მიგელ ფერერი
მიგელ ხოსე ფერერი (ინგლ. Miguel José Ferrer; დ. 7 თებერვალი, 1955, სანტა-მონიკა, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები — 19 იანვარი, 2017, სანტა-მონიკა, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები) — ამერიკელი მსახიობი. მან პირველი მნიშვნელოვანი როლი 1987 წელს შეასრულა პოლ ვერჰოვენის ფილმში „რობოკოპი“. ფერერს ასევე უთამაშია ფილმებში: „ცარიელი ჩეკი“ (1994, რეჟ. რუპერტ ვეინვრაითი), „ცხელი თავები 2“ (1993, რეჟ. ჯიმ აბრაამსი), „მულანი“ (1998, რეჟ. ბერი ქუქი და ტონი ბანკროფტი), „საცობი“ (2000, რეჟ. სტივენ სოდერბერგი), „რკინის კაცი 3“ (2013, რეჟ. შეინ ბლექი) და სხვ.
მიგელ ფერერი | |
---|---|
ფერერი 2015 წელს | |
დაბადების სახელი | მიგელ ხოსე ფერერი |
დაბადების თარიღი |
7 თებერვალი, 1955 სანტა-მონიკა, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები |
გარდაცვალების თარიღი |
19 იანვარი, 2017 (61 წლის) სანტა-მონიკა, კალიფორნია, ამერიკის შეერთებული შტატები |
საქმიანობა | მსახიობი |
ფერერს უმუშავია ტელევიზიაშიც. იგი ასრულებს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის, ალბერტ როზენფილდის როლს დეივიდ ლინჩის ცნობილ სერიალში „ტვინ პიკსი“ (1990-1991, 2017); ტარაკუდოს როლს სერიალში „ჯეკი ჩანის თავგადასავლები“ (2000-2005).
ადრეული ცხოვრება
რედაქტირებაფერერი 1955 წლის 7 იანვარს სანტა-მონიკაში, კალიფორნიაში დაიბადა. იგი პუერტო-რიკოელი ოსკაროსანი მსახიობის, ხოსე ფერერისა და მომღერალ როზმარი კლუნის პირველი შვილი იყო. ფერერი ჰოლივუდში, კალიფორნიაში გაიზარდა.
კარიერა
რედაქტირებაფერერმა სამსახიობო კარიერა 1980 წელს ტელევიზიაში მუშაობით დაიწყო. 1983 წელს მას მცირე როლი ჰქონდა კომედიურ ფილმში „კაცი, რომელიც აქ არ იყო“. აგრეთვე რამდენიმე კადრში ჩნდება ფილმში „ვარსკვლავური გზა III: სპოკის ძიება“ (1984).
1987 წელს შეასრულა ბობ მორტონის როლი ფილმში „რობოკოპი“ (1987, რეჟ. პოლ ვერჰოვენი). ფერერის შემდეგ ფილმებს შორის არის „სიღრმისეული ვარსკვლავი ექვსი“ (1989, რეჟ. შონ კენინგემი), „შურისძიება“ (1990, რეჟ. ტონი სკოტი), „ცხელი თავები 2“ (1993, რეჟ. ჯიმ აბრაამსი). ფერერი ასრულებს ლოიდ ჰენრიდის როლს სტივენ კინგის რომანზე დაფუძნებულ მინისერიალში, სახელწოდებით „წინააღმდეგობის გაწევა“ (1994, რეჟ. მიკ გარისი).
ფერერი ასრულებს გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტის, ალბერტ როზენფილდის როლს ტელესერიალში „ტვინ პიკსი“ (1990-1991, რეჟ. დევიდ ლინჩი) და სერიალის მიხედვით გადაღებულ ფილმში „ტვინ პიკსი: მომყევი, ცეცხლო“.
2011 წლის ტელესერიალში, სახელწოდებით „მცველი“, ფერერი ლოს-ანჯელესის პოლიციის ლეიტენანტის, ფელიქს ვალდესის როლს თამაშობს. სერიალში აგრეთვე ელი უოლკერი, ტიშა კემპბელ-მარტინი, კრის პეინი-გილბერტი, ტერელ ტილფორდი, ტომას რობინსონი, სეიგ რაიანი და სხვები მონაწილეობენ. იმავე წელს ფერერი ჩნდება ცნობილი ამერიკული სერიალის, „სასოწარკვეთილი დიასახლისების“ ბოლო სეზონის რამდენიმე სერიაში.
2013 წელს ფერერმა ფილმში „რკინის კაცი 3“ ვიცე პრეზიდენტის როლი შეასრულა.
2017 წელს, „ტვინ პიკსის“ მესამე სეზონში, ფერერმა ალბერტ როზენფილდის როლი ითამაშა. სერიალში აგრეთვე მონაწილეობენ ლორა დერნი, ნაომი უოტსი, მაიკლ კერა, ჯიმ ბელუში, ჯენიფერ ჯეისონ ლი, მადხენ ამიკი, დანა ეშბრუკი, შერილინ ფენი, შერილ ლი, პეგი ლიპტონი, ჯეიმზ მარშალი, ევერეტ მაკგილი, ვენდი რობი და სხვები.[1]
გარდაცვალება
რედაქტირება2017 წლის 19 იანვარს, სანტა-მონიკაში, კალიფორნიაში, მიგელ ფერერი 61 წლის ასაკში ყელის კიბოთი გარდაიცვალა.[2][3][4] იგი სან-ხუანში, პუერტო-რიკოში, მამამისის, ხოსე ფერერის გვერდით არის დაკრძალული.
ფერერს მიეძღვნა ცნობილი სერიალის, „სამართლიანობის ლიგის“ მესამე სეზონის მეშვიდე სერია. სერიალის პირველ ორ სეზონში მსახიობი ვენდელ სევეჯს ახმოვანებს.[5]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.indiewire.com/2017/05/twin-peaks-trailer-david-lynch-miguel-ferrer-showtime-1201815605/
- ↑ https://variety.com/2017/tv/news/miguel-ferrer-dead-dies-ncis-los-angeles-1201964233/
- ↑ https://deadline.com/2017/01/miguel-ferrer-dead-ncis-los-angeles-crossing-jordan-1201890002/
- ↑ https://www.chicagotribune.com/entertainment/tv/ct-miguel-ferrer-dead-20170119-story.html
- ↑ https://screenrant.com/young-justice-outsiders-questions-episodes-7-9/2/