ნიკო ჯადუგიშვილი

ქართველი მომღერალი

ნიკო ჯადუგიშვილი (დ. 23 აპრილი, 1942, სიღნაღი) — ქართველი საესტრადო მომღერალი და ისტორიკოსი, საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1983), ღირსების ორდენის კავალერი (1998).

ნიკო ჯადუგიშვილი
დაბადების თარიღი 23 აპრილი, 1942
სიღნაღი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 10 მაისი, 2017 (75 წლის)[1]
თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
,საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
საქმიანობა მომღერალი, ისტორიკოსი, პედაგოგი
აქტიური 1964-2000
რელიგია მართლმადიდებელი
ჯილდოები საქართველოს ღირსების ორდენი
საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1960-1964 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ისტორიულ ფაკულტეტზე. ბავშვობიდან მღეროდა, მაგრამ პროფესიონალური სასიმღერო მოღვაწეობა დაიწყო 1964 წლიდან, როცა ის კონსტანტინე პევზნერმა მიიწვია საქართველოს  საესტრადო ორკესტრ „რერო“-ში სოლისტად. ნიკო ჯადუგიშვილს ჰქონდა ძლიერი ტემბრის ხმა, ის გამორჩეულად ასრულებდა საესტრადო და ქალაქური სტილის სიმღერებს. იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ქართველ კომპოზიტორებთან, როგორებიც არიან: გიორგი ცაბაძე, შოთა მილორავა, ეთერ ჭელიძე, ნოდარ გიგაური, ვაჟა აზარაშვილი, ნუნუ გაბუნია, მარგარიტა ჩხეიძე და სხვები. მის რეპერტუარში შედიოდა  აგრეთვე რუსული, ესპანური, ინგლისური და იტალიური პოპულარული სიმღერები. 1968 წელს მონაწილეობდა სტუდენტთა და ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალში ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში.

1969 წელს კომპოზიტორ ალექსანდრე (საშა) რაქვიაშვილის ძალისხმევით შეიქმნა დუეტი ეთერ კაკულიასა და ნიკო ჯადუგიშვილის მონაწილეობით, დუეტისათვის პირველი სიმღერა „სანთლები“ შექმნა ჯემალ სეფიაშვილმა, მაგრამ სიმღერის ტელე-რადიო გადაცემა კომუნისტურმა ხელისუფლებამ აკრძალა, რადგან ტექსტში ნახსენები იყო ღმერთი, ეს კი კომუნისტურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა. დუეტმა შეასრულა ისეთი სიმღერები, რომლებიც შემდეგ მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ჰიტებად იქცა, ესენია: ი. ბუკიას  „თოვლი მოსულა“, ე. ჭელიძის  „აღმართი“, ჯ. სეფიაშვილის „სანთლები“, ნ. დუღაშვილის „დამიბრუნდი“, ვ. აზარაშვილის „მაშ გამარჯვება“, „ავლაბარო“. 1983 წელს ნიკო ჯადუგიშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, ხოლო 1998 წელს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ბრძანებულებით ქართულ საესტრადო ხელოვნებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში დიდი დამსახურებისათვის დააჯილდოვეს ღირსების ორდენით.

ნიკო ჯადუგიშვილი 2001 წლიდან ჩამოსცილდა აქტიურ სასცენო მოღვაწეობას, იშვითად სტუმრობდა ტელე-რადიო გადაცემებს, წლების განმავლობაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ლექტორი (დოცენტი). გარდაიცვალა 2017 წლის 10 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. მომღერალი ნიკო ჯადუგიშვილი გარდაიცვალა. Kvira.ge. ციტირების თარიღი: 11 მაისი, 2020.