ნაბახტევის მხატვრობა
ნაბახტევის მხატვრობა — ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესიის კედელზე შესრულებული მხატვრობა. თარიღდება 1412-1413 წლებით[1]. მხატვრობის დამკვეთი იყო შუა საუკუნეების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე, ჭერათხევის ხეობის მფლობელი, ალექსანდრე I დიდის პაპა (დედის მხრიდან) ქუცნა ამირეჯიბი.
პირველი ექსპედიცია, რომელმაც ნაბახტევის მხატვრობა შეისწავლა შედგა 1916 წელს. ექსპედიციის შემადგენლობაში შედიოდნენ მხატვრები ლადო გუდიაშვილი, გიორგი ერისთავი, მოსე თოიძე, დიმიტრი შევარდნაძე და კინორეჟისორი მიხეილ ჭიაურელი. მათ გადმოიღეს პირები მოხატულობის თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ნაწილიდან[2].
მხატვრობა მაშინ უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო, ამიტომ გადაწყდა მოხატულობის საბოლოო დაღუპვისგან გადარჩენის მიზნით, მისი ჩამოხსნა და მუზეუმში გადატანა. ამჟამად ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება ყველა ჩამოხსნილი ფრაგმენტი და პირი[3][4].
ქრონოლოგიური ჩარჩოები
რედაქტირებანაბახტევის მხატვრობა დათარიღებული არაა, მის შესახებ არსებული ისტორიული წყაროები არაა საკმარისი მისი თარიღის დასადგენად. სწორედ ამიტომ, სამეცნიერო სფეროში ნაბახტევის მხატვრობის დასათარიღებლად გამოიყენება ფრესკაზე გამოსახული ისტორიული პიროვნებების გამოსახულებები.
ივანე ჯავახიშვილი მხატვრობას XV საუკუნის დასაწყისით ათარიღებს[5], ხოლო შალვა ამირანაშვილი — XV საუკუნის დასასრულით[6].
ნაბახტევის ფრესკაზე გამოსახულ სამეფო ტანსაცმელში გამოსახულ პირს ახლავს ასომთავრული წარწერა:
ႫႤႴႤႧ ႫႤႴႤ ႠႪႤႵႱႠႬႣႰႤ - მეფეთ მეფე ალექსანდრე
ქუცნა ამირეჯიბის სიგელში დაცულ ცნობებზე დაყრდნობით დადგენილია, რომ იგი ერთიანი საქართველოს ერთ-ერთი უკანასკნელ მეფე ალექსანდრე I დიდია, რომლის მეფობის თარიღია 1412-1442 წლები. ბუნებრივია სამეფო ტანსაცმელში არ გამოსახავდნენ პიროვნებას თუ იგი უკვე მეფე არ იყო. სწორედ ამ ლოგიკაზე დაყრდნობით ხელოვნებათმცოდნე ინგა ლორთქიფანიძე ასკვნის, რომ მხატვრობა შესრულებულია 1412-1413 წლებში[1].
ისტორიულ პირთა პორტრეტები
რედაქტირებაქტიტორთა გამოსახულება ეკლესიის სამხრეთ კედელზეა გამოსახული, იატაკიდან დაახლოებით ნახევარი მეტრის სიმაღლეზე. სამხრეთი კედელი პილასტრების საშუალებით სამ ტოლ ნაწილადაა დაყოფილი. ისტორიულ პირთა გამოსახულებები, წარმოდგენილი იყო კედლის პირველ ორ მონაკვეთზე და მათ შუა არსებულ პილასტრზე.
ქტიტორთა რიგი იწყება ალექსანდრე მეფის გამოსახულებით. იგი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთშია, საკურთხეველთან, ყველაზე საპატიო ადგილას. შემდეგ გამოსახულია დედოფალი. რომელსაც მკვლევრები ალექსანდრეს თანამეცხედრედ მიიჩნევენ. მომდევნო გამოსახულებაა ქუცნას ვაჟი, რამინი; შემდეგ ბავშვის ფიგურაა და, ბოლოს, თვით ქუცნა ამირეჯიბი და მისი მეუღლე რუსა. მათ შუა კიდევ ორი ვაჟია გამოსახული.
ალექსანდრე დიდი
რედაქტირებაალექსანდრე მეფის გამოსახულება საკმაოდ ფრაგმენტულია, შემორჩენილია შარავანდის ნაწილი, ფიგურის მხრები, მკლავები, სხეულის ქვედა ნაწილი და ფრაგმენტული წარწერა „მეფეთ მეფე ალექსანდრე“. იგი გამოწყობილია ქართველ მეფეთა ტრადიციულ ტანსაცმელში, რომელიც ბიზანტიური სამეფო კარიდანაა გადმოღებული. ალექსანდრე მეფის ჩაცმულობა ანალოგიებს პოულობს ბაგრატ III-ის გამოსახულებასთან, რომელიც ბედიის ტაძარში იყო შემონახული.
ნაბახტევის ფრესკა ალექსანდრე დიდის ერთადერთი დღემდე შემორჩენილი გამოსახულებაა.
მკვლევართა მოსაზრება, რომ მის გვერდით გამოსახულია მისი თანამეცხედრე არავითარ ეჭვს არ იწვევს. დედოფლის გამოსახულებიდან შემორჩენილია, საკმაოდ ნაზი და დახვეწილი მარჯვენა ხელი, რომელიც გაწვდილია აღმოსავლეთისაკენ ვედრების ნიშნად.
ქუცნა ამირეჯიბი
რედაქტირებაქუცნა ამირეჯიბი დგას ეკლესიის მოდელით ხელში, რაც მოწმობს, რომ იგი არის ეკლესიის მაშენებელიც და მოხატულობის დამკვეთიც. მისი ფიგურა ოდნავ მაღალია სხვების ფიგურებზე. ქუცნას თავთან მარცხნივ ჩანს მაკურთხებელი მარჯვენა. მის თავთან მარჯვენა მხარეს კი იკითხება ასომთავრული წარწერა:
ႠႫႨႰႤႿႨ
ႵႳႺႬႠ ႸႬႱ ႶႬ
ქუცნას აცვია კისერთან ღრმად ამოღებული, წინ გაჭრილი გრძელი კაბა ფართო სახელოებითა და ვიწრო მაჯებით, კისერთან და კიდეებზე მარგალიტებით შემკული. წელზე ცოტა დაბლა შემორტყმული აქვს ღვინისფერი ფართო ქამარი, რომელიც წინ სქელ მარყუჟად ინასკვება, გვერდებზე კი თავისუფალი ბოლოებით დაბლა ეშვება[7].
რელიგიური პირების გამოსახულება
რედაქტირებაეკლესიის აფსიდის კონქში შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის გამოსახულება ორივე მხარეს წმინდანების ფიგურებით, სატრიუმფო თაღში წარმოდგენილნი იყვნენ მღვდელმთავრები და წინასწარმეტყველნი. დარბაზისა და საკურთხევლის გამყოფი კედლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია ფხიზელი თვალი, მეორეში აბრაამის სტუმართმოყვარეობა (აქვე იყო იოანე ნათლისმცემლის ფიგურა, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი), ხოლო მესამეში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი და სვიმეონ მესვეტე[8].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ლორთქიფანიძე ი., ნაბახტევის მხატვრობა, თბ., 1973
- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990
- „ინგა ლორთქიფანიძე, ისტორიულ პირთა პორტრეტები ნაბახტევიდან“, // ჟურ. ძეგლის მეგობარი, №. 17 თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1969 წელი. — გვ. 18-26
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ი. ლორთქიფანიძე, ნაბახტევის მხატვრობა, თბ., 1973, გვ., 17
- ↑ ინგა ლორთქიფანიძე, ისტორიულ პირთა პორტრეტები ნაბახტევიდან, ძეგლის მეგობარი, თბ., 1969 წ., კრ. მე-17, გვ.18
- ↑ გ. გოგოლაძე, ხაშურის რაიონი, თბ., 1970, გვ., 18
- ↑ საქართველოს ისტორია, ტ. II, თბ. 2008 წ. გვ., 132
- ↑ ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, ტ. 4, თბ., 2012, გვ.,158
- ↑ შ. ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, თბ., 1961, გვ. 355
- ↑ ინგა ლორთქიფანიძე, ისტორიულ პირთა პორტრეტები ნაბახტევიდან, ძეგლის მეგობარი, თბ., 1969 წ., კრ. მე-17, გვ. 24
- ↑ მგალობლიშვილი მ., მამაიაშვილი ი., სანიკიძე თ., ქარუმიძე თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, გვ. 439-440, თბ., 1990