ეთერ კაკულია

ქართველი მომღერალი

ეთერ ირაკლის ასული კაკულია (დ. 29 ნოემბერი, 1942, თბილისი — გ. 26 ივნისი, 2015, იქვე)[1] — ქართველი მომღერალი, საქართველოს თეატრალური საზოგადოების საპატიო წევრი (1978), საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი (1983), ფოთის საპატიო მოქალაქე (1988), საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1989), ღირსების ორდენის კავალერი (1997), ფაზისის აკადემიის აკადემიკოსი (2013), ქართული სიმღერის დედოფალი (2015).

ეთერ კაკულია

ეთერ კაკულია 2013 წელს, „მეგას“ დაჯილდოვების ცერემონიალზე.
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ეთერ კაკულია
დაბ. თარიღი 29 ნოემბერი, 1942
წარმოშობა თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 26 ივნისი, 2015 (72 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
ეროვნება ქართველი
ჟანრ(ებ)ი საესტრადო, პოპი, ჯაზი, ფოლკლორი, სოული
საქმიანობა ესტრადის მომღერალი, მუსიკოსი, მსახიობი, ფილოლოგი, პედაგოგი
ინსტრუმენტ(ებ)ი ვოკალი როიალი
აქტიური 1960–2015
ლეიბლ(ებ)ი მელოდია

ჰქონდა ძლიერი ხმა, საუკეთესო სცენური მონაცემები. ძირითადად ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს, თავისი შემოქმედების მანძილზე სხვადასხვა კომპოზიტორის მიერ სპეციალურად მისთვის დაწერილი 200-ზე სიმღერა აქვს შესრულებული, ასევე შესრულებული აქვს ჰიმნები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონზე. განსაკუთრებულ პოპულარობას მიაღწია 1970-იან წლებში, როცა ქართული საესტრადო ხელოვნება განვითარების უმაღლეს მწვერვალზე იდგა.

ბიოგრაფია

რედაქტირება

მამა ირაკლი კაკულია (1911-1992), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი (ინჟინერი), საქართველოს სსრკ-ს დამსახურებული ინჟინერი, 15-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და სახელმძღვანელოს ავტორი, სანტექნიკურ სამუშაოთა სამონტაჟო ტრესტის უფროსი, წარმოშობით იყო ქალაქ ფოთიდან, სადაც დღესდღეობით ქართულ საინჟინრო-ტექნოლოგიური მეცნიერების განვითარების ისტორიაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის მისი სახელობის ქუჩაც არსებობს, ხოლო დედა ლოლა ჩაჩავა (1917-1995) დიასახლისი, ქალაქ აბაშაში დაიბადა და გაიზარდა ირაკლის გაცნობის შემდეგ კი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. დაქორწინების შემდეგ, მათ შეეძინათ ვაჟი ალკაზარ (ალეკო) კაკულია (1937-2017), ინჟინერი, პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს სსრკ-ს დამსახურებული ინჟინერი, მწერალთა კავშირის საპატიო წევრი და საზოგადო მოღვაწე.

1942—1960: ბავშვობა

რედაქტირება

ეთერ კაკულია დაიბადა 1942 წლის 29 ნოემბერს, თბილისში, ქალაქის ერთ-ერთ უძველეს უბანში ვერაზე, კალანდაძის ქუჩაზე. მთელი ბავშვობა გაატარა თბილისში, მალევე ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი და გადავიდნენ მეზობელ უბანში, ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე.

სწავლობდა 55-ე საჯარო სკოლაში, რომელიც საქართველოში განსაკუთრებული პრესტიჟით სარგებლობს. სკოლაში სწავლის პარალელურად ის ეუფლებოდა მუსიკალურ და სამსახიობო სკოლას, ქ. თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის თვითშემოქმედებით ჯგუფში - ფორტეპიანოს, ქართული ეროვნული ცეკვებისა და სიმღერის განხრით.

1949-1959 წლებში სწავლა დაიწყო და დაამთავრა ქ. თბილისის ნიჭიერთა ათწლედი პედაგოგ თამარ გაბაშვილის ხელმძღვანელობით - ფორტეპიანოს სპეციალობა. ამავე პერიოდში ეთერ კაკულია მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის საკონცერტო დარბაზში სხვადასხვა კონცერტებზე გამოდის და ასრულებს ცნობილ ნაწარმოებებს.

1960—1965: შემოქმედებითი გზის დასაწყისი

რედაქტირება

სკოლის დამთავრების შემდეგ 1960-1965 წლებში სწავლა განაგრძო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გერმანული ფილოლოგიის ფაკულტეტზე. სწორედ უნივერსიტეტში სწავლის დროს იწყებს ის პროფესიონალურ სცენაზე ასვლას, მალევე ქ-ნი ეთერი ხდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხატვრული ანსამბლის სოლისტი. აქტიურად ერთვება თვითშემოქმედებით მუსიკალურ გუნდში და ადგილობრივ ბენდში იკავებს მთავარი სოლისტ-ვოკალისტის ადგილს, ამ პერიოდში ის ასრულებს ქართულ, გერმანულ და რუსულენოვან ცნობილ სიმღერებს, აქტიურად გამოდის რადიო-ტელევიზიით, ასევე სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდთან გასტროლებით მოგზაურობს საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქვეყნებში.

1965—1969: უნივერსიტეტის დამთავრება და „რერო“-ში მოხვედრა
რედაქტირება

1965 წელს უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ, უკვე საკმაოდ ცნობილ და ყველასაგან განსხვავებული ხმის ტემბრის მქონე მომღერალს, საქმიანი წინადადებით, უკავშირდება თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრის ხელმძღვანელი იოსებ ტუღუში, რომელმაც ორკესტრში მიწვევა და თანამშრომლობა შესთავაზა, რაზეც ბ-მა იოსებმა დადებითი პასუხი მიიღო. პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორკესტრი, საკმაოდ მაღალი პროფესიონალური დონით გამოირჩეოდა, მათ ხშირად ჰქონდათ კონცერტები საქართველოში და მთელ სსრკ-ს მასშტაბით. თითოეულ ქვეყანაში მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა ახალგაზრდა მუსიკოსებს. ამ პერიოდში კაკულიას რეპერტუარი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოიცვა ქართული, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული სიმღერები.

1968 წელს მას უკავშირდება საქართველოს სახელმწიფო საესტრადო ორკესტრ „რეროს“ დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი კონსტანტინე პევზნერი და იწვევს „რეროში“, ერთ-ერთ მთავარ სოლისტად. იმ დროისათვის ვოკალურ-ინსტრუმენტული ორკესტრი „რერო“, საქართველოში და არა მარტო, არამედ მთელი სსრკ-ს მასშტაბით იყო საკმაოდ დაწინაურებული და მაღალხარისხოვანი გუნდი, რომელშიც მიწვევა უდიდესი აღიარება იყო, რამდენიმე თვეში კაკულიამ დატოვა უნივერსიტეტის ორკესტრი და გადავიდა ანსაბლ „რეროში“.

1969—1972: „მზე ჩემი მეგობარია“ და დუეტი

რედაქტირება

პევზნერი პროფესიონალი და მაღალი რანგის მუსიკოსი იყო, მან მშვენივრად იცოდა, რომ ისეთი მაღალი პროფესიონალური შესაძლებლობების მქონე მომღერალს, როგორიც იყო ეთერ კაკულია, აუცილებლად სჭირდებოდა სპეციალურად მისთვის დაწერილი და მასზე მორგებული სიმღერა, რათა მომღერლის შესაძლებლობები კიდევ უფრო დახვეწილიყო და მაღალ საფეხურზე ასულიყო. ამის გამო 1969 წელს პევზნერს ის მიჰყავს იმ დროისათვის ახალგაზრდა, მაგრამ ძალიან ნიჭიერ კომპოზიტორთან ვაჟა აზარაშვილთან, რომელიც აღფრთოვანებული იყო ეთერის ვოკალური შესაძლებლობებით და მალევე სპეციალურად მისთვეის, მორის ფოცხიშვილის ლექსზე, ქმნის ახალ სიმღერას, "მზე ჩემი მეგობარია", რომელმაც იმ დროის საქართველო მთლიანად მოიცავა და ეს სიმღერა მალევე სუპერ ჰიტი გახდა.

ამას მოჰყვა სხვა, სპეციალურად ეთერისთვის დაწერილი ახალი სიმღერები, მათ შორის აღსანიშნავია: ნუნუ გაბუნიას "მე შენთან მოვალ", რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძის "გაზაფხული", ვაჟა აზარაშვილის "ამოდი", ასევე მირზა გელოვანის ლექსზე იაკობ ბობოხიძეს მიერ შექმნილი სიმღერა "ფიცი", რომელიც წლების განმავლობაში ქვეყნის მთავარ პატრიოტულ სიმღერად ითვლებოდა. "რერო" ში ყოფნის დროს ორკესტრთან ერთად ეთერ კაკულია გავიდა სსრკ - ს საზღვრებს გარეთ და გასტროლებით იმოგზაურა თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელთაგად აღსანიშნავია: გერმანია, ჩეხოსლოვაკია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ფინეთი, შვედეთი, ნორვეგია, დანია, ჰოლანდია, საფრანგეთი, ქუვეითი, ინგლისი. 1969 წლიდან ეთერ კაკულია არის საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის სოლისტი. 1969 წელს კომპოზიტორ ალექსანდრე (საშა) რაქვიაშვილის ძალისხმევით შეიქმნა დუეტი ეთერ კაკულიასა და ნიკო ჯადუგიშვილის მონაწილეობით, დუეტისათვის პირველი სიმღერა „სანთლები“ შექმნა ჯემალ სეფიაშვილმა, მაგრამ სიმღერის ტელე-რადიო გადაცემა კომუნისტურმა ხელისუფლებამ აკრძალა, რადგან ტექსტში ნახსენები იყო ღმერთი, ეს კი კომუნისტურ იდეოლოგიას ეწინააღმდეგებოდა, ამას მოჰყვა სსრკ - ს ხელისუფლების მიერ ამ ორი ლეგენდარული მომღერლის შევიწროება, მაგრამ მცირე ხნით. "სანთლების" შემდეგ, დუეტმა შეასრულა ი. ბუკიას  სიმღერა „თოვლი მოსულა“, სიმღერაზე კლიპიც გადაიღეს, ვიდეორგოლი 1970 წლის 31 დეკემბერს გავიდა ტელეეთერში, სიმღერამ არნახული წარმატება მოიპოვა საქართველოში და სრულიად საბჭოთა კავშირის მასშტაბით, ორი ათეული წლის განმავლობაში ეს სიმღერა ერთ-ერთი მოწინავე იყო სხვა ქართულ იმდროინდელ ჰიტებთან ერთად და დღემდე რჩება ქართული საესტრადო მუსიკის კლასიკურ ნიმუშად, პარალელურ რეჟიმში კი მიმდინარეობდა განუწყვეტელი გასტროლები და კონცერტები.

დუეტმა შეასრულა ისეთი ცნობილი სიმღერები, რომლებიც შემდგომ დაუვიწყარ ჰიტებად იქცა, ესენია; ე. ჭელიძის  „აღმართი“, ჯ. სეფიაშვილის „სანთლები“, ნ. დუღაშვილის „დამიბრუნდი“, ვ. აზარაშვილის „მაშ გამარჯვება“, „ავლაბარო“ და სხვა... 1970 წელს ეთერ კაკულიამ გამოუშვა,პირველი სოლო-ალბომი: "მღერის ეთერი კაკულია 1970", რომელშიც შედიოდა სამი სოლო-სიმღერა და ერთი დუეტი (ნიკო ჯადუგიშვილთან ერთად).

1972—1982: პედაგოგობა და კარიერა
რედაქტირება

1972 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა ვოკალურ-ინსტუმენტული ანსაბლი "რერო" და მამის ირაკლი კაკულიას დაჟინებული თხოვნით პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, გერმანული ენის კათედრაზე. წარმატებული მუსიკალური კარიერისა და ცნობადობის გამო, კაკულიას ლექციებს ასობით სტუდენტი ესწრებოდა, ზოგი კი აუდიტორიაში სტუდენტთა სიმრავლის გამო ვერ შედიოდა. პედაგოგიური მოღვაწეობის პარალელურად ქ-ნი ეთერი აქტიურ მუსიკალურ კარიერას არ ჩამოცილებია, პარალელურ რეჟიმში ჰქონდა კონცერები, გასტროლები, ასევე მუშაობდა ახალ სიმღერებზე. ამ დროისათვის სპეციალურად ქ-ნი ეთერისათვის იაკობ ბობოხიძის მიერ, შეიქმნა მნიშვნელოვანი მუსიკალური ნაწარმოები, მეგრულ ტექსტზე, სიმღერა "ცირა", რომელიც სრულიად ახალი სიტყვა იყო იმდროინდელ ქართულ საესტრადო ხელოვნებაში, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლების მიერ მოდაში შემოტანილი ფანკის საკმაო გავლენამ ეს სიმღერა აქცია ქართული პოპ და როკ ჟანრის მუსიკის წინამორბედ უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად. სიმღერა გამოვიდა 1977 წელს, ის გაჰიტდა, მას შემდეგ თითქმის 50 წელი გავიდა და ეს სიმღერა, კვლავ ყველაზე ცნობილ მეგრულ სიმღერათა ხუთეულშია.

1978 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა უნივერსიტეტი და ამავე წელს ჩაწერა კიდევ ერთი დაუვიწყარი ჰიტი, ინოლა გურგულია - ს (1929-1977) სიმღერა "უშენოდ", რომელიც ქ-მა ინოლამ გარდაცვალების წინ აჩუქა მას. სიმღერა გამოსვლისთანავე ჰიტად იქცა და XXI საუკუნეშიც ის ცოცხლობს ქართულ მუსიკალურ სამყაროში. 1980 წელს ქ-მა ეთერმა კიდევ ერთი ახალი ჰიტი აჩუქა ქართველ ერს, ეთერ ჭელიძე - ს (1938-1987) სიმღერა, დოდო გვიშიანის ლექსზე, "თბილისის ქუჩები", კაკულიამ ვიდეორგოლიც გადაიღო. ამავე პერიოდში ფილარმონიის დიდ საკონცერო დარბაზში ჩაატარა მისი პირველი სოლო-კონცერი, იქამდე კი მთელი საქართველოს მასშტამით გამოდიოდა კონცერტებით, ამის შემდეგ ყოველ წელს ის საქართველოში და თბილისის ფილარმონიაში ატარებდა მაღალრეიტინგულ და ხარისხიან კონცერტებს. ამასთანავე ნუნუ გაბუნიასთან და სხვებთან ერთად გასტროლებით აქტიურად მოგზაურობდა სსრკ - ს და მის საზღვრებს გარეთ ტერიტორიებზე, რომელთაგან აღსანიშნავია, ჩინეთის სახალხო რეპურბლიკაში ჩატარებული კონცერტი, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. 1981 წელს გამოუშვა მეორე სოლო ალბომი : "მღერის ეთერი კაკულია 1981", რომელშიც შედიოდა ცხრა სოლო-სიმღერა.

1982—1992: საქართველოს ტელერადიოს სოლისტი
რედაქტირება

1982 წელს ეთერ კაკულიას შესთავაზეს საქართველოს რადიომაუწყებლისა და ტელევიზიის სახელმწიფო ორკესტრის სოლისტობა, რაზეც მან თანხმობა განაცხადა, ათი წლის განმავლობაში ის ორკესტრთან ერთად ატარებდა კონცერტებს: საქართველოში, გერმანიაში, რუსეთში, საფრანგეთში, უკრაინაში, საბერძნეთში და სხვა მრავალ ქვეყანაში.1986 წელს ეთერ კაკულიამ მუშაობა დაასრულა მის საუკეთესო სტუდიურ ალბომზე, "მღერის ეთერ კაკულია 1987", რომელშიც 4 მეგრული სიმღერაა განთავსებული, მინიონი 1987 წელს გამოსცა, ამ ლამაზ, ძალიან მელოდიურ სიმღერებს კაკულია ამ რეგიონის ფოლკლორული მანერის დიდი შეგრძნებით ასრულებს. მუსიკა იმდენად ფერადი და აკადემიურია, რომ ალბათ ამ მოკლე ჩანაწერის რამდენჯერმე მიყოლებით მოსმენასაც მოგანდომებთ. იმ დროს ეს ალბომი ჩვენს ქვეყანაში, ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული და გაყიდვადი ალბომი იყო.

1988 წელს ეთერ კაკულიამ და ნიკო ჯადუგიშვილმა ჩაწერეს კომპოზიტორ ნუგზარ თუშიშვილის ახლი დუეტი, "სიმღერა ბათუმს", რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და ეს სიმღერა გახდა გამარჯვებული ფესტივალის "საუკეთესო სიმღერა ბათუმს".

მეოცე საუკუნის ბოლო ორი ათეული წელი, ძალიან მძიმეა საქართველოს ისტორიაში. 1989 წლის 9 აპრილს დიდი ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში, სსრკ - ს ჯარმა დაშალა მშვიდობიანი აქცია ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ამ ტრაგიკულმა დღემ გააერთიანა მთელი ერი, კომპოზიტორ ჯემალ სეფიაშვილის თაოსნომით შეიკრიბა იმ დროს მოქმედი ქართველი მომღერლები, ვარსკვლავები, რომელთა შორის რა თქმა უნდა იყო ეთერ კაკულიაც, ტრაგედიას მიეძღვნა სიმღერა: "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები", რომელიც მთელმა ქართულმა ესტრადამ, მათ შორის ეთერ კაკულიამ, ნანი ბრეგვაძემ, ბუბა კიკაბიძემ, ნიკო ჯადუგიშვილა, ჯემალ სეფიაშვილმა, ლილი გეგელიამ და სხვებმა, ერთად შეასრულეს. გადაიღეს კლიპიც, ვიდეორგოლი მთელს სსრკ - ს მასშტაბით გადიოდა ტელე ეთერში, ამით ქართველმა მომღერლებმა დაგმეს საბჭოთა ხელისუფლების ნამოქმედარი.

1992—2010: ჰიმნები საქართველოს რეგიონებს
რედაქტირება

1992 წელს ეთერ კაკულიამ დატოვა საქართველოს რადიომაუწყებლისა და ტელევიზიის სახელმწიფო ორკესტრის სოლისტობა, და დაიწყო ახალი იდეების განხორციელებისათვის მუშაობა, მას ჰქონდა ჩაფიქრებული საქართველოს ყველა ქალაქზე და თბილისის უბნებზე სიმღერების მიძღვნა, ნაწილობრივ ეს იდეა განახირციელა. ქ-ნ ეთერს შეუქმნეს ახალი სიმღერები: ოთარ ტატიშვილმა - "ვაკელებო"; ნუნუ გაბუნიამ - "სიმღერა ფაზისს"; ვაჟა აზარაშვილმა - "ჰიმნი იმერეთს", "ავლაბარო", "გურია", "ჩემო სამეგრელო", ჰიმნი რუსთავს; ნუგზარ თუშიშვილმა - "სიმღერა ბათუმს". ამის გარდა კაკულიას რუსუდან (მაცაცო) სებისკვერაძემ შეუქმნა, მისი შემოქმედების მთავარი სიმღერა - "მხარე ლამაზი"(და მე არ მინდა), რომელიც სამი ათეული წელია ცოცხლობს ქართულ სცენაზე, სიმღერაზე კლიპიც გადაიღო და გამოსვლიდან დღემდე ეს სიმღერა სუპერ ჰიტია.

1995 წელს ქართველ სიმბოლისტ პოეტს ტიციან ტაბიძეს შეუსრულდა 100 წლის იუბილე, კულტურის სამინისტროსგან დაუკავშირდნენ კომპოზიტორ ვაჟა აზრაშვილს და თხოვეს დაეწერა სიმღერა ტიციანის ლექს "მაშ გამარჯვება" ზე, აზარაშვილმა სიმღერა მთლიანად მოარგოდა ეთერ კაკულიასა და ნიკო ჯადუგიშვილის ხმებს, დუეტმა სიმღერა ჩაწერა და გამოსვლისთანავე გახდა იმ დროს ყველაზე მაღალ გაყიდვადი პატრიოტული სიმღერა. 1998 წელს კი რუსთავის დაარსებიდან 50 წლისათავთან დაკავშირებით, რუსთავის მერიამ მოლაპარაკებები აწარმოა ეთერ კაკულიასთან, ვაჟა აზარაშვილთან, ალეკო კაკულიასთან და ანსაბლ "რუსთავთან", მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო, ალეკო კაკულიას ლექსზე, ვაჟა აზარაშვილმა დაწერა სიმღერა "ჰიმნი რუსთავს", რომელიც შეასრულეს ეთერ კაკულიამ და ანსაბლმა "რუსთავმა".

2006 წელს შედგა ახალი დუეტის პრემიერა, მეგრული სიმღერა "ასე ჩონგური" ახალი ინტერპრეტაციით შეასრულეს ეთერ კაკულიამ და ახალგაზრდა მომღერალმა ჯაბა ბოჯგუამ, დუეტმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს, 2006 წელს ფესტივალზე მომღერლებმა აიღეს პრიზი მეგრული სიმღერის "ასე ჩონგურის" საუკეთესო შესრულებისათვის, "წლის სიმღერა". ამავე დროს კაკულია საქართველოსა და მის საზღვრებს გარეთ აქტიურად ატარებდა სოლო-კონცერტებს.

2010—2014: გუნდური გასტროლები
რედაქტირება

2010 წელს ეთერ კაკულიას დაუკავშირდა პროდიუსერი თამაზ ქაჯაია, რომელმაც შესთავაზა ვოკალურ-ინსტრუმენტულ ანსაბლ "ივერიის" ყოფილ წევრებთან ერთად, საგასტროლო ტურნეში წასვლა საქართველოს მასშტაბით, რაზეც პროდიუსერმა თანხმობა მიიღო, გუნდში შედიოდნენ: ეთერ კაკულია, თემურ წიკლაური, ვახტანგ ტატიშვილი, ნუგზარ კვაშალი, ზურაბ კობეშავიძე და სვები. გუნდმა 2010-2014 წლებში არაერთხელ მოიარა სრულიად საქართველი და კულტურის ცენტრებში გამართა კონცერტები.

2011 წელს თბილისის მერიისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, რუსთაველის თეატრის დიდ დარბაზში გაიმართა ლეგენდარული ეთერ კაკულიას სოლო-კონცერტი, რომელსაც თბილისის ბიგ-ბენდი აფორმებდა, კონცერტმა ანშლაგით ჩაიარა, ქ-მა ეთერმა ამ საღამოზე მისი ყველაზე ცნობილი, ჰიტებად ქცეული სიმღერები შეასრულა. მონატრებულ მსმენელს კაკულიამ დაუვიწყარი, კლასიკური და აკადემიური საღამო აჩუქა.

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ეთერ კაკულია ერთადერთხელ იყო დაოჯახებული, ბიზნესმენ რეზო ვაჩიბერიძეზე, წყვილს ერთი შვილი ეყოლათ ალეკო ვაჩიბერიძე (1980),შვილის შეძენის შემდეგ, ოჯახი დაინგრა. 2013 წელს ქ-ნ ეთერს შეეძინა შვილიშვილი მარიამი.

ვარსკვლავის გახსნა
რედაქტირება

2014 წლის 29 ნოემბერს თბილისის მერიისა და კულტურის სამინისტროს ძალისხმევით, ქ-ნი ეთერის დაბადების დღეზე, ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ დიდი პომპეზურობით ვარსკვლავი გაუხსნეს. ვარსკვლავის გახსნის წინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, კაკულიას შემოქმედებითი საღამო, სადაც ქართული ესტრადის ვარსკვლავებმა: ანრი ჯოხაძემ, ნინი ბადურაშვილმა, მაკა ზამბახიძემ და სხვებმა... შეასრულეს ქ-ნი ეთერის 55 წლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე, მის მიერ შესრულებული სიმღერებიდან საუკეთესო ჰიტები, კონცერტი დაასრულა ქ-მა ეთერმა, ოთარ ტატიშვისლი გულისამაჩუყებელი სიმღერით "ფრთები" (გთხოვ ნუ გამწირავ ჯერ ამდენი არ მიმღერია). მომღერალმა ვარსკვლავის საზეიმო გახსნის დროს სატელეფონო მილოცვა საქართველოს პატრიარქისგან მიიღო.[2]

2014—2015: ავადმყოფობა და გარდაცვალება

რედაქტირება

2014 წელს კაკულიას ქართველმა ექიმებმა, დაუსვეს მძიმე დიაგნოზი, სიმსივნე. ამ პერიოდში ქ-ნი ეთერი ძალიან დაუახლოვდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, მათ ძალიან ახლო და მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. 2014 წლის 13 სექტემბერს ყველა ქართველისთვის საყვარელი მომღერალი სრულიად მოულოდნელად საკუთარ სახლში, დოლიძის ქუჩაზე, საქართველოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მოინახულა, რადგან ქ-მა ეთერმა თავად ვერ შეძლო პატრიარქთან წირვაზე მისვლა.

თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო მომღერალს ფინანსურად ეხმარებოდნენ, რათა ის გამოჯანმრთელებულიყო, მან ჩაიტარა რამდენიმე სამკურნალო კურსი საქართველოში, ხოლო შემდეგ ისრაელში, მაგრამ 10 ივნისს, უიმედო მდგომარეობის გამო ებრაელმა ექიმებმა მკურნალობა შეწყვიტეს, რადგან მეტასტაზები უმართავი იყო, მომღერალი სამშობლოში დააბრუნეს. კაკულია კატასტროფის ცენტრმა თბილისში 10 ივნისს ჩაიყვანა, 26 ივნისს კი მომღერალი საკუთარ სახლში, ახლობლების გარემოცვაში გარდაიცვალა. სამოქალაქო პანაშვილი ქაშვეთის ეკლესიაში ჩატარდა.

ეთერ კაკულია დროებით, ვაკის სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ხოლო შემდეგ ქალაქ თბილისის მერიის, საპატრიარქოსა და მთავრობის გადაწყვეტილებით, მას მახათას მთაზე, ახალ საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.[3] თბილისის მერიის გადაწყვეტილებით თბილისში ერთ-ერთ ქუჩას ეთერ კაკულიას სახელი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 457, თბ., 2002.
  2. ეთერ კაკულიას ფილარმონიის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-05-16.
  3. ეთერ კაკულია ვაკის სასაფლაოზე დაკრძალეს. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-08-10. ციტირების თარიღი: 2019-02-22.