ნიკო ნაკაშიძე
ნიკო ნაკაშიძე (დ. 1899, ქუთაისი — გ. 22 მაისი, 1966, მიუნხენი) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნულ-დემოკრატი, იურისტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური ემიგრანტი 1924 წლიდან.
ბიოგრაფია
რედაქტირებანიკო ნაკაშიძე დაიბადა 1899 წელს ქუთაისში გურული თავადის ოჯახში. 1918 წელს დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. ჯერ კიდევ სწავლის დროს აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1916 წელს გიმნაზიაში ჩამოაყალიბა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თანამოაზრეთა ახალგაზრდული ჯგუფი და დაუკავშირდა ქუთაისის ქართულ გიმნაზიაში არსებულ მოსწავლეთა მსგავსი ტიპის ორგანიზაციას. ამასთან ერთად, ნიკომ გიმნაზიაში დააარსა ლიტერატურული წრე. ეს წრე პოპულარობით სარგებლობდა როგორც ნიკოს თანატოლებში, ისე იმ დროს ქუთაისში მცხოვრებ ლიტერატურულ მოღვაწეებშიც – პარმენ ცახელი, იოსებ ოცხელი, კიტა აბაშიძე, ვასილ წერეთელი და სხვ.
1917 წელს ნიკო გაწევრიანდა უკვე ოფიციალურად დაარსებულ ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში. მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა პარტიის ერთ-ერთ დამფუძნებელ და თავმჯდომარე სპირიდონ კედიასთან.
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებისთანავე ნიკო ნაკაშიძე საქართველოს ეროვნული არმიის რიგებს შეუერთდა. არმიაში ირიცხებოდა რესპუბლიკის უკანასკნელ დღეებამდე. მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა იმ ომში, რაც თავს დაატყდა საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობის დროს. სომხეთთან ომისას საკუთარი მოხალისეთა რაზმი შეადგინა და საბრძოლველად ფრონტზე გაემგზავრა. ომის დასრულებისას კი დაუბრუნდა რეგულარულ ჯარს. იგი მონაწილეობდა ინგლისელების წასვლის შემდეგ, ბათუმის ოლქის შემოერთების პროცესში. 1921 წლის თებერვალ-მარტის ომის დაწყების დროისთვის მინიჭებული ჰქონდა კაპიტნის სამხედრო წოდება.
საქართველოს ანექსიის შემდეგ მან თავი დაანება სამხედრო სამსახურს და ქუთაისში დაბრუნდა. აქ იგი არალეგალურ მუშაობაში ჩაება – აირჩიეს საქართველოს ანტისაბჭოთა პარტიების ინტერპარტიული პარიტეტული კომიტეტის (დამკომი) ქუთაისის საქალაქო კომიტეტისა და მისი სამხედრო კომისიის წევრად. 1923 წელს კომიტეტის სხვა წევრებთან ერთად ისიც დააპატიმრეს და თბილისში, მეტეხის ციხეში გადააგზავნეს. საბოლოოდ, 64 სხვა პოლიტპატიმართან ერთად უცხოეთში გასახლება მიუსაჯეს. ამ ჯგუფში მასთან ერთად იყვნენ შემდეგში სასულიერო მოღვაწე არქიმანდრიტი რაფიელ ივანიცკი-ინგილო, პროფესორი გიორგი ნაკაშიძე, ამერიკის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ფუძემდებელი დავით საღირაშვილი და სხვ.[1]
1924 წლის დამდეგს ნიკო ნაკაშიძე გერმანიაში გადასახლდა. 20-იანი წლების ბოლოს მოიპოვა ბერლინის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის დოქტორის ხარისხი. ასწავლიდა ამავე ფაკულტეტზე და გარკვეული პერიოდი ქართული ენის კათედრასაც ხელმძღვანელობდა.
ნიკო ნაკაშიძე ეწეოდა აქტიურ პოლიტიკურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას. თანამშრომლობდა პარიზის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის კომიტეტთან. იყო როგორც ქართული ემიგრანტული პრესის, ისე დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ბეჭდვითი ორგანოების მუდმივი თანამშრომელი. მას ეკუთვნის სოვეტოლოგიის, საბჭოთა იმპერიის ჩაგრულ ერთა მდგომარეობის საკითხზე შექმნილი არაერთი საყურადღებო სტატია. მონაწილეობდა ანტიბოლშევიკურ კონგრესებსა და სოვეტოლოგთა ფორუმებში. მისი თაოსნობით 40-იან წლებში შეიქმნა მსოფლიო პოლიტიკური გაერთიანება "ანტიბოლშევიკ ერთა ბლოკი". იყო მისი გენერალური მდივანი. ასევე იყო გერმანიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. თანამშრომლობდა 1953 წელს მიუნხენში დაარსებულ რადიო "თავისუფლების" ქართულ რედაქციასთან.
ნიკო ნაკაშიძე გარდაიცვალა 1966 წლის 22 მაისს მიუნხენში. დაკრძალულია საფრანგეთში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- † ნიკო-ნაკაშიძე (1899-1966) // კავკასიონი = KAVKASSIONI Recueil litteraire [en Georgien]. – პარიზი, 1967. N 12. – გვ.147-150.
- ურუშაძე ლ., ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია. – თბ., 2005. – გვ.5-7.