სანჩია მაიორკელი
სანჩია მაიორკელი (იტალ. Sancia di Maiorca, ესპ. Sancha de Mallorca; დ. 1281 ― გ. 28 ივლისი, 1345) ― ბარსელონის დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის დედოფალი 1309-1343 წლებში, როგორც მეფე რობერტოს მეუღლე. თავისი გერის ასულის, დედოფალ ჯოვანა I-ის დროს, იგი ნეაპოლის რეგენტი იყო 1343-1344 წლებში.
სანჩია მაიორკელი | |
---|---|
ნეაპოლის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მაისი, 1309 |
მმართ. დასასრული: | 20 იანვარი, 1343 |
წინამორბედი: | მარია უნგრელი |
მემკვიდრე: | მარგერიტა დურაცოელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1281 |
გარდ. თარიღი: | 28 ივლისი, 1345, (64 წლის) |
მეუღლე: |
რობერტო, ნეაპოლის მეფე (ქ. 1304 - გარდ. 1343) |
დინასტია: | ბარსელონელები |
მამა: | ხაიმე II, მაიორკის მეფე |
დედა: | ესკლარამუნდა დე ფუა |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ბიოგრაფია
რედაქტირებასანჩია დაიბადა 1281 წელს. იგი იყო მაიორკის მეფე ხაიმე II-ისა და მისი ფრანგი მეუღლის, დედოფალ ესკლარამუნდა დე ფუას ქალიშვილი და მაიორკის მომდევნო მეფის, სანჩო I-ის და. მამის ხაზით იგი არაგონის მეფე ხაიმე I დამპყრობლისა და დედოფალ ვიოლანტე უნგრელის, ხოლო დედის მხრიდან გრაფ როჟერ IV დე ფუასა და ბრუნისენდა დე კარდონას შვილიშვილი იყო.
გარდა მაიორკის მეფე სანჩო I-ისა, იგი იყო პრინც ხაიმე მაიორკელისა და პრინცესა ისაბელ მაიორკელის და.
1304 წლის 5 მაისს საფრანგეთის ქალაქ კოლიურში სანჩია დააქორწინეს საფრანგეთის მეფის ბიძაშვილზე, ნეაპოლის მომავალ მეფე რობერტო ანჟუელზე, რომელიც თავის მხრივ მეფე კარლო II-ისა და დედოფალ მარია უნგრელის ძე იყო. სანჩია მისთვის მეორე ცოლი იყო, რამეთუ რობერტოს პირველი მეუღლე, პრინცესა ვიოლანტე არაგონელი მშობიარობას გადაჰყვა ამ ქორწინებამდე ორი წლით ადრე.
1309 წლის 5 მაისს, მათი ქორწინებიდან ხუთი წლის თავზე, რობერტო მამის გარდაცვალების შემდეგ ნეაპოლის მეფე გახდა, სანჩია კი დედოფალი. მართალია რობერტოს პირველი ცოლისაგან დარჩა ტახტის მემკვიდრეები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მეფის ვაჟები ადრე გარდაიცვალნენ და შვილი მხოლოდ ერთ მათგანს დარჩა, თანაც გოგონა, მემკვიდრეობა მაინც საფრთხეში იყო, დედოფალ სანჩიას კი ბავშვი არ უჩნდებოდა. შესაბამისად, იგი სამეფო კარზე გავლენით ვერ სარგებლობდა, თუმცა გერებზე ყოველთვის ზრუნავდა.
მას შემდეგ, რაც 1343 წლის 20 იანვარს მეფე რობერტო გარდაიცვალა, ტახტი მისმა ერთადერთმა შვილიშვილმა, დედოფალმა ჯოვანა I-მა დაიკავა, რომლის არასრულწლოვანობის გამოც სამეფოს რეგენტად დედოფალი სანჩია დაინიშნა. ამ ძალაუფლებით იგი ზუსტად ერთ წელს სარგებლობდა, 1344 წლის 20 იანვრამდე, რის შემდეგაც ჯოვანამ დამოუკიდებლად დაიწყო ქვეყნის მართვა. ამ ამბიდან წელიწადნახევარში, 1345 წლის 28 ივლისს დედოფალი სანჩია 64 წლის ასაკში გარდაიცვალა, ნეაპოლში.
ლიტერატურა
რედაქტირება- Musto, Ronald G. (1997). "Franciscan Joachimism at the Court of Naples, 1309-1345: A New Appraisal". Archivum Franciscanum Historicum. 90.3-4 (2): 419–86.
- Musto, Ronald G. (1985). Queen Sancia of Naples (1281-1345) and the Spiritual Franciscans in Women of the Medieval World. Oxford: Basil Blackwell. pp. 179–214.
- Musto, Ronald G. (2013). Medieval Naples: A Documentary History 400-1400. New York: Italica Press. pp. 204–212. ISBN 9781599102474.