მორიც ვაგნერი
მორიც ვაგნერი (გერმ. Moritz Wagner; დ. 3 ოქტომბერი, 1813, ბაიროითი, ბავარია, — გ. 30 მაისი, 1887, მიუნხენი) — გერმანელი მოგზაური, გეოგრაფი და ბუნებისმეტყველი.
სწავლობდა ერლანგენისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში (1833-1836). ბევრს მოგზაურობდა. 1835-1838 წლებში იმყოფებოდა ალჟირში, 1843-18146 წლებში მოიარა შავიზღვისპირა ქვეყნები, კავკასია, ქურთისტანი და სპარსეთი, 1852-1855 წლებში — ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკასა და ვესტინდოეთში, 1856-1860 წლებში — სამხრეთ ამერიკაში. იყო მიუნხენის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრი. სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
თავისი მოგზაურობა და დაკვირვებები ვაგნერმა აღწერა რამდენიმე ნაშრომში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში ვაგნერი ძირითადად ცნობილია თავისი მოსაზრებით სახეობათწარმოქმნის ევოლუციურ პროცესში გეოგრაფიული იზოლაციის (თანამედროვე სახელია ალოპატრული სახეობათწარმოქმნა) უპირატესი და აუცილებელი როლის შესახებ. ევოლუციური მოძღვრების მამამთავარი ჩარლზ დარვინი გეოგრაფიული იზოლაციის წვლილს აღიარებდა, მაგრამ კატეგორიულად უარყოფდა ვაგნერის მტკიცებას მისი აუცილებლობის და წამყვანი როლის შესახებ.
ვაგნერის წიგნში „მოგზაურობა კოლხეთსა და კავკასიის იქითა მხარეს მდებარე გერმანულ კოლონიებში“ (გერმ. Reise nach Kolchis und nach den deutschen Colonien jenseits des Kaukasus; ლაიფციგი, 1850) დაცულია ცნობები საქართველოს შესახებ. მასში აღწერილია თბილისი, ქუთაისი, რედუტ-კალე, ფოთის ციხე, ზუგდიდი, ბათუმის ნავსადგური და სხვ., დახასიათებულია ამ ადგილების მოსახლეთა ყოფა-ცხოვრება. ავტორი ეხება რუსი მოხელეების საქმიანობას კავკასიაში, კაპუცინთა მოღვაწეობას საქართველოში, გერმანელ კოლონისტთა დასახლებების დაარსების ისტორიას და მათ თანამედროვე მდგომარეობას და სხვ.
ბიბლიოგრაფია
რედაქტირება- Reisen in der Regentschaft Algier in den Jahren 1836, 1837 und 1838. 3 Bde. Leipzig 1841.
- Der Kaukasus und das Land der Kosaken. 2 Bde. Leipzig 1847.
- Reise nach dem Ararat und dem Hochlande Armeniens. Stuttgart 1848.
- Reise nach Kolchis und nach den deutschen Colonien jenseits des Kaukasus. Arnoldische Buchhandlung, Leipzig 1850.
- Reise nach Persien und dem Lande der Kurden. 2 Bde. Leipzig 1851.
- Reisen in Nordamerika in den Jahren 1852 und 1853. Arnoldische Buchhandlung, Leipzig 1854.
- Die Republik Costa-Rica. Leipzig 1856.
- Über die hydrographischen Verhältnisse und das Vorkommen der Süßwasserfische in den Staaten Panama und Ecuador. München 1864.
- Die Darwinsche Theorie und das Migrationsgesetz der Organismen, Leipzig 1868.
- Naturwissenschaftliche Reisen im tropischen Amerika, Stuttgart 1870.
- Über den Einfluß der geographischen Isolierung und Kolonienbildung auf die morphologischen Veränderungen der Organismen. München 1871.
- Die Entstehung der Arten durch räumliche Sonderung. Gesammelte Aufsätze von Moriz Wagner, gest. den 30. Mai 1887. Basel 1889.
ლიტერატურა
რედაქტირება- მორიც ვაგნერი საქართველოს შესახებ. გერმ. ტექსტი თარგმნა, შესავალი, კომენტარები და საძიებლები დაურთო გ. გელაშვილმა, თბ., 2002.
- გელაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 128.
- Mayr, Ernst. Evolution and the Diversity of Life: Selected Essays, Harvard University Press, 1997.