მელოტა (გვარი)
მელოტა[2] (ლათ. Fulica) — წყალმცურავ ფრინველთა გვარი ლაინასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 33–59 სმ, მასა 0,4–2,5 კგ. აქვთ მასიური სხეული, ძლიერი ფეხები, გრძელი თითები კუწუბოიანი ლაპოტებით. კარგად ცურავენ და დადიან, შეუძლიათ ყვინთვა, აფრენისათვის დიდი გარბენი სჭირდებათ, ფრენენ მძიმედ, არამანევრულად. შეფერილობის საერთო ტონი შავ-რუხია. სახეობები ადვილად განირჩევა ნისკარტის ფერითა და ფორმით, აგრეთვე შეუბუმბლავი კანით შუბლზე (აქედან სახელწოდება); შეიმჩნევა შიდასახეობრივი მორფიზმი შიშველი კანის ფერის მიხედვით. ბარტყები დაფარული არიან მუქი ღინღლით, აქვთ კაშკაშა ჭრელი თავი და ბუმბული. ცნობილია 10 თანამედროვე სახეობა.[3] წარმოშობისა და მრავალფეროვნების ცენტრია სამხრეთი ამერიკა; აღმოსავლეთ ნახევარსფეროში გვხვდება ორი სახეობა; საქართველოში — მხოლოდ [ჩვეულებრივი] მელოტა (F. atra).[4] უპირატესობას ანიჭებენ მდგარ მტკნარ წყალსატევებს, მიგრაციებისა და გამოზამთრების დროს შეინიშნებიქან ზღვის სანაპირო აკვატორიაში. ძირითად საკვებს წარმოადგენს წყლის მცენარეულობა, ბარტყები აგრეთვე იკვებებიან უხერხემლოებით. მონოგამური ფრინველებია. ბუდეს თავთხელ ადგილებში აკეთებენ მცენარეული მასალისაგან. გიგანტური მელოტა (F. gigantea) ლერწმისაგან აკეთებს 3 მ-მდე სიგრძისა და 50 სმ-მდე სიმაღლის ტივებს. რქოსანი მელოტა (F. cornuta) კენჭებისაგან წყალში აგებს 1,5 ტონამდე მასის კონუსისებრ ამაღლებას; იგი სიმაღლეში 1 მ-მდეა, დიამეტრი ფსკერზე — 2–4 მ, ზედაპირთან — 1 მ; შემდეგ ამ ამაღლებაზე ათავსებს მცენარეული ნარჩენებისაგან შემდგარ 20–30 სმ სიმაღლის ბუდეს. დებენ 4–15 კვერცხს. დედალ-მამალი კრუხობს 3–4 კვირის განმავლობაში, ბარტყებს კვებავენ 2 კვირამდე. წელიწადში 2–3-ჯერ მრავლდებიან. ჩვეულებრივი მელოტა ნადირობის ტრადიციული ობიექტია. ჰავაიური მელოტა (F. alai) როგორც მოწყვლადი სახეობა შეტანილია ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში.
მელოტა (გვარი) | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ბიბილოიანი მელოტა (Fulica cristata)[1] | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Fulica (Linnaeus, 1758) | |||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||
სტატუსი არ არის მითითებული ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ??? | |||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- Коблик Е. А. ЛЫСУХИ // Большая российская энциклопедия. т. 18. — М., 2011. — стр. 182.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 133.
- ↑ ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, გვ. 200.
- ↑ The list of species of genus Fulica. iucnredlist.org. ციტირების თარიღი: 4 ივლისი, 2020.
- ↑ ჟორდანია რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 560.