მოსკოვის გრიგოლ საკვირველთმოქმედის ტაძარი
მოსკოვის გრიგოლ საკვირველთმოქმედის ტაძარი (რუს. Храм Григория Неокесарийского) — მართლმადიდებლური ტაძარი მოსკოვში. ტაძარი დაარსებულია XVII საუკუნეში. მდებარეობს მოსკოვის იაკიმანკის რაიონში.
მოსკოვის გრიგოლ საკვირველთმოქმედის ტაძარი | |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 55°44′15″ ჩ. გ. 37°37′10″ ა. გ. / 55.73750° ჩ. გ. 37.61944° ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | მოსკოვი |
სასულიერო სტატუსი | მოქმედი |
ფუნქციური სტატუსი | რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ხუროთმოძღვრების აღწერა
| |
თარიღდება | 1668 - 1679 |
ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს მოსკოვის ეპარქიას.
ისტორია
რედაქტირებაგრიგოლ საკვირველთმოქმედის ქვის ტაძარი ააგეს ძველი ხის ეკლესიის ადგილზე, რომელიც თავის მხრივ, ააგო დიმიტრი დონელის შვილიშვილმა და ივანე მრისხანეს დიდმა პაპამ ვასილი II-მ. ლეგენდა გვამცნობს, რომ თათართა ტყვეობაში მყოფმა თავადმა ფიცი დადო, რომ თუკი დაუბრუნდებოდა საკუთარ სახლს, იმ ადგილზე საიდანაც დაინახავდა მოსკოვს, ააგებდა ტაძარს იმ წმინდანის სახელზე, რომლის ხსენებაც სწორედ იმ დღეს იქნებოდა. ტყვეობიდან იგი გაათავისუფლეს 1445 წლის 17 (30) ნოემბერს - წმინდა გრიგოლ საკვირველთმოქმედის ხსენების დღეს. როგორც იქნა დიდი ხნის მგზავრობის შემდეგ თავადმა დაინახა კრემლი. ადგილი საიდანაც კრემლი ჩანდა მდებარეობდა თანამედროვე ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთით. თავდაპირველი ტაძარი ხანძრის შედეგად დაიწვა.
ახალი ხის ეკლესია ააგეს არა უგვიანეს 1632 წლისა იმავე ადგილზე. ქვის ეკლესია კი ააგეს 1667 წელს ხის ეკლესიის მეზობლად, რათა მშენებლობის პერიოდში არ შეწყვეტილიყო ღვთისმსახურება.
ქვის ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა მოხდა პატრიარქ ნიკონის ლოცვა-კურთხევით, რომელიც 1660 წელს დაინიშნა ძველი ხის ეკლესიის წინამძღვრად. პატრიარქი ნიკონი სამეფო გვარის სულიერი მოძღვარი იყო. მას ალექსი რომანოვთან მჭიდრო ურთიერთობა აკავშირებდა. სწორედ ამიტომ მეფე არა მარტო თანხის შემომწირველი გახდა, არამედ პირადად ინტერესდებოდა ტაძრის მშენელობის პროცესით.
ტაძარი არაჩვეულებრივი არქიტექტურით გამოირჩევა. ეკლესიას ადგას ხუთი გუმბათი, რომელიც სიმბოლურად ქრისტეს და მის ხუთ ჭრილობას განასახიერებს. ეკლესიის მოსახატად მოიწვიეს კოსტრომელი მხატვარი გური ნიკიტინი, სილა საველევი და პერესლავლელი სემიონ დმიტრიევი და დიმიტრი პლეხანოვი.
1671 წელს ამ ეკლესიაში დაიწერა ჯვარი ალექსი რომანოვმა ნატალია ნარიშკინაზე.
ზოგიერთი ისტორიული წყარო მოგვითხრობს, რომ 1672 წელს ამ ეკლესიაში მონათლეს მომავალი იმპერატორი პეტრე I დიდი, მაგრამ ეს სინამდვილეს არ უნდა შეეფერებოდეს, რადგან ტრადიციულად უფლისწულები ინათლებოდნენ კრემლის მონასტერში[1][2].
ტაძარი აკურთხეს 1679 წლის 1 მარტს. მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმმა, აკურთხა მთავარი საკურთხეველი გრიგოლ საკვირველთმოქმედის სახელზე. ცერემონიალში მონაწილეობდა მეფე თედორე III.
1767 წელს ტაძარს მიაშენეს ეგვტერი, რომელიც აკურთხეს გრიგოლ ღვთისმეტყველის სახელზე.
1812 წლის სამამულო ომის პერიოდში ეკლესია არ დაზარალებულა.
1834 წელს ტაძარს არქიტექტორების: ნიკოლაო კოზლოვის, ფიოდორ შესტაკოვისა და ვასილი ბალაშოვის პროექტის მიხედვით მიაშენეს ეგვტერი ბოგოლიუბსკის ღვთისმშობლის ხატის სახელზე. ეგვტერი ამპირის სტილის მიხედვით ააშენეს.
1859 წელს ეკლესიას პირველად ჩაუტარდა რესტავრაცია. განაახლეს მთავარი საკურთხევლის ფრესკები. ხელახლა მოააოქროვეს კანკელის ქვედა იარუსის ხატები.
ტაძარს ჰქონდა სამეფო გვარის კარის ეკლესიის სტატუსი და რეგულარულად სტუმრობდნენ რომანოვების დინასტიის წარმომადგენლები.
1922 წელს ეკლესიის ფასეულობები ბოლშევიკებმა დაიტაცეს.
1938 წელს მოსკოვის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ეკლესია დახურულიყო და შენობა გადაეცათ კულტურული საჭიროებებისათვის.
ეკლესიის ხატები გადაეცა მუზეუმს. მთავარი საკურთხევლის კანკელის აღსავლის კარი გადაეცა შჩუსევის სახელობის არქიტექტურის მუზეუმს. გრიგოლ საკვირველთმოქმედის ტაძრის ხატების ხილვა ასევე შესაძლებელია სანქტ-პეტერბურგის მუზეუმებში.
1965 წელს მოძველებულ ტაძარს ჩაუტარდა კომპლექსური რესტავრაცია. ტაძარი სახელმწიფოს დაცვის ქვეშაა, როგორც ისტორიისა და კულტურის ძეგლი.
1990 წელს ეკლესია დაუბრუნდა მრევლს. 1994 წლიდან კი ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება. 1996 წლის 30 ნოემბერს პატრიარქმა ალექსი II-მ აღასრულა ტაძრის კურთხევა.
სიწმინდეები
რედაქტირებატაძარში დაცულია გრიგოლ საკვირველთმოქმედის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, მატრონა მოსკოველის, დიმიტრი თესალონიკელის, პანტელეიმონ მკურნალის, წმინდა ფილარეტის, ინოკენტი ვენიამინოვის, წმინდა ბარბარეს, წმინდა ტრიფონის, სერგი რადონეჟელის, წმინდა იერონიმეს, მიტროფანე ვორონეჟელის, დიმიტრი როსტოველის, იოასაფ ბელგოროდელის, ტიხონ ზადონელის, პიმენ დიდისა და კიევ-პეჩერის ლავრის სხეულის მამათა წმინდა ნაწილები.
ლიტერატურა
რედაქტირება- Москва. Энциклопедия. 1980г.
- Памятники архитектуры Москвы. Замоскворечье / Редкол.: Г. В. Макаревич (гл. ред.) и др., М.: Искусство, 1994
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Чудов монастырь. Официальный сайт Московского Патриархата. ციტირების თარიღი: 2014-11-06.
- ↑ Храм, в котором не крестили Петра I. Сайт района Якиманка. ციტირების თარიღი: 2014-11-06.