ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ნეილა ათეში( თურქ. Nejla Ateş, nee Naciye Batir, დ. 7 მარტი, 1932, კონსტანცა, რუმინეთი — გ. აპრილი, 2005 წელი, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი მსახიობი და მუცლის მოცეკვავე.[1]

ნეილა ათეში
დაბადების თარიღი 7 მარტი, 1932(1932-03-07)
დაბადების ადგილი კონსტანცა
გარდაცვალების თარიღი აპრილი, 2005 (73 წლის)
გარდაცვალების ადგილი სტამბოლი
ფსევდონიმი Nejla Ateş
საქმიანობა belly dancer
მოქალაქეობა  რუმინეთი
 თურქეთი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნეილა ათეში დაიბადა 1932 წლის 7 მარტს რუმინეთის ქალაქ კონსტანცაში თათრების ოჯახში. ის ოთხი დიდან ერთ-ერთი იყო ოჯახში. მისი მამა, გზის შემკეთებელი, გარდაიცვალა ავარიაში, როდესაც გოგონა სულ რაღაც ხუთი წლის იყო.

30-იან წლებში დედასთან ერთად თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად. უკვე 14 წლის ასაკში გოგონას სამუშაოდ ქარხანაში მოუწია წასვლა, რადგან ფინანსურად ოჯახს ძალიან უჭირდა. ბავშვობიდან უყვარდა სიმღერა და ცეკვა, ამიტომ შემოსავლის ნაწილს მშვილობელ მშობლებს აძლევდა, ნაწილს კი ცეკვის კერძო გაკვეთილებზე ხარჯავდა. გამორჩეული ნიჭის და შესაძლებლობების გამო, 17 წლის ასაკში მან შესანიშნავად ისწავლა ცეკვა. აკრობატული ელემენტების შესასწავლად იგი ცირკში წავიდა სამუშაოდ.

ფსევდონიმით „ნეილა ათეში“ მოიპოვა პოპულარობა, როგორც შესანიშნავმა მოცეკვავემ თურქეთში. მალე წარმოდგენის გამართვის შეთავაზებები დაიწყო ქვეყნის ფარგლებს გარეთაც. ჯერ მას კვიპროსში, შემდეგ პარიზში, რომში, ბაღდადში, კაიროში და აღმოსავლეთის სხვა ქალაქებში დაუძახეს წარმოდგენის გასამართად. მან მოახერხა, რომ ის შეემჩნიათ და ეცეკვა პარიზის ცნობილ მუსიკალურ დარბაზში (Casino de Paris) ისეთ ვარსკვლავებთან ერთად, როგორებიც არიან მორის შევალიე, ედიტ პიაფი, ჟოზეფინ ბეიკერი.

1954 წელს იგი მიიწვიეს შეერთებულ შტატებში, რათა ეთამაშა ბროდვეის მიუზიკლში, რომელიც დაფუძნებულია პიესაზე „Fanny“. გოგონას, რომლის მოძრაობები მღელვარე გველს წააგავდა, შეიყვარეს ამერიკელებმა. ის ჰოლივუდში შენიშნეს. იმავე წელს მან ითამაშა ფილმში „რიჩარდ ლომის გული“, შემდეგ კი ფილმში „Son of Sinbad“.[2] სათავგადასავლო ჟანრმა და ფართომასშტაბიანმა დეკორაციამ ამერიკელი მაყურებელი გულგრილი არ დატოვა.

აშშ-ში ცხოვრებისას მუშაობდა პროექტებზე ამერიკელ ცნობილ ადამიანებთან, როგორებიც არიან უილიამ ჰოლდენი, ბობ ჰოუპი, უილიამ არმსტრონგი, ასევე მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა გლორია სვენსონთან და მერილინ მონროსთან. თავად ჯუდი გარლანდს ძალიან სურდა მისგან ესწავლა ცეკვა. იგი მიწვეული იყო წვეულებებზე და გალა ვახშამებზე. „ნავთობის მეფემ“ შეპარდ კინგმა მას ხელი და გული შესთავაზა, თუმცა, ნეილამ მის ოჯახთან საერთო ენა ვერ გამონახა და შეთავაზებაზე უარი თქვა. 30 წლის ასაკშიც ძალიან მოთხოვნადი იყო, ცეკვავდა აშშ-ს სხვადასხვა ქალაქში. ამ ქვეყანაში ცხოვრების 10 წლის განმავლობაში მოახერხა 1 მილიონი დოლარის დაგროვება.

ერთი ღამის მოვლენებმა დიდი გავლენა იქონია მოცეკვავის ცხოვრებაზე. მისმა პირადმა მენეჯერმა ქალის მთელი დანაზოგი კაზინოში წააგო და თავი მოიკლა. ნეილა სასოწარკვეთაში ჩავარდა. ანგარიშზე ერთი გროშიც არ ჰქონდა დარჩენილი. ერთადერთი გამოსავალი იტალიელი სკულპტურის ალბიონ მარკოს წინადადება გოგონასგან ქანდაკების გამოძერწვა იყო. იგი ორი კვირის განმავლობაში პოზირებდა. როდესაც ქანდაკება მზად იყო, ის ნიუ-იორკის ერთ-ერთ საგამოფენო დარბაზში განათავსეს. ქანდაკება იმავე ღამეს მოიპარეს და მეორე დილით ცენტრალურ პარკში იპოვეს, რისი ერთ-ერთი მიზეზი იყო ტვირთის სიმძიმე.[3] ამან კიდევ ერთხელ მიიპყრო საზოგადოების ყურადღება მოცეკვავის მიმართ [4] და დაიწყო თანამშრომლობის საინტერესო შეთავაზებების მიღება. ათწლიანი პაუზის შემდეგ იგი ბროდვეიზე აღმოჩნდა. თუმცა, 1965 წელს მან გადაწყვიტა სამშობლოში, თურქეთში დაბრუნება. სამშობლოში მან ვერ დაიბრუნა თავისი ყოფილი დიდება, მიუხედავად ბარებში მრავალი გამოსვლისა. ეს იყო მისი სიღარიბეში ჩავარდნისა და თვითმკვლელობის არაერთი მცდელობის ერთ-ერთი მიზეზი. პირველად, როცა მან ტრანკვილიზატორები და ასპირინი მიიღო, თვითმკვლელობის ეს მცდელობა მის მაშინდელ თაყვანისმცემელთან, მომღერალ ბობი კოლტთან ჩხუბმა გამოიწვია. კოლტის მეუღლემ, ჰოუპ დაიმონდმა, მოცეკვავე დაასახელა ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც იგი ქმარს გაშორდა. შემდგომში ათეშმა არაერთხელ განაცხადა, რომ დაიღალა ამ ცხოვრებით.[4] მეორე მცდელობა თვითმკვლელობის ბარბიტურატის დოზის გადაჭარბების შედეგად მოხდა, რის შემდეგაც იგი მოკლე კომაში ჩავარდა. მისი კარიერის განმავლობაში (1952-1966), მან მიიღო მრავალი დაზიანებები, რომელთაგან ყველაზე გამორჩეული იყო ხერხემლის დისკის დაზიანება, რომელიც, სავარაუდოდ, ცეკვით იყო გამოწვეული. ყვითელმა პრესამ ათეშის პიროვნებაზე ერთ-ერთ გაზეთში დაწერა, რომ როდესაც ნეილა აშშ-დან თურქეთში გადავიდა, ნაცნობებმა იგი ვერ იცნეს, რადგან მას წონაში 90 კილოგრამზე მეტი ჰქონდა მომატებული.[5]

ნეილა გარდაიცვალა სტამბოლის საავადმყოფოში 2005 წლის აპრილში 73 წლის ასაკში.

  1. Türk lokumu Nejla Ateş. sabah.com.tr. ციტირების თარიღი: 21 November 2015.
  2. „Stars Interpret Oriental Dances“. Pittsburgh Post-Gazette. 10 March 1954. ციტირების თარიღი: 22 December 2010.
  3. „Venus and the Law“. LIFE: 129–132. 6 June 1955. ციტირების თარიღი: 22 December 2010.
  4. 4.0 4.1 Nejla Ates - The Private Life and Times of Nejla Ates. glamourgirlsofthesilverscreen.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ივლისი 2013. ციტირების თარიღი: 21 November 2015.
  5. Agâh Özgüç (2008). Turkish Film Guide: 1917-2008. Министерство культуры и туризма Турецкой Республики, გვ. 172. 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნეილა_ათეში“-დან