მატნის თეთრი გიორგის ეკლესია
მატნის თეთრი გიორგის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში, დგას სოფლის დასავლეთით 800 მეტრზე, მდინარე მატნისხევის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდობზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ეკლესია დარბაზულია (4,7 X 4,2 მ), ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. ფასადებზე აქა-იქ ტლანქად დამუშავებული შირიმის მოზრდილი ქვებია ჩართული. 1977-1978 წლებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ეკლესია შეაკეთა. კედლების დანგრეული ნაწილები განახლდა და შენობა გარედან შეილესა. შესასვლელი ეკლესიას სამხრეთიდან აქვს. კარი შიგნიდან და გარედან თარაზულადაა გადახურული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომელშიც ზემოთკენ შევიწროვებული და ბრტყლად გადახურული სარკმელი, ერთი პატარა ნიში და ერთი ნიში სამალავია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვის ტრაპეზია მიდგმული. ნიში სამალავი აბსიდის ზედა ნაწილშია მოწყობილი, საკურთხევლის გადახურვის ქუსლის დონეზე. ეკლესიის დასავლეთ კედელში თარაზულად გადახურული ერთი სარკმელია. დარბაზი საკურთხეველთან ერთად გადახურულია ქვა-დუღაბის, ქარგილების საშუალებით ჩამოსხმული კამარით.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ, საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 107.