ელენა მიხაილის ასული აპანოვიჩი (დ. 9 სექტემბერი, 1919, ქ. მელეკესი, ახლანდ. დიმიტროვგრადი — გ. 21 თებერვალი, 2000, კიევი) — უკრაინელი ისტორიკოს-მედიევისტი, მწერალი. 1937 წელს ხარკივში საშუალო სკოლის დასრულების შემდეგ ჩააბარა ჟურნალისტიკის სრულიად საკავშირო კომუნისტურ ინსტიტუტში (მოსკოვი). მისი ლიკვიდაციის შემდეგ სწავლა ხარკივის პედაგოგიურ ინსტიტუტში გააგრძელა (ფილოლოგიის ფაკულტეტი), დაამთავრა 1941 წელს. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის დაწყების შემდეგ ევაკუირებულ იქნა სამხრეთ ყაზახეთში, შემდეგ გადავიდა უფაში (დღეს ბაშკირეთის დედაქალაქი), 1942–1944 წლებში მუშაობდა ბაშკირეთის რადიოკომიტეტის საკვანძო რადიომაუწყებლობის კორესპონდენტად და ინსტრუქტორად. 1944 წელს დაბრუნდა უკრაინაში, კიევში. 1944–1950 წლებში იყო უკრაინის სსრ-ის ცენტრალური სახელმწიფო ისტორიის არქივის თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი. 1945–1948 წლებში — არქივის ასპირანტი. 1950 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე „ზაპორიჟიის ჯარი, მისი მოწყობა და სამხედრო მოქმედებები რუსეთის არმიის შემადგენლობაში რუსეთ-თურქეთის 1768–1774 წლების ომის დროს“. იყო უკრაინის სსრ-ის მეცნირებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი (1950–1952) და უფროსი მეცნიერი თანამშრომელი (1956 წლიდან).[3]

ოლენა აპანოვიჩი
უკრ. Олена Михайлівна Апанович
დაბ. თარიღი 9 ნოემბერი, 1919(1919-11-09)
დაბ. ადგილი დიმიტროვგრადი
გარდ. თარიღი 21 თებერვალი, 2000(2000-02-21) (80 წლის)
გარდ. ადგილი კიევი
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
მოქალაქეობა  სსრკ
 უკრაინა
საქმიანობა ისტორიკოსი და არქავისტი[1] [2]
მუშაობის ადგილი უკრაინის ისტორიის ინსტიტუტი და Central State Historical Archives of Ukraine in Kyiv
ალმა-მატერი ხარკივის ეროვნული პედაგოგიური უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი
ჯილდოები ანტონოვიჩების ფონდის პრემია, სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ოქროს მედალი და შევჩენკოს სახელობის უკრაინის ეროვნული პრემია

1972 წელს ინსტიტუტიდან გაათავისუფლეს „შტატების შემცირების“ საბაბით. 22 წლის შემდეგ აღადგინეს, როგორც „პოლიტიკური მოტივებით“ გათავისუფლებული. 1973–1986 წლებში მუშაობდა უკრაინის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერების განყოფილებაში (ახლანდ. ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ინსტიტუტი) უფროს მეცნიერ თანამშრომლად. ამ წლების განმავლობაში დაკავებული იყო XV–XVIII საუკუნეების უკრაინული ხელნაწერი ისტორიული წიგნების შესწავლით. რადგანაც მის შრომებს უკრაინაში არ ბეჭდავდნენ, მათ მოსკოვში, ლენინგრადში (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი), ვილნიუსში, ტალინში აქვეყნებდა. ბიბლიოთეკის ფონდებში აღმოაჩინა სრულიად უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის პირველი პრეზიდენტის, აკადემიკოს ვოლოდიმირ ვერნადსკის მასალები, რომელთა საფუძველზეც დაწერა და გამოაქვეყნა 20 სტატია და მონოგრაფია. 1987–1991 წლებში იყო უკრაინის სსრ-ის მეცნიერებათა აკადემიის ვერნადსკის სამეცნიერო მემკვიდრეობის დამუშავების კომისიის სამეცნიერო მდივნის მოადგილე. 1988 წელს დაჯილდოვდა სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედლით ვერნადსკის საიუბილეო ექსპოზიციათა გამოფენის მომზადებისათვის მოსკოვსა და კიევში. 1986 წლიდან პენსიაზე გავიდა, თუმცა აგრძელებდა მუშაობას, აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის სამეცნიერო, საზოგადოებრივ და კულტურულ ცხოვრებაში. უკრაინის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემიისა (1994) და ემელიანა და ტატიანა ანტონოვიჩების ფონდის პრემიის (აშშ, 1995) ლაურეატი.[3]

  1. Czech National Authority Database
  2. https://journals.indexcopernicus.com/search/article?articleId=3288458
  3. 3.0 3.1 Дмитрієнко М. Ф., Апанович Олена Михайлівна // Енциклопедія історії України, т. 1, К.: В-во «Наукова думка», 2003.