კლემენტია ფონ ჰაბსბურგი

კლემენტია ფონ ჰაბსბურგი (გერმ. Klementia von Habsburg; დ. 1262, ვენა, ავსტრია ― გ. 7 თებერვალი, 1293, ნეაპოლი, იტალია) ― ჰაბსბურგთა დინასტიის წარმომადგენელი. გერმანიის მეფე რუდოლფ I-ის ასული და ნეაპოლის მეფე კარლო II-ის რძალი. კარლ მარტელ ანჟუელის მეუღლე, უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული დედოფალი 1290 წლიდან. უნგრეთისა და ხორვატიის მეფე კარლ რობერტისა და საფრანგეთის დედოფალ კლიმენციას დედა. უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთის მეფე ლუი I-ისა და საფრანგეთისა და ნავარის მეფე ჟან I-ის ბებია.

კლემენტია ფონ ჰაბსბურგი
წოდებები
უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული დედოფალი
დაიბადა 1262
ვენა, ავსტრია
გარდაიცვალა 7 თებერვალი, 1293, (30-31 წლის)
ნეაპოლი, იტალია
საგვარეულო ჰაბსბურგები
მეუღლე(ები) კარლ მარტელ ანჟუელი
(ქ. 1281)
შვილ(ებ)ი კარლ რობერტი, უნგრეთის მეფე
კლიმენცია, საფრანგეთის დედოფალი
მამა რუდოლფ I, გერმანიის მეფე
დედა გერტრუდა ფონ ჰოენბერგი
რელიგია კათოლიციზმი

ბიოგრაფია

რედაქტირება

კლემენტია დაიბადა 1262 წელს ვენაში. იგი იყო გერმანიის მეფე რუდოლფ I-ისა და მისი მეუღლის, დედოფალ გერტრუდა ფონ ჰოენბერგის შუათანა ქალიშვილი. მისი ბავშვობისა და ადრეული ცხოვრების შესახებ ცნობები არ არსებობს.

1281 წლის 8 იანვარს კლემენტია მიათხოვეს ნეაპოლის მეფე კარლო II-ისა და დედოფალ მარია უნგრელის უფროს ძეს, პრინც კარლ მარტელ ანჟუელს, რომელიც მასზე 9 წლით იყო უმცროსი. წყვილს ქორწინებაში სულ ერთი ვაჟი და ორი გოგონა შეეძინათ.

1290 წელს, მას შემდეგ რაც მისი ქმრის ბიძა, უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ლასლო IV უშვილოდ აღესრულა, კარლ მარტელმა, როგორც მისმა დისწულმა, ტახტზე პრეტენზია გამოაცხადა და უნგრეთისა და ხორვატიის ტიტულარული მეფე გახდა, რამაც კლემენტია ტიტულარულ დედოფლად აქცია. თუმცა, ისინი ნამდვილი მეფე-დედოფალი არასოდეს გამხდარან, რამეთუ უნგრეთის ტახტი ლასლოს შემდეგ მისმა ძმისწულმა, ანდრაშ III-მ დაიკავა. ამის საპასუხოდ კი კარლ მარტელი რომში გაემგზავრა, რათა პაპ ნიკოლოზ IV-ის მხარდაჭერა მოეპოვებინა ამ საქმეში.

ამ მოვლენათა პარალელურად, 1293 წის 7 თებერვალს კლემენტია ფონ ჰაბსბურგი ნეაპოლში თავის მესამე მშობიარობას გადაჰყვა (ზოგიერთი წყაროს მიხედვით იგი 1295 წელს გარდაიცვალა), რა დროსაც მან საფრანგეთის მომავალი დედოფალი კლიმენცია გააჩინა. იგი დაკრძალეს ნეაპოლის კათედრალში. მისი ქმარი მეორედ აღარ დაქორწინებულა და თავად იგი 1295 წელს ემსხვერპლა შავი ჭირის ეპიდემიას.

  1. კარლ რობერტი (1288-1342), უნგრეთისა და ხორვატიის მეფე 1301 წლიდან გარდაცვალებამდე. ცოლად შეირთო მარია ბიტიომსკა, რომელთანაც შეეძინა ორი შვილი. მისი დაღუპვის შემდეგ იქორწინა ბეატრის ლუქსემბურგელზე, რომლის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგაც ცოლად შეირთო ელიზაბეტა პოლონელი, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ შორის მომავალი მეფე ლუი I;
  2. ბეატრიჩე (1290-1354), ცოლად გაჰყვა ვიენუას დოფინ ჟან II დე ლა ტურ დიუ პინს, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი;
  3. კლიმენცია (1293-1328), ცოლად გაჰყვა საფრანგეთისა და ნავარის მეფე ლუი X-ს, რომელთანაც შეეძინა მომდევნო მეფე, ჟან I;

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Theresa Earenfight, Queenship in Medieval Europe, (Palgrave Macmillan, 2013), 173.
  • Cawley, Charles, Medieval Lands, AUSTRIA, Medieval Lands database, Foundation for Medieval Genealogy.
  • Constantin Wurzbach, Biographisches Lexikon des Kaisertums Österreich, Vienna, 1860, Vol. VI, p. 159.