მარეხ გოძიაშვილი
მარეხ გოძიაშვილი (დ. 30 დეკემბერი, 1926 — გ. ოქტომბერი, 2017) — ქართველი მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი (1990).
ბიოგრაფია
რედაქტირებამარეხ გოძიაშვილი დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1948 წელს.
დები იშხნელების პოპულარულობის შედეგად, ორმოცდაათიან წლებში ბევრი აკუსტიკური დუეტი, ტრიო და კვარტეტი წარმოიქმნა. გამოჩნდნენ ახალი მუსიკოსები, მათ შორის რა თქმა უნდა იყო მარეხ გოძიაშვილი, რომელიც სწორედ ამ სასიმღერო ფორმატს გაჰყვა და ის თანამედროვე ქართული მუსიკის ერთ-ერთ მთავარ განშტოებად აქცია.
1953 წლიდან იყო საქართველოს ფილარმონიის სოლისტი. სწორედ ამავე წელს დაარსდა ვოკალურ–საკრავიერი ტრიო, რომელსაც დიდხანს ხელმძღვანელობდა. ის ქართველ კომპოზიტორთა მრავალი სიმღერის პირველი შემსრულებელი გახლდათ. მარეხ გოძიაშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ქალაქური სიმღერის პროპაგანდაში. ის ხშირად მართავდა კონცერტებს სსრკ-ის ქალაქებში და საზღვარგარეთ. მათ შორის იყო: დიდი ბრიტანეთი, ლუქსემბურგი, ეგვიპტე, ინდოეთი, კუბა, იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, თურქეთი და სხვა.
მარეხ გოძიაშვილის მიერ შესრულებული სიმღერებიდან პოპულარობით სარგებლობდა – მილორავას „ყვავილებში დამეკარგე“, „შემირიგდი“, გოგი ცაბაძის „გამოღმით შენ ხარ“, მისი საკუთარი „წაღვერი და თბილისი“ და „მაგნოლია“ (იოსებ ნონეშვილის ლექსებზე).
მომღერალი 1957 წელს მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI და 1959 წლის ვენის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატი გახდა.
გამორჩეულია მარეხ გოძიაშვილის და ტრიო „ლილეს“ შესრულებული სიმღერები.
აღსანიშნავია, რომ მარეხ გოძიაშვილს ჰქონდა სასიამოვნო ტემბრის ხმა. ის იყო ნამდვილი ეროვნული კოლორიტის, განსაკუთრებით კი ქალაქური ფოლკლორის გრძნობით დაჯილდოებული. მის მიერ შექმნილ ტრიოს განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ქართული ქალაქური სიმღერის საუკეთესო ნიმუშების პროპაგანდაში. მასთან ერთად აღნიშნულ ტრიოში მღეროდნენ: კოტე მაკარიძე და ამირან ებრალიძე.
მარეხ გოძიაშვილის სიმღერებიდან აღსანიშნავია და დღემდე პოპულარულია „გაზაფხული“, „გამიგონია“. ასევე გამორჩეული და პოპულარულია დღესაც - „წაღვერი და თბილისი“, რომლის არაერთი ვერსია არსებობს ქართული ესტრადის მომღერლების მიერ შესრულებული, მაგალითად ნინო ჩხეიძის ვარიანტი.
1990 წელს მომღერალს მიენიჭა საქართველოს სსრ სახალხო არტისტის წოდება[1].
მარეხ გოძიაშვილი 1998 წელს ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთავის, დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, 2010 წელს კი მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. მასთან ერთად ეს წოდება, ამ წელს არაერთმა ცნობილმა ქართველმა მუსიკოსმა მიიღო, მათ შორის აღსანიშნავია თეიმურაზ წიკლაური.
მარეხ გოძიაშვილი გარდაიცვალა 2017 წელს, 90 წლის ასაკში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია თბილისი., გვ.,396-397