ნისკარტკბილა მტრედი (ლათ. Didunculus strigirostris) — ფრინველი მტრედისებრთა ოჯახისა. ზომებით გარეული მტრედის ტოლაა. კუდი მოკლეა; ნისკარტი — მაღალი, გვერდებიდან შებრტყელებული, ქვედა ნაწილის ორივე მხარეს 3 კბილი. თავი, ყელი და მუცელი შავ-მწვანეა; ზურგი, ფრთები და კუდი — წითელ-წაბლისფერი. გავრცელებულია პოლინეზიაში, კუნძლებზე უპოლუ და სავაი (სამოა). ბინადრობს ტყეებში, თუმცა უპირატესად მიწაზე ატარებს დროს. იკვებება ნაყოფებითა და კენკრით. თითქმის მთლიანად გაანადგურეს ადამიანებმა და დაცვის ქვეშ იმყოფება.