მოჰამედ ვაჰიდ ჰასანი
მოჰამედ ვაჰიდ ჰასან მანიკი (მალდ. ޑރ. މުޙައްމަދު ވަޙީދު ޙަސަން މަނިކު; დ. 3 იანვარი, 1953) — მალდიველი პოლიტიკოსი, რომელმაც მალდივის პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა 2012 წლის 7 თებერვლიდან 2013 წლის 17 ნოემბრამდე. იგი პრეზიდენტი გახდა მოჰამედ ნაშიდის გადადგომის შემდეგ, რადგან ვიცე-პრეზიდენტადის თანამდებობა ეკავა. მანამდე ის მუშაობდა ტელეწამყვანად, მასწავლებლად, დირექტორად, გაეროს საერთაშორისო სამოქალაქო მოხელედ UNICEF-ში, UNDP-სა და UNESCO-ში, ასევე იყო მალდივის პარლამენტის წევრი.
მოჰამედ ვაჰიდ ჰასანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 3 იანვარი, 1953 (71 წლის) |
დაბადების ადგილი | მალე |
მოქალაქეობა | მალდივის რესპუბლიკა |
განათლება | ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი, სტენფორდის უნივერსიტეტი და Stanford Graduate School of Education |
მეუღლე/ები | Ilham Hussain |
ჯილდოები | Knight Grand Cordon with Collar of the Order of Palestine |
მან პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა 2012 წლის 7 თებერვალს, მოქმედი პრეზიდენტის მოჰამედ ნაშიდის გადადგომის შემდეგ. თავდაპირველად, ნაშიდი ამტკიცებდა, რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა გამოძიების ეროვნული კომისიის დამოუკიდებელმა ანგარიშმა ეს ბრალდებები უსაფუძვლოდ ცნო.[1] ნაშიდმა თავდაპირველად ეს ანგარიში მიიღო „გარკვეული დათქმებით“, მაგრამ მოგვიანებით სრულად უარყო იგი.
მისი მოკლე მმართველობის პერიოდი მალდივის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მღელვარე პერიოდად ითვლება.[1] ვაჰიდი პრეზიდენტობის პერიოდში რასობრივი შევიწროების მსხვერპლი გახდა და მისი ყოფილი მოკავშირის მოჰამედ ნაშიდის მხარდამჭერებმა მოღალატედ შერაცხეს. ვაჰიდი დამარცხდა 2013 წლის არჩევნებში, სადაც მხოლოდ 5 %-ზე ოდნავ მეტი ხმა მიიღო. ხმების გაყალბების შესახებ კონტროვერსიისა და პოლიციის გამოძიების შემდეგ, ამ არჩევნების შედეგები მალდივის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა, რის შემდეგაც ვაჰიდმა გადაწყვიტა ხელახლა არ ეყარა კენჭი.[2]
ვაჰიდი არის ყველაზე ხანდაზმული პირი, ვინც პრეზიდენტის თანამდებობაზე დაინიშნა, ფიცის დადების მომენტში ის 59 წლის იყო.
ბიოგრაფია
რედაქტირებავაჰიდი დაიბადა ჰასან იბრაჰიმ მანიკუსა და აიშათ მუსას ოჯახში. იგი ათი შვილიდან უფროსი იყო. პრეზიდენტმა ვაჰიდმა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში ოთხი წელი ისწავლა, აქედან ორი წელი ლიბანის სამოქალაქო ომის დროს; მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი ინგლისურ ენაში და დიპლომი განათლების მიმართულებით. 1976 წლისთვის პრეზიდენტი ვაჰიდი დაბრუნდა მალდივებში და დაიწყო ენის სწავლება მალეს (მალდივების დედაქალაქი) ჯამალუდინის სკოლაში. პრეზიდენტმა ვაჰიდმა ასწავლა მრავალ სტუდენტს, რომლებიც შემდეგ მალდივური საზოგადოების გავლენიან წევრებად იქცნენ როგორც მთავრობაში, ისე კერძო სექტორში. მის სტუდენტებს შორის არის ტელევიზიის პოპულარული კომიკოსი იუსუფ რაფიუ (ცნობილი როგორც იუსაი), ასევე მთავრობის წევრები, როგორიცაა პარლამენტის ყოფილი სპიკერი და ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, აბდულა შაჰიდი. პრეზიდენტმა ვაჰიდმა ასევე ასწავლა მაღალი რანგის მრავალ საჯარო მოხელეს, როგორიცაა ამჟამინდელი საარჩევნო კომისარი და საპრეზიდენტო საქმეთა მინისტრი მოჰამედ ჰუსეინი. ამ პერიოდში პრეზიდენტმა ვაჰიდმა ასევე დახმარება გაუწია მალდივის სკოლებში ინგლისური ენის პირველი სასწავლო პროგრამის შემუშავებას.
1976 წლის სექტემბერში პრეზიდენტ ვაჰიდს მიენიჭა სრული სტიპენდია აშშ-ის სტენფორდის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად. 1979 წელს განათლების მენეჯმენტის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, იგი დაბრუნდა მალდივებში და დაიწყო მუშაობა განათლების სამინისტროში. 1986 წელს დაასრულა დოქტორანტურა ასევე სტენფორდის უნივერსიტეტში, რის შემდეგაც ორი წელი დარჩა ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი ახალდაბადებული ვაჟის სამედიცინო მკურნალობის საჭიროების გამო. მას ჰქონდა შესაძლებლობა დარჩენილიყო შეერთებულ შტატებში და გადაწყვიტა სამშობლოში დაბრუნება, უარი თქვა სან-ფრანცისკოში ტექნოლოგიური ფირმის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.
სან-ფრანცისკოდან მალდივებში დაბრუნების შემდეგ (1988 წლის ბოლოს), იგი გახდა განათლების სამინისტროს საგანმანათლებლო სერვისების დირექტორი. მას ეკავა სამინისტროს ხელმძღვანელის პოზიცია რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ ახალი განათლების მინისტრი დაინიშნებოდა. ამ პერიოდში იგი ასევე იყო დივეჰი ენისა და ლიტერატურის ეროვნული საბჭოს წევრი, ატოლების განვითარების საკონსულტაციო საბჭოს წევრი და მალდივების ახალგაზრდობის საბჭოს წევრი.
გაერო
რედაქტირებავაჰიდმა მალდივები 1992 წელს დატოვა და დაიწყო მუშაობა UNICEF-ში, სადაც მუშაობდა ტანზანიასა და შემდეგ ბანგლადეშში. მოგვიანებით ის გადაიყვანეს გაეროს შტაბ-ბინაში ნიუ-იორკში და დანიშნეს უფროს მრჩევლად, სადაც ის კოორდინირებას უწევდა UNICEF-ის გლობალურ პოლიტიკას.[3] 2001 წელს ის გადაიყვანეს UNICEF-ის სამხრეთ აზიის ოფისში კატმანდუში, ნეპალი, სადაც ხელმძღვანელობდა რეგიონულ პროგრამებს. მოგვიანებით გახდა UNICEF-ის ავღანეთის ოფისის ხელმძღვანელი.[3]
მალევე ვაჰიდს სთხოვეს ნიუ-იორკში დაბრუნება, სადაც იყო UNICEF-ის წარმომადგენელი და UNDCO-ს ასოცირებული დირექტორი. მალდივებში პოლიტიკური მოვლენების გამო, ვაჰიდმა გაეროდან პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა, რათა მონაწილეობა მიეღო ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრების პროცესში.[3]
პრეზიდენტობა
რედაქტირება2012 წლის 7 თებერვალს ვაჰიდმა პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა პრეზიდენტ ნაშიდის სადავო გადადგომის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ იძულებული გახდა იარაღის მუქარით გადამდგარიყო სახელმწიფო გადატრიალების შედეგად. ერთი კვირის შემდეგ, რამდენიმე პირმა, მათ შორის ვაჰიდის საკუთარმა ძმამ, ნაუშად ვაჰიდმა, მოჰამედ ვაჰიდი სავარაუდო გადატრიალებაში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა. ვაჰიდი ასევე გააკრიტიკეს როგორც ნაშიდის პარტიამ, ისე რამდენიმე ადამიანის უფლებათა ორგანიზაციამ და საერთაშორისო საზოგადოებამ 8 თებერვალს ნაშიდის მხარდამჭერებსა და მალდივების პოლიციას შორის შეტაკებების დროს მომხდარი ადამიანის უფლებების დარღვევების გამო.[4] თუმცა ვაჰიდი და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდა ნებაყოფლობით და კონსტიტუციის შესაბამისად[5][6] და დათანხმდნენ ნაშიდის გადადგომასთან დაკავშირებული მოვლენების დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.[7]
BBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვაჰიდის მიერ ყოფილ პრეზიდენტ გაიუმთან დაკავშირებული რამდენიმე მინისტრის დანიშვნამ „ეჭვები გააჩინა“ და რომ „უმრავლესობა თვლის, რომ სხვა ძალები იდგნენ“ იმ პროტესტების უკან, რომლებმაც ნაშიდი თანამდებობიდან გააძევეს.[8] 11 თებერვალს ვაჰიდმა შესთავაზა ერთიანობის მთავრობის შექმნა, მაგრამ ეს შეთავაზება ნაშიდის მხარდამჭერებმა უარყვეს.[9] 19 თებერვალს ვაჰიდმა გაიუმის ქალიშვილი დუნია მომუნი სახელმწიფო მინისტრად დანიშნა, რამაც კრიტიკის ახალი ტალღა გამოიწვია, თუმცა ასევე თანამდებობაზე დანიშნა შაჰიმ ალი საიდი, რომელიც „პროგრესულად მიიჩნევა“.[10]
სავარაუდო გადატრიალების შემდეგ კვირებში, ნაშიდმა თანამეგობრობის ქვეყნებს (Commonwealth of Nations) სთხოვა, დამუქრებოდნენ მალდივებისდან გაძევებით, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდებოდა. თანამეგობრობამ მხარი დაუჭირა ნაშიდის მოწოდებას ვადამდელი არჩევნების შესახებ და მოუწოდა როგორც ნაშიდს, ისე ვაჰიდს, დაეწყოთ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე ახალი არჩევნების ჩასატარებლად. ვაჰიდმა განაცხადა, რომ ვადამდელი არჩევნები შესაძლებელი იყო, მაგრამ „პირობები უნდა ყოფილიყო შესაფერისი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველსაყოფად“.[11]
2012 წლის 1 მარტს ნაშიდმა ხელი შეუშალა ვაჰიდს მალდივის პარლამენტის გახსნაში. ბრალს სდებდა, რომ მან დაარღვია დაპირება ახალი არჩევნების თარიღის დანიშვნის შესახებ.[5] 19 მარტს მან კვლავ სცადა პარლამენტის გახსნა და ისევ შეაჩერეს ნაშიდის მომხრე პარლამენტარებმა. ოთხი ოპოზიციონერი პარლამენტის წევრი შენობიდან გაიყვანეს, როდესაც მათ სცადეს ვაჰიდზე ფიზიკური თავდასხმა მისი გამოსვლის დროს. ვაჰიდმა უპასუხა სიტყვით, რომელშიც ეროვნული ერთიანობისკენ მოუწოდა.[6]
მოჰამედ ნაშიდი თავდაპირველად ამტკიცებდა, რომ მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, თუმცა ეს ბრალდებები უარყვეს ეროვნული გამოძიების კომისიის (CoNI) დამოუკიდებელი ანგარიშით.[1] ნაშიდმა თავდაპირველად ეს ანგარიში მიიღო „დათქმებით“, მაგრამ შემდგომში სრულად უარყო იგი. ეროვნული გამოძიების კომისია შეიქმნა 2012 წლის 21 თებერვალს და თავისი ანგარიში გამოაქვეყნა 2012 წლის 30 აგვისტოს.[12]
კომისია შედგებოდა 5 წევრისა და ორი მრჩევლისგან, მათ შორის გაეროსა და თანამეგობრობის წარმომადგენლებისგან. სინგაპურის უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე გ. პ. სელვამი თანამეგობრობამ წამოაყენა კომისიის ხელმძღვანელად. კომისიის 5 წევრს შორის ასევე იყო ნაშიდის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ანგარიშის მთელ პროცესში გამოძიებიდან პროექტის შედგენამდე, მაგრამ გადადგა 2012 წლის 29 აგვისტოს, კომისიის ანგარიშის გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე. მის გადადგომასთან დაკავშირებით ორმა მრჩეველმა - გაეროსა და თანამეგობრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ
კომისიის ანგარიშმა დაასკვნა, რომ „საბოლოო ჯამში, კომისია ასკვნის, რომ არ ყოფილა არანაირი უკანონო იძულება ან დაშინება და არც სახელმწიფო გადატრიალება. კომისიას არ მიუღია არანაირი მტკიცებულება, რომელიც მხარს უჭერს ან ადასტურებს ამ ბრალდებებს.“[13]
მოკლედ, კომისიის დასკვნები შემდეგია:
- 2012 წლის 7 თებერვალს მალდივის რესპუბლიკაში პრეზიდენტის ცვლილება იყო კანონიერი და კონსტიტუციური.[14]
- 2012 წლის 6 და 7 თებერვალს მომხდარი მოვლენები დიდწილად იყო რეაქცია პრეზიდენტ ნაშიდის ქმედებებზე.[15]
- პრეზიდენტ ნაშიდის გადადგომა იყო ნებაყოფლობითი და მისი საკუთარი ნების გამოხატულება. ის არ იყო გამოწვეული რაიმე უკანონო იძულებით ან დაშინებით.[16]
- 2012 წლის 6, 7 და 8 თებერვალს ადგილი ჰქონდა პოლიციის სისასტიკის ფაქტებს, რომლებიც უნდა გამოიძიონ და შემდგომი რეაგირება მოახდინონ შესაბამისმა ორგანოებმა.[17]
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
რედაქტირება2013 წლის 7 სექტემბერს ვაჰიდმა კენჭი იყარა მალდივის პრეზიდენტის თანამდებობაზე, მაგრამ დამარცხდა ოთხმხრივ რბოლაში, სადაც მას უპირისპირდებოდა სამი სხვა კანდიდატი, მათ შორის ფავორიტი და ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ ნაშიდი. ნაშიდმა პირველი ადგილი დაიკავა ხმების 45,45%-ით (95 224 ხმა). ნაშიდს მოჰყვებოდა აბდულა იამინი, რომელმაც ხმების 25,40 % მიიღო (53 099), გასიმ იბრაჰიმმა მიიღო ყველა ხმის 24,02% (50 422), ხოლო ვაჰიდმა მხოლოდ 5,13 % (10,750).[18][19]
ოჯახი
რედაქტირებაის დაქორწინებულია ილჰამ ჰუსეინზე, მალდივის აუტიზმის ასოციაციის დამფუძნებელზე. მათ ჰყავთ სამი შვილი: ვიდჰადი, ფიდჰა და ჯეფრი სალიმ ვაჰიდი.
ჯეფრი სალიმ ვაჰიდი დაინიშნა პოლიტიკურ თანამდებობაზე აბდულა იამინის მმართველობის პერიოდში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 CoNI Report en. ციტირების თარიღი: 2021-10-24
- ↑ France24 News Agency Report on Stalled Election en. ციტირების თარიღი: 2021-10-24
- ↑ 3.0 3.1 3.2 Dr. Waheed's Biography. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2012]
- ↑ Lawson, Alastair (14 May 2012). „Maldives President Denounced in the UK by His Brother“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 March 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2012.
- ↑ 5.0 5.1 Vikas Bajaj. (1 March 2012) Protesters Block Maldives President From Parliament Address. ციტირების თარიღი: 31 March 2012
- ↑ 6.0 6.1 „Maldives Parliament Opening Marred by Clashes“. BBC News. 19 March 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 November 2021. ციტირების თარიღი: 31 March 2012.
- ↑ Hodge, Amanda (13 February 2012). „New Maldives Leader Mohamed Waheed Hassan Appeals to Australia“. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 February 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2012.
- ↑ Lang, Olivia (17 February 2012). „Q&A: Maldives Crisis“. BBC News. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 November 2016. ციტირების თარიღი: 31 March 2012.
- ↑ Bajaj, Vikas (11 February 2012). „Party in Maldives Rejects Offer of a Unity Coalition“. The New York Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 March 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2012.
- ↑ R.D. Radhakrishnan (19 February 2012). „Waheed Defends Gayoom's Daughter's Induction“. The Hindu. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 March 2012. ციტირების თარიღი: 31 March 2012.
- ↑ „Maldives Crisis: Commonwealth Urges Early Elections“. BBC News. 23 February 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 March 2012. ციტირების თარიღი: 2 April 2012.
- ↑ Commission of National Inquiry. (August 30, 2012) The CoNI Report. Government of Maldives. ციტირების თარიღი: April 4, 2024
- ↑ Commission of National Inquiry. (August 30, 2012) The CoNI Report. Government of Maldives. ციტირების თარიღი: April 4, 2024
- ↑ Commission of National Inquiry. (August 30, 2012) The CoNI Report. Government of Maldives. ციტირების თარიღი: April 4, 2024
- ↑ Commission of National Inquiry. (August 30, 2012) The CoNI Report. Government of Maldives. ციტირების თარიღი: April 4, 2024
- ↑ Commission of National Inquiry. (August 30, 2012) The CoNI Report. Government of Maldives. ციტირების თარიღი: April 4, 2024
- ↑ Commission of National Inquiry. (August 30, 2012) The CoNI Report. Government of Maldives. ციტირების თარიღი: April 4, 2024
- ↑ Election Commission of Maldives.
- ↑ Ahmed, Fazeena (24 September 2013). „Elections Commission Halts Runoff Preparations After Injunction“. Haveeru Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 September 2013. ციტირების თარიღი: 24 September 2013.