მღვიმეს ეკლესია

მღვიმეს ეკლესია — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში

მღვიმეს ეკლესია — არქეოლოგიური, არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფილ სოფელ ჟინვალიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 0,5 კილომეტრზე, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას, ფერდობზე. განეკუთვნებოდა განვითარებულ შუა საუკუნეებს. განადგურდა ჟინვალჰესის კაშხალის მშენებლობის დროს. 1975-1979 წლებში გათხარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ჟინვალის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. ნასოფლარზე შემორჩენილი იყო ეკლესიის, ზურგიანი კოშკის, საცხოვრებელი კომპლექსის და ოთხკუთხა ნაგებობის ნანგრევები.

ეკლესია მდებარეობდა ნასოფლარ მღვიმეს განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, განეკუთვნებოდა VIII-IX საუკუნეებს. ნაგები იყო სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში ჰქონდა მოწყობილი. აღმოსავლეთით, ორი საფეხურით შემაღლებული, ოდნავ ნალისებრი აფსიდის ღერძზე გაჭრილი სარკმლის წირთხლები და თაღი შირიმის ნათალი ქვებით იყო გამოყვანილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიშენებული იყო კუბური ტრაპეზი. საკურთხევლის წინ იდგა ნატეხი ქვით ნაგები კუბური ფორმის კვარცხლბეკზე ჯვრის ჩასასმელი სწორკუთხა ღრმულით. ეკლესიას ჩრდილო-დასავლეთიდან თანადროული მინაშენი ეკვროდა, რომლის შესასვლელიც ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მოწყობილი. მეორე მინაშენი ეკლესიას სამხრეთიდან ჰქონია. იგი ეკლესიისათვის გვიანდელ შუა საუკუნეებში მიუშენებიათ.

ეკლესიაში გათხრილია ერთი სამარხი, ხოლო მის გარშემო, 33 ქვისსამარხი, ამოშენებულკედლებიანი სამარხი და აკლდამა. აღმოჩნდა XI-XIII საუკუნეების მინის მძივები, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, საყურეები, რკინის სამაჯურები, სარდიონის მძივები და სხვა.

ლიტერატურა

რედაქტირება