ნიბელუნგის ბეჭედი (გეორგ შოლტის ჩანაწერი)

„ნიბელუნგის ბეჭედი“ (გეორგ შოლტის ჩანაწერი)რიხარდ ვაგნერის საოპერო ტეტრალოგიის, „ნიბელუნგის ბეჭდის“ სრული ციკლის პირველი სტუდიური ჩანაწერი, გამოცემული 1958–1965 წლებში Decca-ს მიერ. „ბეჭდის“ ციკლის პირველი სრული ჩანაწერი ფონოგრაფისთვის.

„ნიბელუნგის ბეჭედი“ (გეორგ შოლტის ჩანაწერი)
სტუდიური ალბომი
გამოცემის თარიღი 1959–1966
ჩაიწერა 1958–1965
სტუდია სოფიენზალი, ვენა
ჟანრი ოპერა
ლეიბლი Decca
პროდიუსერი ჯონ კალშო

„ბეჭდის“ ჩაწერის იდეა ეკუთვნის Decca-ს წამყვან პროდიუსერს, ჯონ კალშოს (John Culshaw), რომელმაც დაიქირავა ვენის ფილარმონიული ორკესტრი, დირიჟორი გეორგ შოლტი და იმ დროისათვის ვაგნერის წამყვანი შემსრულებლები, მათ შორის, ბირგიტ ნილსონი, ვოლფგანგ ვინდგასენი, ჰანს ჰოტერი და გოტლობ ფრიკი, ასევე, ცნობილი მომღერლები კირსტენ ფლაგსტადი, დიტრიხ ფიშერ-დისკაუ და ჯოან საზერლენდი ისეთ როლებში, რომლებიც მათ სცენაზე არ ჰქონდათ შესრულებული. კალშომ და მისმა კოლეგებმა მიზნად დაისახეს, შეექმნათ ისეთი ჩანაწერი, რომელიც მსმენელთა გონებაში შექმნიდა იმ მუსიკალური დრამას, რომელიც ვაგნერს ჰქონდა ჩაფიქრებული და რომელშიც ხმის ინჟინერიის ინოვაციური ტექნოლოგიები, მათ შორის, სტერეოფონული მეთოდები, რომლებიც სულ რამდენიმე წლით ადრე გახდა ხელმისაწვდომი, გამოყენებული იქნებოდა ვიზუალური მასალის არარსებობის კომპენსაციისათვის.

ჩაწერის პროცესი მიმდინარეობდა ვენაში, პრინცესა სოფიას სახელობის დარბაზში (სოფიენზალი). ციკლი თავდაპირველად ხანგრძლივდასაკრავ ფირფიტებზე გამოიცა, მოგვიანებით კი მოხდა მიდი გადატანა კომპაქტ-დისკზე, რა სახითაც ჩანაწერი 1984 წლის შემდეგ მუდმივად არის ხელმისაწვდომი. BBC-ს და ჟურნალ Gramophone-ის გამოკითხვებში Decca-ს „ბეჭედი“ დასახელდა, როგორც ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მათ შორის, Grand Prix du Disque და Grammy.

1940-იან წლებში ხანგრძლივდასაკრავი ფირფიტების გამოგონებამდე „ბეჭდის“ მთლიანი სახით ჩაწერა, კალშოს სიტყვებითვე, „წარმოუდგენელი“ იყო. გრამფირფიტის 78 ბრ/წთ დისკებზე არსებობდა ტეტრალოგიის სხვადასხვა ნაწყვეტების ჩანაწერები, თუმცა, მთლიანი ციკლის ამ სახით გამოცემას ასზე მეტი დისკი დასჭირდებოდა.[1] 1950-იან წლებში Decca-მ ხანგრძლივდასაკრავ ფირფიტებზე მთლიანი ოპერების ჩაწერა დაიწყო. პირველი იყო მოცარტის „გატაცება სერალიიდან“,[2] თუმცა, ხმის ჩამწერ ინდუსტრიაში ფიქრობდნენ, რომ ვაგნერის ოპერების სტუდიური ჩანაწერები არარენტაბელური იქნებოდა. არსებობდა „მაისტერზინგერების“ (Decca, 1950–51),[3] და „ტრისტანის“ (EMI, 1952),[4] სტუდიური ჩანაწერები[], თუმცა, ზოგადად, ითვლებოდა, რომ ვაგნერის ოპერების ჩაწერის ფინანსურად მომგებიანი გზა მხოლო ცოცხალი პერფორმანსების ჩაწერა იყო.[5][] Decca-მ „ბეჭდის“ ციკლის ცოცხალი შესრულება ბაიროითში ორჯერ, 1951 და 1955 წლებში ჩაწერა, თუმცა, იმ დროს ჩანაწერების ხარისხი დამაკმაყოფილებლად არ შეფასდა და ისინი არ გამოცემულა.[]

თავის მხრივ, კალშო ფიქრობდა, რომ ცოცხალი წარმოდგენების ჩაწერა საუკეთესო მიდგომა არ იყო. იგი მხარს უჭერდა სტუდიურ ჩანაწერებს, სადაც ვიზუალური მასალის და სცენური მოქმედებების არარსებობა კომპენსირებული იქნებოდა ხმის ჩაწერის და პროდიუსინგის ინოვაციური და კრეატიული მეთოდებით, რომელიც შექმნიდა „თეატრს გონებაში“ და შესაძლებლობას მისცემდა სახლში მყოფ მსმენელს, „ჩართულიყო ვაგნერის დიდებულ მუსიკალურ დრამაში“.[9][] ამისთვის, მისი აზრით, გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო 1950-იან წლებში გამოგონებული სტერეოფონული ჩაწერის ტექნოლოგია.[9] ალან რიჩი, New York Herald-Tribune-ის მუსიკალური კრიტიკოსი, მოგვიანებით კალშოს მოსაზრებას დაეთანხმა. „ღმერთების დაისის“ მოსმენის შემდეგ მან დაწერა, რომ ძალიან ცოტა თეატრალური დადგმა ახერხებდა „კომპოზიტორის მიერ ჩაფიქრებული ცეცხლის გაღვივებას“, მაგრამ ამ ჩანაწერში „დასადგმელად ყველაზე რთული მუსიკალური დრამა მთელს საოპერო რეპერტუარში იქცევა სრულყოფილ მუსიკალურ გამოცდილებად ყოველგვარი სცენური დადგმის გარეშე“.[11]

მთლიანი ციკლის ჩაწერამდე Decca „ვალკირიის“ ჩაწერას ბრუნჰილდეს როლში კირსტენ ფლაგსტადის მონაწილეობით იმედოვნებდა, თუმცა, ფლაგსტადმა საოპერო კარიერა 1950-იან წლებში დაასრულა[12] და 1957 წელს კალშოს მთლიანი ჩანაწერის გაკეთებაზე უარი უთხრა. შედეგად, ჩაიწერა I მოქმედება ჰანს კნაპერტსბუშის დირიჟორობით, სადაც ფლაგსტადი ზიგლინდეს პარტიას ასრულებდა, ხოლო ცალკე ჩაიწერა „Todesverkündigung“ სცენა II აქტიდან და მთლიანი III აქტი შოლტის დირიჟორობით, სადაც ფლაგსტადმა ბრუნჰილდეს როლი შეასრულა. ორივე ჩანაწერი სოფიენზალში ჩაიწერა ვენის ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად.[13]

1958: „რაინის ოქრო“

რედაქტირება

1958 წლისთვის Decca და მისი ტექნიკური გუნდი, რომელსაც The Times-მა „Decca-ს შეუდარებელი ინჟინრები“ უწოდა,[14] მზად იყო „ბეჭდის“ ოთხივე ოპერის სრული სახით ჩასაწერად. კალშოს მოთხოვნით, კომპანიამ გადაწყვიტა ჩაწერა დაეწყო „რაინის ოქროთი“, რომელიც ციკლიდან პირველი და ყველაზე მოკლე ოპერაა. კალშომ დაიქირავა გეორგ შოლტი, ვენის ფილარმონიული ორკესტრი და ვაგნერის ცნობილი შემსრულებლებისგან შემდგარი მომღერალთა შემადგენლობა. მათ შორის იყო ფლაგსტადი ფრიკას როლში, რომელიც სცენაზე არასდროს ჰქონდა შესრულებული.[15]

ხმის ინჟინრების: გორდონ პერის და ჯეიმზ ბრაუნის დახმარებით კალშომ ვაგნერის მუსიკალური ინსტრუქციების შესასრულებლად მანამდე არნახული ზომები მიიღო. მაგალითად, ორი საორკესტრო ინტერლუდიისთვის, სადაც პარტიტურა 18 გრდემლს ითხოვს, რომლებზეც უროებით უკრავენ, (მოთხოვნა, რომელსაც საოპერო თეატრები არასდროს ასრულებენ), კალშომ შეუკვეთა და დაამზადებინა 18 გრდემლი,[] ხოლო პერიმ და ბრაუნმა წარმატებით შეძლეს მათი ჩაწერა. აქ და სხვაგანაც მიღებული ხმოვანების სიძლიერე და სიცხადე უპრეცედენტო იყო. ჩაწერის მაღალი სიზუსტე განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ხანგრძლივდასაკრავი დისკების მოყვარული პუბლიკისთვის, რაც კალშომ სწორად გათვალა.[17]

შემადგენლობა

რედაქტირება

ჩაწერის სესიების დაწყებამდე კალშოს კოლეგამ EMI-დან, ვალტერ ლეგემ, შოლტის და კალშოს უთხრა: „რაინის ოქრო?“ მშვენიერი ნაწარმოებია, მაგრამ ორმოცდაათ ცალსაც ვერ გაყიდით“.[19][] ლეგეს პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა. ჩანაწერმა მიმომხილველთა ქება დაიმსახურა. ჟურნალმა Gramophone-მა ჩანაწერის ხარისხს „გამაოგნებელი“ უწოდა, ხოლო კომპლექტს „შესანიშნავი... აღმატებული ყველაფერზე, რაც აქამდე გაკეთებულა“.[21] გაყიდვების რაოდენობაც უპრეცედენტო იყო. ჩანაწერი დაუყოვნებლივ მოხვდა Billboard-ის ჩარტებში „ელვის პრესლის და პეტ ბუნის გარემოცვაში, სხვა კლასიკური ჩანაწერი კი თვალსაწიერში არ ჩანდა“.[22]

Decca-ს „ბეჭდის“ პროგრესი კონტრაქტებთან დაკავშირებულმა გართულებებმა შეაჩერა. ყველა მხარე თანხმდებოდა, რომ დანარჩენი სამი ოპერის ჩასაწერად ბრუნჰილდეს როლში ბირგიტ ნილსონის მონაწილეობა გადამწყვეტი მნიშვნელობისა იყო. Decca-მ მოახერხა მასთან ექსკლუზიური კონტრაქტის გაფორმება, თუმცა, ნილსონმა წინაპირობა დაასახელა: „ბეჭდის“ ჩაწერის დაწყებამდე სტუდიას იგი „ტრისტან და იზოლდაში“ უნდა ჩაეწერა. დაახლოებით იმავე პერიოდში იგი დათანხმდა ჩაეწერა „ვალკირია“ RCA Records-ისთვის, რომელთანაც Decca-ს ტალანტების გაზიარების ორმხრივი შეთანხმება აკავშირებდა. ორივე აღნიშნული პროექტი განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ ვაგნერის ციკლში „რაინის ოქროს“ „ვალკირია“ მოჰყვება, RCA-ს ვერსიის გამოსვლიდან ასე მცირე ხნის შემდეგ ბაზარზე კიდევ ერთი „ვალკირიის“ მოთხოვნა არ არსებობდა, რის გამოც გადაწყდა, რომ Decca-ს ციკლში შემდეგი „ზიგფრიდი“ იქნებოდა, რომელიც ოთხი წლის შემდეგ გამოვიდა.[23]

1962: „ზიგფრიდი“

რედაქტირება

„ზიგფრიდისთვის“ კალშოს უკვე ჰყავდა ბრუნჰილდეს როლის წამყვანი შემსრულებელი ნილსონის სახით და ვოტანის/მოხეტიალის ასევე განთქმული შემსრულებელი ჰანს ჰოტერი, თუმცა, მთავარი როლისთვის ჰელდენტენორის შერჩევა რთული აღმოჩნდა. იმ დროისათვის ყველაზე განთქმული ზიგფრიდი ვოლფგანგ ვინდგასენი იყო, თუმცა, კალშოს აზრით, 48 წლის მომღერლის ხმა აშკარა გადაღლილობას ამჟღავნებდა ვაგნერის ურთულესი როლების ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში სიმღერის შემდეგ.[24] კალშომ იპოვა უფრო ახალგაზრდა მომღერალი, ერნსტ კოცუბი, თუმცა, შესანიშნავი ხმის მიუხედავად, კოცუბმა პარტიის დაძლევა ვერ შეძლო, რის გამოც პროდიუსერმა, უკანასკნელ მომენტში, კვლავ ვინდგასენს მიმართა.[25] ოპერაში ცნობილი ავსტრალიელი მომღერალი, ჯოან საზერლენდი ასრულებს ტყის ფრინველის პარტიას, როლს, რომელიც მისი ჩვეული რეპერტუარისგან მკვეთრად განსხვავებული იყო.[26]

შემადგენლობა

რედაქტირება

გამოხმაურება ძალიან პოზიტიური იყო. The Gramophone-ის ალეკ რობერტსონმა ჩანაწერს უწოდა „საუკეთესო ჩანაწერი ოპერისა, როგორც ასეთის, რაც ჯერჯერობით გაგვაჩნია... რომელიც ამ უდიდესი ნაწარმოების განსაცვიფრებელი შესრულების განსხეულებაა“.[28] The Stereo Record Guide წერდა: „შოლტის მომღერალთა შემადგენლობა უბადლოა. ვინდგასენი ფორმის პიკშია, როგორც ლირიულად, ისე ჰეროიკულად. ჰოტერი არასდროს ყოფილა ასეთი შთამბეჭდავი ჩანაწერში და მისი ვოტანი, ბოლოს და ბოლოს, ადეკვატურად იქნა დაფიქსირებული. შტოლცე, ნაიდლინგერი და ბემე სამაგალითონი არიან, ხოლო საზერლენდი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მაცდური ტყის ფრინველია“.[29] ჟურნალში High Fidelity კონრად ოზბორნმა ჩანაწერს უწოდა „შოლტის საუკეთესო ჩანაწერი დღემდე“ და დაამატა: „გადადით „ღმერთების დაისზე“, გთხოვთ“.[30]

1964: „ღმერთების დაისი“

რედაქტირება

„ღმერთების დაისის“ ჩაწერასთან დაკავშირებით კალშო წერს, რომ აუცილებელი იყო ნილსონთან, ვინდგასენთან და გოტლობ ფრიკთან (ჰაგენის როლზე) შეთანხმების მიღწევა, „წინააღმდეგ შემთხვევაში დაწყებას აზრი არ ჰქონდა“. აღნიშნული მოთხოვნა წარმატებით შესრულდა.[31] ერთადერთი ძირითადი როლი, რომლის შესაფერისი მომღერალი თავიდანვე ცხადი არ იყო, იყო გუნთერი, „მნიშვნელოვანი, მაგრამ სუსტი პერსონაჟი“, რომელსაც, კალშოს აზრით ძლიერი მომღერალი სჭირდებოდა, რათა არ დაჩრდილულიყო. პარტიის შესრულებაზე მან დიტრიხ ფიშერ-დისკაუ დაითანხმა.[32] II მოქმედებაში ვაგნერი რქისგან დამზადებულ საყვირებს ითხოვს. კალშომ გადაწყვიტა, არ მიემართა საოპერო თეატრების ჩვეული პრაქტიკისთვის, რომლებიც აღნიშნული ინსტრუმენტის ჩასანაცვლებლად ტრომბონებს იყენებენ და სპეციალურად შეუკვეთა აღნიშნული საყვირები, რათა კომპოზიტორის მიერ ნაგულისხმევი „პრიმიტიული, დაუხვეწავი ხმოვანება“ მიეღო.[32] სხვა, უფრო სადავო გადაწყვეტილება იყო I აქტის ბოლოს, როცა ტენორი ზიგფრიდი ბარიტონ გუნთერს ბაძავს, ვინდგასენის ხმის ტექნოლოგიური ალტერაცია, რათა იგი ფიშერ-დისკაუს ხმას დამსგავსებოდა.[32]

შემადგენლობა

რედაქტირება

„ღმერთების დაისს“ წინამბორბედებთან შედარებითაც კი მეტი აღფრთოვანება მოჰყვა. The Gramophone-ში ალეკ რობერტსონმა მას უწოდა „უდიდესი მიღწევა გრამოფონის ისტორიაში“,[34] ხოლო მუსიკის კრიტიკოსმა დესმონდ შოუმ „დიადი მიღწევა, რომელთან გატოლებაც რთული იქნება, ხოლო მისი ჯობნა – თითქმის შეუძლებელი“.[35] ენდრიუ პორტერმა იგი დაახასიათა, როგორც „მოვლენა გრამოფონის ისტორიაში“.[35] როჯერ კოუველი The Sydney Morning Herald-ში წერდა „Decca-ს დიდებული, გამაოგნებელი“ ახალი ჩანაწერის „ალქიმიაზე“,[36] ხოლო The New York Herald-Tribune-ში ალან რიჩი წერდა: „არა მხოლოდ ვაგნერი და „ღმერთების დაისია“ სათანადოდ გადმოცემული ამ ახალ ალბომში, არამედ, უეცრად, საოპერო ჩანაწერის მთელმა კონცეფციამ თითქოს ახალი აზრი შეიძინა“.[11]

1965: „ვალკირია“

რედაქტირება

Decca-ს ციკლის რიგით ბოლო ოპერისთვის ნილსონი და ჰოტერი კვლავ დაამტკიცეს თავიანთ პარტიებზე. ვინდგასენმა ზიგმუნდის სიმღერა არ ისურვა, რის გამოც როლზე ჯეიმზ კინგი აირჩიეს. ზიგლინდეს როლისთვის კალშომ ფრანგი მომღერალი, რეჟინ კრესპენი შეარჩია. ფლაგსტადი, რომელმაც ფრიკას როლი „რაინის ოქროში“ იმღერა, 1962 წელს გარდაცვლილიყო. კალშოს სურდა, რომ სანაცვლოდ ამ როლზე სხვა ყოფილი ბრუნჰილდე, ასტრიდ ვარნეი დაემტკიცებინა, თუმცა, მომღერალმა უარი თქვა და საბოლოოდ, როლი კრისტა ლუდვიგმა შეასრულა. ცხრა ვალკირიას შორის იყვნენ ცნობილი მომღერლები, მათ შორის, ჰელგა დერნეში, ბრიგიტე ფასბენდერი და ბერიტ ლინდჰოლმი.

შემადგენლობა

რედაქტირება

ჩანაწერი კარგად მიიღეს, თუმცა, ლირიულ „ვალკირიას“ არ შეეძლო იმ ფურორის მოხდენა, რაც „ღმერთების დაისმა“ გამოიწვია. The Times წერდა: „ღმერთების დაისის“ შემდეგ, ყველაფერი ანტიკლიმაქსია. შოლტის არ უცდია გადაემლაშებინა, არამედ, მოახერხა „ბეჭდის“ დამაკმაყოფილებლად დასრულება“.[38] სამი წინამორბედისგან განსხვავებით, „ვალკირია“ სათამაშო მოედანზე მარტო არ ყოფილა: არსებობდა ოპერის ჩანაწერები ვილჰელმ ფურტვენგლერის და ერიხ ლაინსდორფის დირიჟორობით. ზოგიერთი მიმომხილველის აზრით, ჰოტერის ვოტანი, რომელიც მომღერლის კარიერის მიწურულს დაემთხვა, ხმის საუკეთესო ფორმას ვერ ამჟღავნებდა. უილიამ მანი წერდა „ჰოტერის ბუნდოვან ვოტანზე“ და „კრესპენის „მოუქნელ ზიგლინდეზე“, თუმცა, რობერტსონის აზრით, მიუხედავად ჰოტერის „არაკომფორტული ადგილებისა“, ვერცერთი სხვა მომღერალი ვერ შეძლებდა, „პარტიაში მსგავსი ძალაუფლება ჩაედო“.[39] კიდევ ერთი, არცთუ სახარბიელო კომენტარი კომპოზიტორის შვილიშვილს, ვილანდ ვაგნერს ეკუთვნოდა, რომელმაც ვალტერ ლეგესთან შენიშვნა გამოთქვა „შოლტის ორგაზმზე ყოველ მეორე ტაქტში“.[40] შოლტი ბაიროითის ფესტივალზე მხოლოდ ვილანდ ვაგნერის გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ მიიწვიეს.[41]

1968: სრული ციკლი

რედაქტირება

1968 წელს Decca-მ გამოსცა სრული ციკლი 19 ხანგრძლივდასაკრავი ფირფიტისგან შემდგარი კომპლექტის სახით, რომელსაც თან ახლდა „ზიგფრიდის იდილია“ და „საბავშვო კატეხიზმო“ (Kinder-Katechismus), ორივე შოლტის დირიჟორობით, ასევე, „ბეჭდის“ ილუსტრირებული მუსიკალური ანალიზი ვაგნერის მკვლევარის, დერიკ კუკის ავტორობით.[42] ენდრიუ პორტერის შეფასებით, „Decca-ს დიდებული „ბეჭედი“, ზოგადად, ითვლება გრამოფონის უდიდეს მიღწევად“.[43] ჩანაწერები, მოგვიანებით, კომპაქტ-დისკებზე გამოსაცემად ანალოგური ფორმატიდან ციფრულ ფორმატში გადაიტანეს. Decca-მ ციფრულ ფორმატში გადატანა სამ სხვადასხვა დროს განახორციელა. პირველად 1984 წელს, კომპაქტ-დისკების საყოველთაო გავრცელებიდან ორიოდე წლის შემდეგ, შემდგომში კი, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით, 1997 და 2012 წლებში.[44] 2015 წლის ხელახალი გამოცემის შეფასებისას ჩრდილოეთ ამერიკის მუსიკალური კრიტიკოსების ასოციაციის ჟურნალისთვის პოლ რობინსონმა ჩანაწერი შეაფასა, როგორც „საეტაპო ჩანაწერი ... რომელთან შედარებითაც განისჯება ყველა სხვა“.[45] 1999 წელს Gramophone-ის, ხოლო 2012 წელს BBC-ის გამოკითხვებში Decca-ს „ბეჭედი“ ყველა დროის საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა[46] და აღნიშნული შეფასება აშშ-ში და ავსტრალიაში ბევრმა კრიტიკოსმა გაიმეორა.[47][48] როგორც სრულ ციკლს, ისე მის კომპონენტებს მოგებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის, დისკის მსოფლიო გრან-პრი (Grand Prix du Disque Mondiale) და გრემის ჯილდო.[49]

შენიშვნები

რედაქტირება
  1. არცერთი მათგანი ხმის ჩამწერი კომპანიების კუთვნილ სტუდიებში არ ჩაწერილა. Decca-მ „მაისტერზინგერები“ ვენაში, მუსიკალური გაერთიანების დიდ დარბაზში ჩაწერა (Großer Musikvereinssaal),[3] ხოლო EMI-ს „ტრისტანი“ ლონდონში, კინგსუეის დარბაზში იყო ჩაწერილი, რომელსაც ორივე სტუდია ლონდონში აქტიურად იყენებდა.[4]
  2. გარდა საოპერო წარმოდგენებისა, დისკების სახით გამოვიდა ზოგიერთი სამაუწყებლო კომპანიის მიერ გაკეთებული ჩანაწერებიc. მათ შორის იყო 1953 წელს ერთ-ერთი იტალიური რადიოსადგურისთვის ჩაწერილი მთლიანი ციკლი ვილჰელმ ფურტვენგლერის დირიჟორობით, რომელიც 1972 წელს გამოუშვეს[6] და ნორვეგიული რადიოსადგურისთვის შემოკლებული სახით ჩაწერილი „ღმერთების დაისი“, სადაც ბრუნჰილდეს პარტიას კირსტენ ფლაგსტადი ასრულებდა.[7]
  3. 1951 წლის „ღმერთების დაისი“ 1999 წელს გამოუშვეს, ხოლო 1955 წლის მთლიანი ციკლი 2006 წელს.[8]
  4. თავის წიგნში, რომელიც ციკლის ჩაწერის პროცესს ეხება, კალშოს მოჰყავს „სრულყოფილი ვაგნერიტის“, ერნესტ ნიუმენის ციტატა: „ნუთუ არ შეგვიძლია, უარი ვთქვათ სცენაზე და ხილულ მსახიობებზე, ხოლო ის გარეგანი ფაქტორები, რასაც მუსიკის კოჰერენტულობა მოითხოვს, შემოგვთავაზოს გაუპიროვნებელმა ხმებმა, რომლებიც ჩაბნელებულ აუდიტორიაში ტივტივებენ?“[10]
  5. კალშო წერს: „ზოგიერთი თეატრი რაიმე სახის ელექტრონული კომპრომისით გამოგვისტუმრებს ხოლმე, ხოლო სხვაგან გვესმის წკრიალი მეტალის ნაჭრებისა, რომლებსაც რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს ურტყამს, მაგრამ ვერასოდეს ვიღებთ იმ მტკიცე, შემაძრწუნებელ ხმოვანებას რომელსაც 18 გრდემლზე უროების რიტმული სიზუსტით ცემა გამოსცემს და რომელიც ნერვებზე გამაყრუებელ შეტევაში გადაიზრდება.“[16]
  6. სტერეოფონული ტექნოლოგიის გარიჟრაჟზე საჭირო იყო მონო და სტერეო ჩანაწერების ერთდროულად და ცალ-ცალკე, სხვადასხვა სისტემებზე ჩაწერა. კალშოს ზოგადი ხელმძღვანელობით მონო ჩანაწერის გაკეთებას პერი აკონტროლებდა, ხოლო სტერეო ჩაწერას სმითი და ბრაუნი აწარმოებდნენ.[18]
  7. აღნიშნული წარმოადგენს ლეგეს სიტყვების შოლტისეულ ვერსიას. ლეგეს მხრიდან მსგავს განწყობას კალშოც იხსენებს, თუმცა, ოდნავ განსხვავებული სიტყვებით: „ძალიან კარგია, ძალიან საინტერესოა. მაგრამ, რა თქმა უნდა, ვერცერთს ვერ გაყიდით“.[20]

რეკომენდებული ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Culshaw, p. 21
  2. Stuart, p. 1094
  3. 3.0 3.1 Stuart, pp. 1096 and 1102
  4. 4.0 4.1 Pettitt, pp. 49 and 60
  5. Culshaw, pp. 21 and 46
  6. თარგი:Oclc
  7. Stuart, pp. 1408–1409
  8. Culshaw, pp. 44–45; and Stuart, pp. 1117–1118
  9. 9.0 9.1 Culshaw, p. 17
  10. Culshaw, title pages
  11. 11.0 11.1 Rich, Alan. "New Recordings", St. Louis Post-Dispatch, 25 July 1965, p. 37
  12. "Mme. Kirsten Flagstad", The Times, 10 December 1962, p. 14
  13. Stuart, pp. 1125−1126 and 1129
  14. "The Götterdämmerung everyone has been waiting for", The Times, 8 May 1965, p. 5
  15. Culshaw, p. 130
  16. Culshaw, p. 94
  17. Culshaw, p. 99
  18. 18.0 18.1 Stuart, p. 1134
  19. Solti, p. 113
  20. Culshaw, p. 91
  21. Porter, Andrew, "Wagner – Das Rheingold", The Gramophone, March 1959, p. 85
  22. Culshaw, p. 124
  23. Culshaw, pp. 126–128
  24. Culshaw, p. 136
  25. Blyth, p. 395; and Culshaw, pp. 152–153
  26. Culshaw, p. 143
  27. Stuart, p. 1151
  28. Robertson, Alec. "Siegfried", The Gramophone, April 1963, quoted in Culshaw, p. 173
  29. Greenfield et al, p. 1430
  30. Quoted in Culshaw, p. 175
  31. Culshaw, pp. 181−182
  32. 32.0 32.1 32.2 Culshaw, John. "Götterdämmerung", The Gramophone, May 1965, pp. 517–518
  33. Stuart, p. 1159
  34. Robertson, Alec, "Wagner. Götterdämmerung, The Gramophone, May 1965, p. 541
  35. 35.0 35.1 Quoted in Culshaw, p. 220
  36. Covell, Roger. "Wagnerian glories", The Sydney Morning Herald, 17 July 1965, p. 12
  37. Stuart, pp. 1166–1167
  38. "First complete recording of The Ring", The Times, 24 September 1966, p. 6
  39. March, pp. 68 and 71
  40. Schwarzkopf, p. 79
  41. Solti, pp. 183–184; and Stuart, pp. 1240–1241
  42. Decca set RING 1–22 თარგი:Oclc
  43. Porter, Andrew. "The Ring", The Gramophone, December 1968, p. 883
  44. Sherwin, Michael. " Solti's Ring Remastered: Ascent to Valhalla or Descent into Nibelheim?" დაარქივებული 2022-06-08 საიტზე Wayback Machine. , Wagner Society of New York, June 2013
  45. Robinson, Paul. "Re-issue Of Solti 'Ring' Affirms It's Still Benchmark" დაარქივებული 2021-10-21 საიტზე Wayback Machine. , Classical Voice North America, 2 August 2015
  46. "Gramophone Classics", Gramophone, December 1999, p. 40
  47. Von Rhein, John. "Reissues add luster to Solti's legacy", The Chicago Tribune, Section 4, p. 3, 24 October 2012
  48. Cerebona, Ron. "A familiar Ring" დაარქივებული 2022-06-08 საიტზე Wayback Machine. , Sydney Morning Herald, 27 October 2012
  49. Culshaw, pp. 124, 175, 227 and 277