ალექსანდრე რექვიაშვილი (დ. 1 აგვისტო, 1943, ბალეი, რუსეთის სფსრ, სსრკ) — ქართველი კომპოზიტორი.

ბიოგრაფიარედაქტირება

ალექსანდრე რექვიაშვილმა 1969 წელს დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. 1969–1972 წლებში მუშაობდა საქართველოს ტელევიზიის საესტრადო ორკესტრის ხელმძღვანელად; 1973–1974 წლებში იყო ექსპერიმენტალური თეატრ–სტუდია „მეტეხის“ მუსიკალური ხელმძღვანელი, 1973–1977 წლებში თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრის მუსიკალური ხელმძღვანელი; 1977–1980 წლებში იყო ამიერკავკასიის სასაზღვრო ოლქის წითელდროშოვანი ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1980 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“ მუსიკალური რედაქტორი; მისი შემოქმედება ძირითადად შემოიფარგლება საესტრადო მუსიკით; დაწერილი აქვს: კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – რონდო სიმებიანი ორკესტრისათვის (1963), სიუიტა სიმებიანი ორკესტრისათვის შ. რუსთაველის მიხედვით (1964), ოთხი პიესა სიმებიანი კვარტეტისათვის (1965), სონატა ფორტეპიანოსათვის (1966), ორი მინიატურა ნონეტისათვის (1967), ვარიაციები ხალხურ თემაზე ფორტეპიანოსათვის (1973); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი (1968), 12 საბავშვო სიმღერა (1970); საგუნდო ნაწარმოებები; საესტრადო ნაწარმოებები – სიუიტა საესტრადო ორკესტრისათვის (1972), საესტრადო საორკესტრო პიესები „მგზავრული“, „დღესასწაული სოფლად“, „ექო მთებში“, სიმღერები; მუსიკა დრამატული სპექტაკლების, მუსიკალური თეატრის, ბალეტი „პიგმალიონი“, 1973, ოპერეტა „სხვისი შვილების მამა“), კინოფილმების, რუსული და ქართული მოზარდმაყურებელთა თეატრების სპექტაკლების და ანიმაციური ფილმებისათვის. 1971 წლიდან იყო საბჭოთა კავშირის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.

ლიტერატურარედაქტირება

  • საქართველოს კომპოზიტორები: მეორე გამოცემა, გვ. 187, თბ., 1973;
  • საქართველოს კომპოზიტორები და მუსიკისმცოდნეები, გვ. 314, თბ., 1984.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება