მოშე შამირი (ებრ. משה שמיר‎), დ. 15 სექტემბერი, 1921, ცფათი — გ. 20 აგვისტო, 2004, რიშონ- ლე-ციონი) — ისრაელელი მწერალი, ლიტერატურული პრემიების მფლობელი და ისრაელის სახელმწიფო პრემიის მფლობელი ლიტერატურაში. წერდა ივრითულ ენაზე. აღიარებულია პალმახის თაობის წამყვან მწერლად[7] და ებრაული ლიტერატურის კლასიკოსად.[8]

მოშე შამირი
ებრ. משה שמיר
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი, 1921(1921-09-15)[1] [2] [3] [4] [5]
დაბადების ადგილი ცფათი[1]
გარდაცვალების თარიღი 20 აგვისტო, 2004(2004-08-20)[6] [2] [1] [3] (82 წლის)
გარდაცვალების ადგილი რიშონ ლეციონი
საქმიანობა მწერალი, ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და newspaper editor
მოქალაქეობა  ისრაელი
ალმა-მატერი Herzliya Hebrew Gymnasium
ჯილდოები ისრაელის პრემია, ბიალიკის პრემია, Brenner Prize, Ussishkin Prize და Newman Prize

ბიოგრაფია

რედაქტირება

ცხოვრების უმეტესი ნაწილი მან თელ-ავივში გაატარა. სწავლობდა ჰერცლიას გიმნაზიაში. ახალგაზრდობაში ის იყო მემარცხენე ორიენტაციის სიონისტური მსოფლიო ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი. 1941-47 წლებში იყო კიბუცის „Mishmar HaEmeka“-ს წევრი. 1944 წელს გახდა პალმახის მებრძოლი. ისრაელის სახელმწიფოს ჩამოყალიბების დროს იგი მაპამის პარტიის წევრი გახდა. ექვსდღიანი ომის შემდეგ ის იყო მოძრაობა „განუყოფელი ისრაელისთვის“ შექმნის ინიციატორებიდან ერთ-ერთი და შეუერთდა მემარჯვენე ცენტრის, ეროვნულ კონსერვატიულ პოლიტიკურ „ლიკუდის“ პარტიას. 1966 წელს გახდა გაზეთ „მაარივის“ რედაქციის წევრი და ლიტერატურული რედაქტორი.

1977 წელს შამირი აირჩიეს მე-9 ქნესეთის წევრად „ლიკუდის“ პარტიის სიით. 1978 წელს, ეგვიპტესთან სამშვიდობო ხელშეკრულებების გაფორმებისას, იგი შეეწინააღმდეგა შეთანხმებას. 1979 წელს, მას შემდეგ რაც მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, მან და გეულა კოენმა დატოვეს პარტია „ლიკუდის“ რიგები, რის შემდეგაც იგი გახდა პარტია „თიას“ (התחייה - აღორძინება) ერთ-ერთი დამფუძნებელი.

შემოქმედება

რედაქტირება

1947 წელს მოშე შამირმა დაწერა თავისი პირველი რომანი „Hu halah ba-sadot“ („ის დადიოდა მინდვრებში“, 1977 წელს გამოქვეყნდა რუსულ თარგმანში, გამომცემლობა „Biblioteka-Aliya“, იერუსალიმი). რომანში აღწერილია კიბუცის ცხოვრება და პალმახის ყოველდღიურობა. რომანის მთავარი გმირია ურია, რომელიც ასახავს ისრაელის სახელმწიფოსთვის მებრძოლთა თავგანწირულ თაობას. რომანი ათზე მეტჯერ იქნა გამოქვეყნებული და ავტორის მიერ გადაკეთდა პიესად და ფილმის სცენარად (რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში მთავარი როლი ასი დაიანმა შეასრულა და ამ მომენტიდან იგი გახდა ისრაელის საკულტო მსახიობი).

ერთ-ერთ ოპერაციის დროს მოკლეს მოშეს უფროსი ძმა ელიაჰუ. ამან აიძულა შამირი დაეწერა რომანი „Be-mo Yadav“ („ჩემი ხელებით“, 1951 წელი, 1979 წელს გამოქვეყნდა რუსული თარგმანი, გამომცემლობა „Biblioteka-Aliya“, იერუსალიმი). მისი ოჯახის ისტორია საფუძვლად დაედო მის სხვა რომანს „ხედან არც თუ ისე შორს“ (1983). სახელმწიფოს მშენებელთა ტიპიური ოჯახის ისტორიის ეს დოკუმენტური წიგნი, რომელიც შედგენილია ხუთი თაობის წერილებიდან, დოკუმენტებიდან და ფოტოებიდან, მოიცავს 1893 წლიდან 1973 წლამდე პერიოდს.

1959 წლის რომანში „Ki erom Ata“ („შენ შიშველი ხარ“), შამირმა ისაუბრა მოძრაობის ახალგაზრდა აქტივისტებზე, მათ გაზრდასა და ჩამოყალიბებაზე. მისმა რომანებმა შექმნეს ერეც-ისრაელის მკვიდრის კოლექტიური სურათი, რომელიც გალუტის ებრაელისგან განსხვავებით, ახალი სიონისტური ეპოქის ებრაელის მითოლოგიურ იმიჯად იქცა. მისი რომანები ძირითადად ისტორიულია. ისინი ასახავენ საზოგადოებრივი იდეოლოგიებისა და ეროვნული ლიდერების ჩამოყალიბებას და ჩვენს დროში არსებულ კონფლიქტებს.

1954 წელს მან დაწერა რომანი „მეფეც მოკვდავია“, რომელშიც მოგვითხრობს ალექსანდრე იანას მეფობის შესახებ. რომანში ნაჩვენებია თეოკრატიისა და მონარქიის, ფარისევლებისა და ელინიზატორების ურთიერთობა. საუბარია ებრაელთა უფლებაზე ერეცის-ისრაელზე და მის საზღვრებზე. ამავე ისტორიული პერიოდით თარიღდება მისი პიესა „Milhemet bnei Or“ („სინათლის შვილების ომი“, 1955). იგი მოგვითხრობს ალექსანდრე იანეუსის წინააღმდეგ ებრაელთა აჯანყების შესახებ. მისი რომანი „ღარიბი კაცის ცხვარი“ იაზრებს ომისდროინდელ ნორმებს ეთიკური თვალსაზრისით.

ასევე ეროვნული ეთიკის საკითხებს ეხება პიესა „ჰა-იორეშ“ („მემკვიდრე“, 1963). სპექტაკლი ეძღვნება ადოლფ აიხმანის სასამართლო პროცესისადმი და გერმანიისგან ფულადი კომპენსაციის მიღებისადმი ისრაელელების დამოკიდებულებას.

1966 წელს დაიწერა რომანი „Ha-gwul“ („საზღვარი“). მას მოყავს იერუსალიმის სასაზღვრო უბნების მაგალითი, რათა აჩვენოს კონფლიქტი არაბებსა და ებრაელებს შორის, რამაც მოგვიანებით გამოიწვია ექვსდღიანი ომი.

შამირი უარყოფითად იყო განწყობილი არაბებთან პოლიტიკური დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით და ეს გამოიხატება ჟურნალისტურ წიგნებში „Hayai im Ismael“ („ჩემი ცხოვრება ისმაილიტებთან“, 1968) და „Nathan Alterman: meshorer ke-manhig“ ("Nathan Alterman. Poet-პოეტი, როგორც ლიდერი", 1988) — პოეტი, რომელთანაც შამირი მეგობარობდა და თანამშრომლობდა მოძრაობაში „განუყოფელი ისრაელისთვის“.

1988 წელს მან დაწერა ტრილოგია „Rahok mi-pninim“ („უფრო ძვირი ვიდრე მარგალიტი“, 1988). მასში შედიოდა რომანები „Jona mi-hatzer zara“ („მტრედი სხვისი ეზოდან“), „Hinumat ha-kala“ („ქორწილის ფარდა“) და „Ad ha-sof“ („ბოლომდე“). ტრილოგში მწერალმა ისაუბრა „პალმახის“ თაობის იდეებსა და იდეალებზე.

შამირი აღიარებულია „პალმახის“ თაობის წამყვან მწერლად. მან დაწერა ათზე მეტი რომანი, 20-მდე პიესა, რომელთა უმეტესობა დაიდგა ისრაელის თეატრებში, დაიწერა სტატიები.[7]

შამირს მიენიჭა A. Usyshkin (1948), I. Brenner (1953), H. Bialik (1955) სახელობის პრემიები, ასევე ისრაელის პრემია (1988) და სხვა. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მრავალ ენაზე, რიგ მათგანზე გადაღებულია ტელეფილმები.[8]