დიკასტერია (საქართველო)

ტერმინს „დიკასტერია“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ დიკასტერია (მრავალმნიშვნელოვანი).

დიკასტერია — საეკლესიო მმართველობის ორგანო, რომელიც სასამართლოს ფუნქციებს ახორციელებდა. იგი დააარსა კათალიკოს ანტონ I-მა და მოქმედებდა XVIII საუკუნის 70-იანი წლებიდან. დიკასტერია ექვემდებარებოდა კათალიკოსს და გადაწყვეტილებებს იღებდა მისი სახელით. აქ განიხილებოდა სასულიერო ხასიათის დავები, მაგრამ ეს საკითხები მხოლოდ დიკასტერიას არ ექვემდებარებოდა — ისინი ასევე შედიოდა მეფის, კათალიკოსის, ბატონიშვილებისა და მდივანბეგთა კომპეტენციაშიც[1][2].

შემადგენლობა

რედაქტირება

დიკასტერიის შემადგენლობა საქმის განხილვისას განისაზღვრებოდა სამი წევრით, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, წევრთა რაოდენობას შეიძლება ხუთამდეც მიეღწია. სხდომას თამვჯდომარეობდა დამსწრეთაგან ყველაზე უფრო მაღალი რანგის სასულიერო პირი. კათალიკოს-პატრიარქი იშვიათად მონაწილეობდა დიკასტერიის მუშაობაში, თუმცა იგი ამტკიცებდა მის განაჩენებსა და გადაწყვეტილებებს. დიკასტერია საქმეს განიხილავდა კათალიკოსის რეზიდენციაში[1].

კომპეტენცია

რედაქტირება

დიკასტერია განიხილავდა ყოველგვარ დავას მონასტრებსა და ეკლესიებს შორის; ეკლესიებისა და მონასტრების ყმათა ქონების ხელყოფის საკითხებს; საჩივრებს ეკლესია-მონასტრების მიწებისა და ყმების მიმტაცებელთა წინააღმდეგ; სასულიერო პირების ყოველგვარ უღირს საქციელს როგორც ყოფაში, ისე მღვდელთმსახურებაში; სასულიერო პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს; შვილად აყვანისა და განქორწინების საკითხებს; უკანონო ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებს; ყოფით დავებს ოჯახის წევრთა შორის.

საჩივარი იწერებოდა დიკასტერიის სახელზე, ხანდახან, დიკასტერიას საქმეთა განხილვას ავალებდა მეფე, კათალიკოსი, იშვიათად, დედოფალიცა და ბატონიშვილიც[1].

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004
  • მ. კეკელია, სასამრთლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, ტ. 1
  • ივ. სურგულაძე, სასამართლო ორგანიზაცია გვიანფეოდალურ საქართველოში, თსუ შრომები, ტ. 47, 1947
  1. 1.0 1.1 1.2 ვ. მეტრეველი, ქართული სამართლის ისტორია, თბ., 2004, გვ. 403
  2. მ. კეკელია, სასამრთლო ორგანიზაცია და პროცესი საქართველოში რუსეთთან შეერთების წინ, ტ. 1, გვ. 190-191