მარია უნგრელი (1257-1323)
მარია უნგრელი (უნგრ. Magyarországi Mária, იტალ. Maria d'Ungheria; დ. 1257 ― გ. 25 მარტი, 1323, ნეაპოლი, იტალია) ― არპადთა დინასტიის წარმომადგენელი. უნგრეთისა და ხორვატიის მეფე იშტვან V-ის ასული. ნეაპოლის დედოფალი, პროვანსისა და ფორსალკიერის გრაფინია, ანჟუსა და მაინის გრაფინია, ალბანეთის დედოფალი და აქაიის პრინცესა, როგორც კარლო II-ის მეუღლე. მეფე რობერტოს დედა. ქმრის არყოფნისას იგი იყო პროვანსის რეგენტი 1290-1294 წლებში და ასევე ნეაპოლის რეგენტი 1295-1296, 1296-1298 და 1302 წლებში.
მარია უნგრელი | |
---|---|
ნეაპოლის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 7 იანვარი, 1285 |
მმართ. დასასრული: | 5 მაისი, 1309 |
წინამორბედი: | მარგარიტა ბურგუნდიელი |
მემკვიდრე: | სანჩია მაიორკელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1257 |
გარდ. თარიღი: |
25 მარტი, 1323, (65-66 წლის) ნეაპოლი, იტალია |
მეუღლე: |
კარლო II, ნეაპოლის მეფე (ქ. 1270 - გარდ. 1309) |
შვილები: |
კარლ მარტელი, სალერნოს პრინცი რობერტო, ნეაპოლის მეფე მარგარიტა, ანჟუს გრაფინია ბლანკა, არაგონის დედოფალი ელეონორა, სიცილიის დედოფალი მარია, მაიორკის დედოფალი |
დინასტია: | არპადები |
მამა: | იშტვან V, უნგრეთის მეფე |
დედა: | ელიზაბეტა კუმანელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ოჯახი
რედაქტირებაიგი უნგრეთისა და ხორვატიის მეფე იშტვან V-ისა და მისი ცოლის, დედოფალ ელიზაბეტა კუმანელის ქალიშვილი იყო. მარიას დედა, სხვა კუმანელთა მსგავსად რელიგიით შამანიზმის მიმდევარი იყო. ვინაიდან პაგანისტური რწმენის ადამიანს არ შეეძლო დაქორწინებულიყო ქრისტიანზე, ქორწინებამდე ელიზაბეტა იძულებული გახდა კათოლიკე გამხდარიყო. უცნობია, რომელ ასაკში მოინათლა იგი, თუმცა ცნობილია, რომ მშობლები ბავშვობიდანვე ამზადებდნენ მას უნგრეთის სამეფო კარზე გასათხოვებლად, რის გამოც მას მართლმადიდებლური წესებით ზრდიდნენ.
მარია მშობლებისათვის მეორე შვილი იყო ექვსიდან. მისი დები: ელიზაბეტა და კატალინა, ორივენი სერბეთის დედოფლები გახდნენ. მისი კიდევ ერთი და, ანა, ცოლად ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ს გაჰყვა, ხოლო მისი ძმა, ლასლო IV, შემდეგში უნგრეთისა და ხორვატიის მეფე გახდა.
მამის მხრიდან მისი პაპა-ბებია იყვნენ უნგრეთის მეფე ბელა IV და დედოფალი მარია ლასკარინა. რაც შეეხება დედის მხარეს, მისი პაპა კუმანელთა ტომის ლიდერი კოტენი იყო, ხოლო ბებია უცნობია.
ბიოგრაფია
რედაქტირება1270 წლის 6 აგვისტოს სულ რაღაც 12 წლის მარია ცოლად სერთეს სალერნოს პრინც კარლო ანჟუელს, ნეაპოლის მეფე კარლო I-ისა და იმ დროისათვის უკვე განსვენებული დედოფლის, ბეატრის პროვანსელის ვაჟსა და ტახტის პირველ მემკვიდრეს. ეს ქორწინება მიზნად ისახავდა უნგრეთისა და ნეაპოლის გაერთიანებას, რათა მათ ერთად დაეპყროთ ბიზანტიის იმპერია და მისი მიწები გადაენაწილებინათ, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა, რამეთუ მარიას ძმამ მალევე ბიზანტიასთანაც გააფორმა ალიანსი. 1278-1282 წლებში პროვანსში ვიზიტისას მარია კარლოს თან ახლდა.
1284 წელს არაგონელებმა მარიას მეუღლე, პრინცი კარლო ტყვედ ჩაიგდეს ბრძოლაში და კატალონიაში გამოკეტეს. 1285 წელს მისი მამამთილის გარდაცვალების შედეგად მისი ქმარი ნეაპოლის ახალი მეფე გახდა კარლო II-ის სახელით, ის კი დედოფლად იქცა, თუმცა ძალაუფლების გარეშე, რამეთუ მისი ქმარი კვლავ ესპანელთა ტყვეობაში იყო. 1288 წელს მარიამ დიდი როლი ითამაშა არაგონელებთან მოლაპარაკებისა და კარლოს ტყვეობიდან გამოხსნის საქმეში, რის შემდეგაც მეფე-დედოფალი ერთად დაბრუნდა ნეაპოლში.
1290 წელს მარიას ძმა, მეფე ლასლო IV უშვილოდ გარდაიცვალა, მთავარი კითხვა კი ის იყო, თუ ვინ ჩაანაცვლებდა მას: მას ოთხი და ჰყავდა, მაგრამ ყოველი მათგანი უცხოელ მონარქზე იყო დაქორწინებული და თავიანთი შვილები ჰყავდათ. იმავე წლის სექტემბერში მარიამ, როგორც ლასლოს უფროსმა დამ ტახტზე პრეტენზია განაცხადა, რითაც იგი თავის სამივე დას: ელიზაბეტას, კატალინასა და ანას დაუპირისპირდა, რამეთუ ქმრების წაქეზებით ისინიც აცხადებდნენ უნგრეთის ტახტზე პრეტენზიას. ამ შემთხვევაში პაპი მარიას მიემხრო, რადგან იგი უფროსი იყო. მალევე პაპმა მარიას უფროსი ძე, კარლ მარტელი უნგრეთის ტიტულარულ მეფედ გამოაცხადა, თუმცა მის მთავარ და ყველაზე დიდ კონკურენტად კატალინას ვაჟი, სირმიის მეფე სტეფან ვლადისლავ II იყო, რომელიც ნეაპოლელებმა იმით დააშოშმინეს, რომ სლავონიის რეგიონის დათმობას დაჰპირდნენ. ამ ყველაფრის პარალელურად კი უნგრელი დიდებულების მხარდაჭერით ტახტი მარიას ბიძაშვილმა, ანდრაშ III-მ დაიკავა, რათა არპადთა დინასტიას შეენარჩუნებინა ტახტი.
1290 წელს მარიას და, სერბეთის დედოფალი ელიზაბეტა იძულებული გახდა თავის ძესთან ერთად ბოჰემიაში გაქცეულიყო, რამეთუ სერბებმა მისი ქმარი დაამხეს და მოკლეს. მარიამ საბოლოოდ ნება დართო თავის დასა და დისწულს, რომ ჩასულიყვნენ ნეაპოლში და იქ ეცხოვრათ, თუმცა სანაცვლოდ მათ უნგრეთის მემკვიდრეობაზე უარის თქმა მოსთხოვა, რაც მიიღო კიდეც. მოგვიანებით იქ ელიზაბეტა მონაზვნად აღიკვეცა. 1295 წლიდან მარიამ პაპთან მოლაპარაკებები განაახლა. იმავე წელს იგი ნეაპოლის რეგენტად დაინიშნა და ამ პოსტზე 1298 წლის ჩათვლით წარმატებით მსახურობდა. 1302 წელს იგი კიდევ ერთხელ გახდა ნეაპოლის რეგენტი. უკვე 1308 წელს მისმა შვილიშვილმა კარლ რობერტმა საბოლოოდ მოახერხა გამხდარიყო უნგრეთისა და ხორვატიის მეფე.
1309 წლის აგვისტოში კარლო II გარდაიცვალა. ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი დის მსგავსად მონაზვნად აღიკვეცა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობა არ არსებობს. თუმცაღა ცნობილია, რომ მან დარჩენილი ცხოვრება ნეაპოლში გაატარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1323 წლის 25 მარტს. დაკრძალულია ნეაპოლში, სანტა-მარია-დონა-რეჯინაში.
შვილები
რედაქტირებამარიას კარლოსაგან თოთხმეტი შვილი ჰყავდა:
- კარლ მარტელი (1271-1295), სალერნოს პრინცი, უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული მეფე. ცოლად შეირთო გერმანიის მეფე რუდოლფ I-ის ასული, კლემენტია ფონ ჰაბსბურგი, რომელთანაც შეეძინა უნგრეთის მეფე კარლ რობერტი და საფრანგეთის დედოფალი კლიმენცია;
- მარგარიტა (1272-1299), ანჟუსა და მაინის გრაფინია, ცოლად გაჰყვა საფრანგეთის მეფე ფილიპ III-ის შუათანა ძეს, ვალუას გრაფ შარლს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის საფრანგეთის მეფე ფილიპ VI;
- ლუი (1274-1298), ტულუზის ეპისკოპოსი, კათოლიკური ეკლესიის მიერ იგი წმინდანადაა შერაცხული;
- რობერტო (1276-1343), ნეაპოლის მეფე მამის შემდეგ. ცოლად შეირთო მეფე არაგონის მეფე პედრო III-ის ასული იოლანდა, რომელთანაც შეეძინა ორი ძე, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა მაიორკის მეფე ხაიმე II-ის ქალიშვილ სანჩიაზე, თუმცა მასთან შვილები აღარ ჰყოლია;
- ფილიპე I (1278-1331), აქაიისა და ტარანტოს პრინცი, რუმინეთის დესპოტი, კონსტანტინოპოლის ტიტულარული იმპერატორი და ალბანეთის მეფე. პირველად იქორწინა ეპირის დესპოტ ნიკიფორე I-ის ასულ თამარ ანგელინა კომნენაზე, რომელთანაც შეეძინა ექვსი შვილი, თუმცა მას შემდეგში გაეყარა და ცოლად შეირთო კონსტანტინოპოლის იმპერატრიცა ეკატერინე II დე ვალუა, რომელთანაც კიდევ ოთხი შვილი ეყოლა;
- ბლანკა (1280-1310), ცოლად გაჰყვა არაგონის მეფე ხაიმე II-ს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი, მათ შორის არაგონის მეფე ალფონსო IV, კასტილიის დედოფალი მარია და გერმანიის დედოფალი იზაბელა;
- რაიმონდ ბერენგარი (1281-1307), პროვანსის გრაფი, პიემონტისა და ანდრიის პრინცი, ცოლად შეირთო მარგარიტა კლერმონელი, მაგრამ შვილები არ ჰყოლია;
- ჯოვანი (1283-1308), ბერი;
- ტრისტანი (1284-1288), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
- ელეონორა (1289-1341), ცოლად გაჰყვა სიცილიის მეფე ფედერიკო III-ს, რომელთანაც შეეძინა ცხრა შვილი, მათ შორის სიცილიის მეფე პიეტრო II, ათენისა და ნეოპატრიის ჰერცოგი მანფრედი, კვიპროსის დედოფალი კონსტანცია, ბავარიის ჰერცოგინია ელიზაბეტა და პფალცის კურფიურსტი მარგერიტა;
- მარია (1290-1346), ცოლად გაჰყვა მაიორკის მეფე სანჩო I-ს, თუმცა შვილები არ ჰყოლია;
- პიეტრო (1291-1315), გრავინას გრაფი, გარდაიცვალა დაუქორწინებელი და უშვილო;
- ჯოვანი (1294-1336), დურაცოს ჰერცოგი, პირველად იქორწინა მატილდა ენოელზე, რომელსაც უშვილობის გამო გაეყარა და ცოლად შეირთო აგნესა პერიგროდელი, რომელთანაც შეეძინა შვილები. იგი იყო ნეაპოლის მეფე კარლო III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარგერიტას დიდი პაპა;
- ბეატრიჩე (1295-1321), ცოლად გაჰყვა ფერარის მარკიზ აცო VIII-ს, რომლის გარდაცვალების შემდეგაც დაქორწინდა ანდრიის გრაფ ბერტრან III-ზე;
ლიტერატურა
რედაქტირება- Abulafia, David, ed. (1999). The New Cambridge Medieval History, Volume 5, c.1198–c.1300. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9781139055734.
- Abulafia, David (2000). "The Italian south". In Jones, Michael (ed.). The New Cambridge Medieval History, Volume 6, c.1300–c.1415. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 9781139055741.
- Hoch, Adrian S. (1995). "The Franciscan Provenance of Simone Martini's Angevin St. Louis in Naples". Zeitschrift für Kunstgeschichte. 58. Bd., H. 1.
- "Les Rois maudits: Casting de la saison 1" (in French). AlloCiné. 2005. Archived from the original on 19 December 2014. Retrieved 25 July 2015.