მდივანბეგთა სასამართლო
მდივანბეგთა სასამართლო გვიანფეოდალური საქართველოს სასამართლო დაწესებულებას წარმოადგენდა („დივან“ სპარს. წარმოშობის სიტყვაა და სახელმწიფო კრებას, კანცელარიას, დაწესებულებას ნიშნავს. აქედან წარმოდგა მდივანბეგისა და მდივნის სახელწოდება)[1]. სასამართლო დაწესებულებას ასევე „სამდივნო სახლი“ ეწოდებოდა. გვიანფეოდალური საქართველოს სამეფო-სამთავროებში სასამართლო ორგანიზაციის ძირითადი, სპეციალიზებული დაწესებულება იყო ცენტრალური ხელისუფლების მდივანბეგთა სასამართლო. მართლმსაჯულებას მაშინდელ საქართველოში სხვა პირებიც ასრულებდნენ, მათ შორის, სახელისუფლებო და მმართველობითი ფუნქციების მატარებელნიც, თუმცა მთავარ ფიგურად მაინც მდივანბეგი გვევლინება. იგი მხოლოდ სასამართლო ფუნქციებით იყო აღჭურვილი.
შემადგენლობა
რედაქტირებამდივანბეგის სასამართლო კოლეგიალურია. სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ვახტანგ VI-ის კანონების მიხედვით, მდივანბეგი ეწოდებოდა სასამართლოს უფროსს, რომელიც უფროსი მოსამართლე იყო[1]. სასამართლოს შემადგენლობა ზუსტად არ იყო განსაზღვრული, თუმცა, სავარაუდოდ, სამ კაცზე ნაკლები არ უნდა ყოფილიყო. მდივანბეგის სასამართლოში შედიოდნენ[2]:
- მდივანბეგი — უფროსი მოსამართლე;
- მსაჯულები, ანუ მოსამართლეები;
- მდივანი, რომლის ფუნქციას შეადგენდა სასამართლოში მონაწილე ორივე მხარის ჩვენების ჩაწერა, აგრეთვე სამართლის წიგნის იმ მუხლების წაკითხვა, რომლებიც განსახილველ საქმეს ეხებოდნენ;
- ისაულნი, რომლებიც იყოფოდნენ ორ ჯგუფად: ა) „მართლის მთქმელნი უქრთამო ისაულნი“ — მათ ევალებოდათ საგამოძიებო ფუნქციის შესრულება; ბ) „გაწყრომისა და დაჭერის ისაულნი“, რომელთაც ევალებოდათ დამნაშავეთა შეპყრობა და განაჩენის შესრულება.
კომპეტენცია
რედაქტირებამდივანბეგი მხოლოდ მეფის, ე.ი. კარის მოხელეა. მდივანბეგი არ ჰყავდა არც ერთ საფეოდალოს, ამიტომ მისი კომპეტენცია მეფის ხელისუფლების სიძლიერით განისაზღვრებოდა. მდივანბეგს ხელი მიუწვდებოდა სისხლისა და სამოქალაქო ხასიათის ყოველგვარ საქმეთა განხილვაზე, მაგრამ ზოგიერთ საქმეს იგი მაინც არ არჩევდა, რადგან ეს საქმეები სხვა მოხელეებს ექვემდებარებოდა. სისხლისა და სამოქალაქო სამართლის მნიშვნელოვანი და რთული საქმეები ამოღებული იყო ადგილობრივი მოხელეებისა და ფეოდალების იურისდიქციიდან და ისინი მდივანბეგს ან კიდევ მეფესა და დარბაზს ექვემდებარებოდა. „დასტურლამალის“ მიხედვით, ზოგიერთი სისხლის სამართლის საქმე მდივანბეგის განსაკუთრებულ კომპეტენციას შეადგენდა. მაგალითად, მკვლელობის საქმე ადგილობრივი მოხელეებისა და მემამულეების იურისდიქციიდან ამოღებული იყო. ასეთი საქმე კარზე უნდა გარჩეულიყო მდივანბეგის მიერ, ისევე, როგორც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეები — ღალატი, სალაროსა და ეკლესიის გაძარცვა — მეფისა და დარბაზის კომპეტენციაში შედიოდა[3].
ის გარემოება, რომ მკველობა მდივანბეგის განსაკუთრებულ კომპეტენციას შეადგენდა, არ ნიშნავს, რომ მას არ შეეძლო გაერჩია მკვლელობაზე უფრო მცირე მნიშვნელობის მქონე საქმეები. გარდა მკვლელობისა, კარზე უნდა გარჩეულიყო კიდევ სხვა დავებიც, მაგრამ ასეთი საქმეების უმრავლესობა მეფესა და დარბაზს ექვემდებარებოდა, ხოლო ნაწილი ამ „დიდი საქმეებისა“, როგორც სისხლის, ისე სამოქალაქო — მდივანბეგს. ყველა ის საქმე, რომელიც არ ითვლებოდა „დიდ საქმედ“, როგორც წესი, ადგილობრივ ფეოდალებსა და მათ მოხელეებს ექვემდებარებოდა. მდივანბეგს ასევე ექვემდებარებოდა ის საქმეებიც, რომელთა მონაწილე მხარეები პირადად მას მიმართავდნენ[4]. კანონმდებლობის მიხედვით, მოქალაქეთა საჩივარი მოურავს უნდა გაერჩია, სადედოფლო სასამართლო საქმეები — დედოფლის სახლთუხუცესს, მაგრამ თუ მხარეები თავისი სურვილით მიმართავდნენ მდივანბეგს, იგი უფლებამოსილი იყო გაერჩია საქმე[5].
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 404
- ↑ ვ. გაბაშვილი, დარბაზის რიგის მოხელენი დასტურლამალის მიხედვით, ენიმკის „მოამბე“, XIII, 1943, გვ 184.
- ↑ ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 405
- ↑ ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 406
- ↑ ივ. სურგულაძე, სასამართლო ორგანიზაცია გვიანფეოდალურ საქართველოში, თსუ შრომები, ტ. 47, გვ 237