მუშური (სიმღერა)
მუშური — სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებული ქართული ხალხური კოლექტიური შრომის სიმღერა. გავრცელებულია ქართლსა და კახეთში. იშვიათად გვხვდება რაჭულ და იმერულ მუსიკალურ ფოლკლორში. მუშური ორ და სამხმიანი სიმღერაა. ფორმის, სტრუქტურის, რიტმ-ინტონაციის ნაირსახეობა, ვარიანტულობა, მეტრის ცვალებადობა დაკავშირებულია შრომის პროცესის ხასიათსა და თავისებურებებთან (მკის, თიბვის, თოხნის, ბარვის პროცესი, ყურძნის დაწურვა) შრომის სხვა სიმღერებისაგან განსხვავებით, მუშური სრულდებოდა როგორც მუშაობის პროცესში, ისე მუშაობის დაწყებამდე, შესვენებისას და მუშაობის დამთავრების შემდეგაც, სახლში დაბრუნებისას. სიტყვიერი ტექსტი ნებისმიერია — ზოგი აგებულია მხოლოდ შეძახილებზე („ჰარი არალო, არალალო“...) ზოგი ასახავს შრომის პროცესს („გავლესოთ, ძმებო, ნამგალი, პური შეგვქმნია სამკალი“...); ვხვდებით აგრეთვე ლირიკულ სატრფიალო ლექსებს („ნეტა, ქალო, მომხილავო, რამ შეგქმნა და რამ დაგხატა...“). საერთოდ, მუშურს მღეროდნენ ნადის (აღმოსავლეთ საქართველოში მამითადი, ნაცვალგარდი, მოდგამი) დროს. სამხმიან მუშურს ასრულებს 2 მთქმელი მორიგეობით, ხან პარალელურად ჰარმონიული ბანის ფონზე. ორხმიანი მუშურის მელოდიას ავითარებს მთქმელი ბურდონული ბანის თანხლებით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩხიკვაძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 226.