ნესტორ მაღალაშვილი

ნესტორ სიმონის ძე მაღალაშვილი (დ. 1882 — გ. 1937) — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, I მსოფლიო ომის წლებში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობის აქტიური მონაწილე.

ნესტორ მაღალაშვილი (1) „ქართული ლეგიონის“ წევრებს შორის

პოლიტიკური მოღვაწეობა 1900 წელს დაიწყო, როდესაც თავის ნათესავებთან — ლეო და გიორგი კერესელიძეებთან ერთად თბილისში ჩამოყალიბა „საქართველოს დამოუკიდებლობის წრე“. 1903 წლიდან თანამშრომლობდა ქართველ სოციალისტ-ფედერალისტებთან, ჩაბმული იყო 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში. 1906 წლის მაისში მონაწილეობდა დუშეთის გახმაურებულ ექსპროპრიაციაში. იმავე წელს ჟენევაში გაიქცა. 1907 წელს შვეიცარიის მთავრობამ მის ექსტრადირებაზე რუსეთს უარი უთხრა. სწავლობდა ჟენევის უნივერსიტეტში. 1910 წელს პეტრე სურგულაძესთან და ძმებ კერესელიძეებთან ერთად ჩამოაყალიბა „ქართველ სეპარატისტთა ჟენევის ჯგუფი“, რომლის მიზანი საქართველოს სახელმწიფოებრიობის აღდგენა იყო. 1913-1914 წლებში თანამშრომლობდა ჟენევაში გამომავალ გაზეთ „თავისუფალ საქართველოში“.

I მსოფლიო ომის წლებში (1914-1918) იყო გერმანიისა და ოსმალეთის ტერიტორიაზე მოქმედი „საქართველოს გათავისუფლების კომიტეტის“ წევრი (ოსმალეთში ცნობილი იყო მურად-ბეის სახელით), „ქართული ლეგიონის“ შტაბის უფროსი (პოდპოლკოვნიკის წოდებით). 1921 წელს საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ემიგრაციაში წავიდა თურქეთში. 1924-1926 წლებში იყო სტამბოლში კავკასიის გაერთიანებულ კონფედერატთა კომიტეტის წევრი, 1920-იანი წლების ბოლოს — თურქეთის ტერიტორიაზე მოქმედი ქართული პატრიოტული ორგანიზაციის, „თეთრი გიორგის“ ერთ-ერთი ლიდერი. 1930-იანი წლების დასაწყისში საქართველოში დაბრუნდა. 1935 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ დააპატიმრა. დაიღუპა მასობრივი რეპრესიების დროს. „წითელ ტერორს“ ემსხვერპლა ასევე მისი ძმა კონსტანტინე (კოხტა; დ. 1885 — გ. 1938).

ლიტერატურა

რედაქტირება