება.[5]

ერთი კვირის შემდეგ ფალკენჰორსტმა ჰიტლერს წარუდგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ნორვეგიასთან ერთად დანიის ოკუპაციაც უნდა მომხდარიყო. ამით ისინი განამტკიცებდნენ ბალტიის ზღვის ბლოკადას. ამასთან ერთად, დანიელების აეროდრომები გერმანიას მისცემდა საშუალებას, აღმოეჩინათ უფრო ეფექტიანი დახმარება თავიანთი ჯარებისთვის ნორვეგიაში.

„ვეზერიუბუნგის“ დირექტივაში აღნიშნული იყო, რომ მოვლენათა განვითარება მოითხოვდა ნორვეგიისა და დანიის ოკუპაციას, რათა აღეკვეთათ ინგლისელების მცდელობა შეჭრილიყვნენ სკანდინავიასა და ბალტიის ზღვის რაიონში ოპერაციისთვის უნდა გამოყოფილიყო არცთუ მრავალრიცხოვანი ძალები. მას „მშვიდობიანი დაპყრობის“ ხასიათი უნდა ჰქონოდა და მიზნად ისახავდა სკანდინავიის ქვეყნების ნეიტრალიტეტის შეიარაღებულ დაცვას.[5] მესამე პუნქტის თანახმად, დანიის საზღვრის გადალახვა და ნორვეგიაში დესანტის გადასხმა ერთდროულად უნდა მომხდარიყო. შეიარაღებულ ძალებს ოპერაციის შესახებ უნდა გაეგოთ მხოლოდ ზღვაში გასვლის შემდეგ.[5]

ამავე დროს, გერმანელებმა ზუსტად გადაწყვიტეს ოპერაციების „ვეზერიუბუნგისა“ და „ყვითელის“ (ბელგიისა და ნიდერლანდების დაპყრობის გერმანული გეგმა) ჩატარების ვადები. ჯერ უნდა ჩატარებულიყო ნორვეგიის ოპერაცია, ხოლო შემდეგ, როდესაც მოკავშირეები შეეცდებოდნენ გერმანიის დახმარებას, ოპერაცია ყვითელიც უნდა დაწყებულიყო. 1940 წლის 1 მარტს ჰიტლერმა დაამტკიცა ოპერაციის დაწყების გეგმა, ხოლო 27 მარტს უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობას უბრძანა, რომ ოპერაცია დაეწყოთ 9 ან 10 აპრილს.

საფრანგეთისა და ინგლისის ინტერესები სკანდინავიის მიმართ II მსოფლიო ომის საწყის ეტაპზე

რედაქტირება

საფრანგეთსა და ინგლისს სურდათ რკინის მადნის ნარვიკიდან გერმანიაში გადაადგილების ბლოკირება. ამით ისინი აპირებდნენ გერმანიის სამხედრო–სამრეწველო პოტენციალის დაქვეითებას. ამიტომაც ინგლისის ადმირალიტეტის პირველი ლორდის უინსტონ ჩერჩილის ინიციატივით ინგლისში შეიქმნა პროექტი, რომლის მიხედვითაც მათ უნდა დაენაღმათ ნორვეგიის ტერიტორიული წყლები.[6] ამ გეგმის განხილვა თვით ინგლისურ პრესაში დაიწყო, რამაც გერმანიის საპასუხო შეშფოთება გამოიწვია და უბიძგა მას იმისაკენ, რომ მიეღო საპასუხო ზომები.

დიდი მნიშვნელობა შეიძინა ნორვეგიის საკითხმა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირ–ფინეთის ომი დაიწყო. მოკავშირეებმა გადაწყვიტეს ფინეთისთვის დახმარება აღმოეჩინათ, ეს კი ნორვეგიისა და შვედეთის ნეიტრალიტეტის დარღვევას ნიშნავდა. მიუხედავად ამისა, ნორვეგიელებს უკან არ დაუხევიათ. 1940 წლის 2–3 იანვარს დიდი ბრიტანეთის სამხედრო კაბინეტის სხდომაზე განიხილეს სკანდინავიის ჩრდილოეთ ნაწილის შესაძლო ინტერვენციის საკითხი. ამრიგად, მოკავშირეები ფინეთისთვის დახმარების აღმოჩენით შენიღბავდნენ თავიანთ ძირითად მიზანს.

1940 წლის 5 თებერვალს პარიზში შეიკრიბა მოკავშირეთა უმაღლესი სამხედრო საბჭო, სადაც მიიღეს გეგმა ფინეთის დახმარების შესახებ, რომელშიც შედიოდა ორი ინგლისური დივიზია და შედარებით ნაკლები ფრანგული კონტინგენტი. ინგლისელთა დაჟინებული მოთხოვნით, მოკავშირეთა გადასხმა უნდა მომხდარიყო ნარვიკში, რითაც გერმანიას არ მისცემდნენ საშუალებას ამ პორტიდან რკინის მადანი მიეღო. ის, რომ მათი უმთავრესი ეს იყო და არა ფინეთისთვის დახმარების აღმოჩენა, ნათლად ამტკიცებს საბჭოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც ფინეთის დასახმარებლად გადასხმული დესანტის მხოლოდ ნაწილი იქნებოდა გაგზავნილი ამ ქვეყანაში, დანარჩენი კი ნარვიკის გერმანიისგან ბლოკირებას მოახდენდა. საფრანგეთის ხელისუფლება სკანდინავიის საკითხი აინტერესებდა იმდენად, რამდენადაც ის ფიქრობდა, რომ აქ გაეხსნა მეორე ფრონტი გერმანიის წინააღმდეგ, რითაც შეფერხდებოდა გერმანიის იმ დროისათვის მოსალოდნელი თავდასხმა დასავლეთზე, რადგანაც სკანდინავიაში საბრძოლო მოქმედებები გამოიწვევდა გერმანიის სამხედრო ნაწილების გადასროლას ამ მიმართულებით.

მოკავშირეთა, განსაკუთრებით საფრანგეთის ყოყმანის გამო დათქმული ოპერაცია ვერ განხორციელდა. ამასობაში კი 1940 წლის 12 მარტს საბჭოთა კავშირმა და ფინეთმა ხელი მოაწერეს საზავო ხელშეკრულებას, ამიტომ გადაიდო ნორვეგიაში შეჭრის გეგმა. ჩერჩილმა უმაღლესი სამხედრო საბჭოს სხდომაზე წამოაყენა რაინის დანაღმვის გეგმა, რომელიც მოგვიანებით საფრანგეთმა უარყო გერმანელთა გაღიზიანების შიშით.

ნორვეგიაში შეჭრის ოპერაციამ მიიძრო კოდური სახელწოდება უილფრედი. მისი განხორციელება დაგეგმილი იყო 5 აპრილისთვის, თუმცა,შემდგომში ის გადაიდო რამდენიმე დღით. ეს კი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ გერმანიას მოკავშირეებისთვის დაესწრო საკუთარო გეგმის განხორციელება.

ოპერაციის დაწყება

რედაქტირება

ოპერაცია დაიგეგმა ისეთნაირად, რომ დესანტის გადასხმის შემდეგ გემები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნებულიყვნენ ბაზებში. მასში ჩაება 2 სახაზო გემი, 7 კრეისერი, 14 საესკადრო ნაღმოსანი, 8 ნაღმოსანი და დიდი რაოდენობით პატარა გემი. ეს ძალები ექვს ჯგუფად იყო გაყოფილიდა მათი მოვალეობაში შედიოდა ერთი პორტის და მისი მიმდებარე რაიონის დაუფლება. დანიის დასაპყრობად კი ოთხი ჯგუფი გამოიყო. გერმანიის ფლოტის სისუსტის გამო ბრძოლის სიმძიმე ავიაციის მხრებზე გადადიოდა. ოპერაციის წარმატებით ჩატარება დამოკიდებული იყო ნორვეგიის პორტების სწრაფ დაკავებაზე.[7]

დანიის ოკუპაცია

რედაქტირება
 
დანიელი ჯარისკაცები გერმანელების თავდასხმის დღეს. ორი მათგანი საბრძოლო შეტაკების დროს მოკლეს

იმისათვის, რომ სკანდინავიის ქვეყნების დაკავებას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონოდა, 9 აპრილს გერმანიის ელჩმა დანიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე ერთი საათით ადრე მიიღო ბრძანება, რომ გადაეცა ნოტა დანიის ხელისუფლებისთვის, სადაც იყო მოწოდება, რომ დანიელებს არ გაეწიათ წინააღმდეგობა. იგივე მოწოდება იმავდროულად ნორვეგიის ხელისუფლებასაც გადასცეს.

დანიაში გერმანელებისთვის წინააღმდეგობა არც კი გაუწევიათ. ერთადერთი, არმიის სარდალი გამოთქვამდა მზადყოფნას საბრძოლო მოქმედებებისთვის. მეფე ქრიატიან X-მ, მიუხედავად წინა დღის უტყუარი ცნობებისა, რომ გერმანიის სამხედრო აქტივობა შეინიშნებოდა, უარი თქვა მობილიზაციაზე. რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დანიის ფლოტს არ მოუხდენია ერთი გასროლაც კი. მხოლოდ რამდენიმე შეტაკება მოხდა კოპენჰაგენში. დანიის შეიარაღებული ძალების დანაკარგი შეადგენდა 13 მოკლულ და 20 დაჭრილ ჯარისკაცს, ხოლო გერმანელებისა დაახლოებით 20 მოკლულს. 9 აპრილის დილის 9 საათზე დანიის სახელმწიფო რადიოსადგურმა გაავრცელა მეფე ქრისტიანის მიმართვა, სადაც ის მოუწოდება თანამემამულეებს არ გაეწიათ წინააღმდეგობა და შეენარჩუნებინათ სიმშვიდე. ერთი საათის შემდეგ კი დემობილიზაცია დაიწყო. საღამოსთვის გერმანელებმა დაიკავეს თითქმის მთელი იუტლანდიის ნახევარკუნძული და დანიის კუთვნილი კუნძულების უმრავლესობა. ასეთი წარმატება მოულოდნელი იყო გერმანელთათვისაც. ქვეითი დივიზიის ნაწილები, რომლებიც დანიაში უნდა გადაესხათ, გაგზავნეს ნორვეგიაში, რადგან მისი გამოყენება არ დასჭირდათ.[8]

ნორვეგიის ოკუპაცია

რედაქტირება

9 აპრილს, გამთენიისას, ნორვეგიის ხელისუფლებას შემეგი შინაარსის მემორანდუმის მოსმენა მოუწია: გერმანიის ხელისუფლება არ იყო სამტროდ მოსული, გერმანელთა სამხედრო ოპერაციები მიმართული იყო ნორვეგიის ბაზების ინგლისურ–ფრანგული ძალების მოსალოდნელი ოკუპაციისაგან დაცვისკენ. გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ისინი არც მაშინ და არც მომავალში დაარღვევდნენ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, სამაგიეროდ, ელოდნენ, რომ ნორვეგია არ გაწევდა უაზრო წინააღმდეგობას, რაც მხოლოდ უაზრო სისხლისღვრას გამოიწვევდა.[5]

 
გერმანული სამხედრო შენაერთები ოსლოში, 1940

ნორვეგიის ხელისუფლებამ წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტა, რომელიც გაცილებით ძლიერი იყო, ვიდრე დანიაში. 9 აპრილს გერმანელებმა ნარვიკი ადვილად აიღეს, რადგან ადგილობრივი გარნიზონის მეთაური კონრად სუნდლი ქუისლინგის მხარდამჭერი იყო.

ასევე ადვილად ჩაბარდა ტრონჰეიმიც. აქ მდებარეობდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რკინიგზა, რომელსაც გამოიყენებდნენ იმ შემთხვევაში, თუკი ინგლისი საზღვაო გზას გადაკეტავდა.

ნორვეგიის სიდიდით მეორე პორტმა ბერგენმა გერმანელებს გაცილებით დიდი წინააღმდეგობა გაუწია. კრეისერ „კენიგსბერგს“ ნორვეგიელებმა ცეცხლი გაუსხსნეს და დიდად დააზიანეს. მათ დახმარება ინგლისელებმაც გაუწიეს, რომლებმაც 15 ბომბდამშენის მეშვეობით ჩაძირეს „კენიგსბერგი“. აღსანიშნავია, რომ ნავსადგურთან ახლოს ინგლისის ფლოტი მზად იყო შებრძოლებოდა გერმანელებს, მაგრამ ადმირალიტეტიდან მიიღო ბრძანება, არ გაეწიათ წინააღმდეგობა. ამასობაში გერმანელებმა პარაშუტისტების მეშვეობით დაიკავეს ქვეყნის უდიდესი აეროდრომი სოლა, რომლის გაკონტროლების შემდეგ ინგლისელებს გაუქრათ შანსი ნორვეგიის ცაზე გაბატონებულიყვნენ.

კიდევ ერთი ქალაქი, რომელმაც სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია გერმანელებს, იყო ქრისტიანსანი. ნორვეგიელებმა სანაპირო ბატარეიდან ცეცხლი გაუხსნეს კრეისერ „კარლსრუეს“, თუმცა ავიაციამ მოახერხა ნორვეგიელთა წინააღმდეგობის დაძლევა და გერმანელებმა დღის მეორე ნახევარში პორტი დაიკავეს.

ყველაზე მეტად გერმანელებს მაინც ოსლოს დაკავება გაუჭირდათ. მათი კრეისერი „ბლიუხერი“ ნორვეგიელებმა ჩაძირეს ოსკაბორგის სიმაღლიდან გახსნილი ცეცხლით, თუმცა, აქაც საქმეში ლუფტვაფე ჩაერთო და მძლავრი დაბომბვების შემდეგ სიმაგრე დანებდა. გერმანელებმა ოსლოში საჰაერო დესანტი გადმოსხეს და ქალაქიც დაიკავეს.

 
გერმანელთა დესანტირების ადგილები

გერმანელმა დიპლომატმა ბრიერმა საგარეო საქმეთა მინისტრ იოახიმ ფონ რიბენტროპისაგან მიიღო დავალება, რომ დაეთანხმებინა ნორვეგიის მეფე, გამოეცხადებინა კაპიტულაცია. ამ დროს გააქტიურდა ქუისლინგი, რომელმაც ადგილობრივი რადიოთი საკუთარი თავი ხელისუფლების მეთაურად გამოაცხადა და მოითხოვა წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტა. ამან ნორვეგიელები უკიდურესად გააღიზიანა და მათი წინააღმდეგობა აგრესორის მიმართ კიდევ უფრო გაზარდა.

ბრიერი შეხვდა ნორვეგიის მეფე ჰოკონ VII-ს და წინააღმდეგობის გაწევის შეწყვეტა და ქუისლინგის ხელისუფლების აღიარება მოსთხოვა. მეფემ პასუხისთვის დრო მოითხოვა. ის შეხვდა სახელმწიფო საბჭოს წევრებს და განუცხადა, რომ ვერ მიიღებდა გერმანელთა პირობებს და დანიშნავდა პრემიერ–მინისტრად ქუისლინგს. ხელისუფლებამ გაიზიარა მეფის სულისკვეთება და ბრიერს დანებებაზე უარი შეუთვალეს– „წინააღმდეგობა გაგრძელდება მანამ, სანამ საკმარისი ძალები იქნება“.[5] იმავე დღეს ხელისუფლებამ რადიოთი მოუწოდა ხალხს–წინ აღდგომოდა მტერს. მეფემ ოფიციალურად მხარი დაუჭირა ამ მოწოდებას.[9]

მოგვიანო მცდელობები გერმანელი დიპლომატისა, დაეთანხმებინა მეფე თავიანთ პირობებზე, უშედეგოდ დასრულდა. საპასუხოდ, გერმანულმა ავიაციამ გაანადგურა ის სოფელი, სადაც მეფე აფარებდა თავს. სამეფო ხელისუფლებამ ქვეყნის დატოვებისგან ჯერჯერობით თავი შეიკავა და კიდევ უფრო ჩრდილოეთით გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში მას ინგლისელების დახმარების იმედი ჰქონდა. ინგლისმა კი რამდენიმეჯერ თავი შეიკავა წინააღმდეგობის გაწევისგან, ხოლო როდესაც გერმანელები ხმელეთზე გამაგრდნენ, ბრიტანელები მხოლოდ მაშინ გადავიდნენ შეტევაზე. შეტაკებები 10 აპრილს დაიწყო ნარვიკში. ინგლისელებმა ჩაძირეს 3 გერმანული საესკადრო ნაღმოსანი. საპასუხოდ კი გერმანელებმა ორი მათგანი ნავსადგურის დატოვებისას ჩაძირეს, ორმა კი გაქცევა მოახერხა. 13 აპრილს კი ინგლისური საესკადრო ნაღმოსნების ფლოტილია სახაზო გემ „უორსპაიტის“ მეთაურობით და ბრუნდა ნარვიკში და გაანადგურა დანარჩენი გერმანული გემები. ამრიგად, მათ შეეძლოთ დესანტის გადასხმა ნარვიკში, თუმცა ამის გაკეთება ვერ გარისკეს და თავიანთი ნაწილები მხოლოდ 35 კმ–ით დაშორებულ ჰარსტადში გადმოსხეს.

ინგლისელთა მომდევნო შეტევებს დიდი წარმატება არ მოჰყოლია. 28 მაისს მოკავშირეებმა გაათავისუფლეს ნარვიკი. თუმცა, ამ დროს ჰიტლერმა დაიწყო შეტევა დასავლეთის ფრონტზე. გერმანია შეიჭრა ჰოლანდიაში, ბელგიასა და საფრანგეთში. საფრანგეთს დიდი საფრთხე შეექმნა. ამიტომაც გერმანელებმა ნორვეგია განსაცდელში მიატოვეს და გერმანელებმა ქალაქი კვლავ დაიბრუნეს. 16 ივნისისთვის გერმანელებმა ნორვეგიის მთელი ტერიტორია დაიკავეს.

მხარეთა დანაკარგები

რედაქტირება

გერმანელებმა ნორვეგიაში დაახლოებით 1300 კაცი დაკარგეს მოკლულის სახით, 2000–ზე მეტი უგზო–უკვლოდ დაიკარგა და 1600 მდე დაიჭრა. საერთო დანაკლისი შეადგენდა 5296 ადამიანს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარის დანაკარგი 5000–ზე ნაკლები ადამიანი იყო. გაცილებით იზარალა გერმანულმა ფლოტმა, რომელმაც 10 საესკადრო ნაღმოსანი და 3 კრეისერი დაკარგა. ინგლისელების საერთო დანაკარგი შეადგენდა ერთ ავიამზიდს, ერთ კრეისერს და შვიდ საესკადრო ნაღმოსანს.[9]

შედეგები

რედაქტირება

ოპერაცია გერმანიის გამარჯვებით დასრულდა–მინიმალური დანაკარგებით მინიმალურ დროში მოხერხდა ორი ქვეყნის სრული ოკუპაცია. გერმანიამ ამ გამარჯვებით სტრატეგიული უპირატესობები მოიპოვა: ფართო გასასვლელი მიეცა ატლანტის ოკეანეში, მყარად აკონტროლებდა პორტ ნარვიკს და არც იმის შიში ჰქონდა, რომ ინგლისისა და საფრანგეთის სამხედრო აქციების შემდეგ რკინის მადანს ვერ მიიღებდა შვედეთიდან. ამასთან ერთად, გერმანელების ხელში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი ნავსადგურები და აეროდრომები.

  1. Нимиц Ч.У., Поттер Э.Б. Война на море (1939-1945) ინტერნეტ–ვერსია იხ. http://militera.lib.ru/h/nimitz_potter/01.html
  2. Патянин С.В. «Везерюбунг»: Норвежская кампания 1940 г. ინტერნეტ–ვერსია იხ. http://militera.lib.ru/h/patyanin_sv/01.html/
  3. Ширер У. Крах нацистской империи ინტერნეტ–ვერსია იხ. http://militera.lib.ru/research/shirer/03.html
  4. Ширер У. Крах нацистской империи იქვე
  5. 5.0 5.1 5.2 5.3 5.4 5.5 Ширер У. Крах нацистской империи. იქვე
  6. Лиддел Гарт Б.Г. Вторая мировая война. ინტერნეტ–ვერსია იხილეთ http://militera.lib.ru/h/liddel-hart/06.html
  7. Патянин С.В. «Везерюбунг»: Норвежская кампания 1940 г.
  8. Патянин С.В. «Везерюбунг»: Норвежская кампания 1940 г. იქვე
  9. 9.0 9.1 Ширер У. Крах нацистской империи.იქვე

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება