მყინვარული ცირკი
მყინვარული ცირკი, სინ. მყინვარული კარი[1][2][3] — სავარძლისებრი ჩაღრმავება ტროგის ზემო ნაწილში ან მყინვარებით დაფარულ მთის კალთებზე. აქვს სამი მხრიდან ციცაბო, კლდოვანი ფერდობები და ჩაზნექილი ფსკერი.[4]
წარმოიქმნება ნივალური ჰავის პირობებში მყინვარის ან თოვლის ლაქების ზემოქმედებით, აგრეთვე ნივაციით; ზოგჯერ მყინვარული ცირკი ამოვსებულია მყინვარით ან ფირნით; ზოგში სეზონური თოვლია დაგროვილი. მყინვარული ცირკის ევოლუციის შუა და ბოლო სტადიაზე ფსკერზე შეიძლება გაჩნდეს მყინვარული ტბა, ჭაობი ან მდელო.[4]
ზომები ძლიერ ცვალებადია. საშუალოდ მისი სიგანეა 1–2 კმ, უკანა კედლის სიმაღლეა დაახლოებით 300 მ. თუმცა არსებობს გიგანტური ფორმებიც. მაგ., მაუნტ-ლისტერზე მდებარე უოლკოტის ცირკის სიგანეა 16 კმ, ხოლო უკანა კედლის სიმაღლე 3 კმ. სტატისტიკის თანახმად, მყინვარული ცირკის სიგრძის შეფარდება მის სიღრმესან თითქმის ყოველთვის მოქცეულია 2,8-იდან 3,2-მდე ინტერვალში, თუმცა ბაფინის მიწაზე ეს მაჩვენებელი უდრის 4,1-ს, ხოლო ანტარქტიკაში 5,9-ს.[3]
მიჩნეულია, რომ ასეთი მიმართება ასახავს მყინვარული ცირკის სიმწიფის ხარისხს, ვინაიდან მისი სიგრძე სიღრმესთან შედარებით უფრო მალე იზრდება. ნამდვილი მყინვარული ცირკი წარმოიქნება მხოლოდ ამოფრქვეული და მეტამორფული ტიპის ქანებში. განაპირა მხარეს გააჩნია საშუალო სიმაღლის საფეხურები — რიგელი. ცირკის გაფართოების შემდეგ, ახლო მდებარე კედლები განიცდიან ერთმანეთის გადაკვეთას და შედეგად იქმნება ციცაბო თხემები და რელიეფის სპეციფიკური ფორმა — კარლინგი.[5]
საქართველოში ცირკი ფართოდაა გავრცელებული. კოდორის ქედისა და ეგრისის ქედებზე რელიეფში კარგადაა შემონახული მყინვარული ცირკები. რამდენიმე ძველი მყინვარული ცირკია თავმოყრილი შდავლერის ქედზე და სხვა. ქართლის ქედზე, ჭიჩოს მთის ჩრდილოეთ კალთაზე შემორჩენილია რამდენიმე პატარა მყინვარული ცირკი.
ხშირად მყინვარული ცირკი მყინვარული ტბებითაა დაკავებული (მაგ., ადუედააძიჟი, ტანიეს ტბა და სხვა).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Encyclopedia of Geomorphology. Edited by A.S. Goudie. Volume 1, A–I. 2004.
- ↑ Cirque | geology | Britannica - Encyclopedia Britannica
- ↑ 3.0 3.1 Гляциологический словарь / Под ред В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 528 с.
- ↑ 4.0 4.1 გეომორფოლოფიური ლექსიკონი, გამომცემლობა ნეკერი, თბილისი, 1996.
- ↑ Ахромеев Л.М. Геоморфологический словарь-справочник. БГУ, Брянск, 2002 г., 320 стр.,