მალაიბალაი (ოფიციალურად ქალაქი მალაიბალაი; სებ: Dakbayan sa Malaybalay; ჰიგ: Bánuwa ta Malaybaláy) — პირველი კლასის ქალაქი და ბუკიდნონის პროვინციის დედაქალაქი ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით ქალაქის მოსახლეობა 174 625 ადამიანს შეადგენს.

მალაიბალაი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
შიდა დაყოფა Aglayan, Apo Macote, Bangcud, Busdi, Cabangahan, Canayan, Zamboanguita, Sumpong, Caburacanan, Capitan Angel, Casisang, Dalwangan, Kalasungay, Laguitas, Linabo, Managok, Silae, Simaya, Manalog, Miglamin, San Jose, Patpat, Saint Peter, Sinanglanan, Mapulo, Kibalabag, Imbayao, Indalasa, Kulaman, Mapayag, Violeta და Santo Niño
კოორდინატები 8°09′23″ ჩ. გ. 125°08′00″ ა. გ. / 8.15639° ჩ. გ. 125.13333° ა. გ. / 8.15639; 125.13333
დაარსდა 15 ივნისი, 1877[1]
ფართობი 969.19 კვადრატული კილომეტრი
მოსახლეობა 190 712 (1 მაისი, 2020)[2]
სატელეფონო კოდი 88
საფოსტო ინდექსი 8700
ოფიციალური საიტი http://malaybalaycity.gov.ph/
300
300

ქალაქს „ფილიპინების სამხრეთის საზაფხულო დედაქალაქად“ მოიხსენიებენ. მალაიბალაის ჩრდილოეთით იმპასუგონგი მდებარეობს, დასავლეთით — ლანტაპანი, სამხრეთით — ვალენსია და სან-ფერნანდო, ხოლო აღმოსავლეთით — კაბანგლასანი და სამხრეთი აგუსანი.

XIX საუკუნის ბოლომდე მალაიბალაი აღმოსავლეთ მისამისის შემადგენლობაში შედიოდა, როგორც მუნიციპალური რაიონი. 1907 წელს, როდესაც აგუსანის სპეციალური პროვინცია (დღევანდელი სამხრეთი აგუსანი და ჩრდილოეთი აგუსანი) და ბუკიდნონის ქვეპროვინცია შეიქმნა, მალაიბალაი ბუკიდნონის დედაქალაქად გამოცხადდა. 1907 წლის 19 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის სახით დაარსდა, ხოლო ქალაქის სტატუსი 8490-ე რესპუბლიკური აქტის საფუძველზე 1998 წლის 11 თებერვალს მიიღო.

ყოველწლიურად 10 თებერვალს მალაიბალაიში კაამულანის ფესტივალი იმართება.[3]

ეტიმოლოგია

რედაქტირება

მალაიბალაის სახელწოდება სებუანური ენიდან წარმოდგება და „მალაიელთა სახლს“ ნიშნავს. ხალხური გადმოცემის თანახმად, XVIII საუკუნეში ესპანელი მკვლევრების ჩამოსვლისას, კოლონიზატორები სავაგის ქვედა ნაწილში ბავშვებს შეხვდნენ, რომლებიც თამაშობდნენ. ჯარისკაცებმა ბავშვებს ადგილის დასახელების შესახებ ესპანურად ჰკითხეს. ბავშვებმა ესპანელების ნათქვამი ვერ გაიგეს და ეგონათ, უცხოები თამაშის შესახებ ეკითხებოდნენ. ბავშვებმა უპასუხებს „Tagbalaybalay kay“ („ჩვენ სახლობანას ვთამაშობთ“). ესპანელებმა სახელწოდება არასწორად გაიგეს და შემდგომში ამ ადგილს მალაიბალაი უწოდეს.

 
პროვინციული კაპიტოლიუმი მალაიბალაიში

მალაიბალაის მკვიდრი მოსახლეობა თავდაპირველად ჩრდილოეთ მინდანაოს (აღმოსავლეთი მისამისის ტერიტორიები) სანაპიროებზე სახლობდა, მაგრამ მეკობრეთა თავდასხმებისა და ესპანელი კოლონიზატორების ჩასვლის შემდეგ მთიან ტერიტორიებზე გადასახლდნენ. მინდანაოს ცენტრალური ნაწილის საბოლოო დაპყრობამდე, სუმილაოში, ლინაბოში, მაილაგსა და სილაეში ესპანელებმა დომინიკელთა და იეზუიტთა ორდენების მისიონერები გაგზავნეს. 1850 წელს მალაიბალაის ძველი დასახლება, კალასუნგაი ესპანელებსა და ლუმადებს შორის საბოლოო ბრძოლის დროს დაიწვა. ბრძოლაში ყველა მამაკაცი დაიღუპა, ხოლო ქალები და ბავშვები ტყვეებად წაიყვანეს. ეს ბრძოლა ადგილობრივებსა და ესპანელებს შორის უკანასკნელ ბრძოლადაა მიჩნეული.[4]

რამდენიმე წლის შემდეგ გადარჩენილები, რომლებმაც სილაეს შეაფარეს თავი, ამ ადგილებში დაბრუნდნენ და მდინარე საკუბის (დღევანდელი რისალის პარკი) მახლობლად დატუ მამპაალონგის ხელმძღვანელობით ახალი დასახლება შექმნეს. 30 სხვა დატუსთან ერთად, მამპაალონგმა ესპანელთა ხელისუფლება აღიარა და 1877 წლის 15 ივნისს ქრისტიანობა მიიღო, რის შემდეგაც ლუმადებსა და ესპანელებს შორის ომი საბოლოოდ დასრულდა. იმავე დღეს ესპანელებმა მალაიბალაი პუებლოდ გამოაცხადეს და Oroquita del Interio უწოდეს.[5]

გეოგრაფია

რედაქტირება

მალაიბალაი ბუკიდნონის პროვინციის დედაქალაქია. იგი პროვინციის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქის აღმოსავლეთით კაბანგლასანის მუნიციპალიტეტი და პანტარონის ქედი მდებარეობს, რომელიც ბუკიდნონს სამხრეთი აგუსანისა და ჩრდილოეთ დავაოს პროვინციებისგან გამოყოფს. დასავლეთით ლანტაპანის მუნიციპალიტეტი და კიტანგლადის მთა მდებარეობს. ქალაქის ჩრდილოეთით იმპასუგონგის მუნიციპალიტეტი მდებარეობს, ხოლო სამხრეთით ქალაქი ვალენსია და სან-ფერნანდოს მუნიციპალიტეტი.[6]

ქალაქის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი სამხრეთ აგუსანსა და ჩრდილოეთ დავაოს მთიანი ტერიტორიები ესაზღვრება და მჭიდრო ტყეებითაა დაფარული. ქალაქის უახლოესი ნავსადგურები და აეროპორტები კაგაიან-დე-ოროში, 91 კმ-ის მოშორებით მდებარეობს.

 
მალაიბალაის ტოპოგრაფიული რუკა

მალაიბალაის კლიმატი IV ტიპის კლიმატურ სარტყელს მოიცავს, რომლის დროსაც მშრალი და წვიმების სეზონი მკვეთრად გამოხატული არაა. ნალექიანობის საშუალო წლიური მაჩვენებელი 2 800 მმ-ს აღემატება. ნალექიანობა ინტენსიურია აპრილიდან სექტემბრამდე. ყველაზე მცირე ნაალექი ოქტომბრიდან დეკემბრამდე პერიოდშია. ფილიპინების სხვა რეგიონებთან შედარებით მალაიბალაის კლიმატი ზომიერია მთელი წლის მანძილზე. ქალაქი ტაიფუნების ჯაჭვს მიღმა მდებარეობს.[6]

ქალაქის ფართობი 96 919 ჰექტარია, რაც ბუკიდნონის პროვინციის 13%-ს შეადგენს. ქალაქის 65% ტყეებით, ხოლო 35% სასოფლო სამეურნეო და ინდუსტრიული გამოყენებისთვის განკუთვნილი მიწებითაა დაფარული.[6]

ქალაქი მდინარეების: პულანგისა და ტაგოლოანის წყალშემკრები სივრცის ზედა ნაწილში მდებარეობს. მდინარე პულანგი კოტაბატოს პროვინციიდან რიო-გრანდე-დე-მინდანაოსა და ქალაქ კოტაბატოს სერავს და ილანის ყურეში ჩაედინება. მდინარე ტაგოლოანი ტაგოლოანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მიედინება და მაკახალარის ყურეში ჩაედინება. მდინარეების წყალი ირიგაციისთვის, ჰიდროელექტროსადგურებისთვის, სასმელად და რეკრეაციული და ტურისტული საქმიანობისთვის გამოიყენება.

ტოპოგრაფია

რედაქტირება

ქალაქის საშუალო სიმაღლე ზღვის დონიდან 622 მეტრია. რელიეფის 60% 30%-ზე მეტი დახრილობის ფერდობებს უკავია. ტერიტორიის 25% მცირე დახრილობის მქონე რელიეფს უკავია, ხოლო დანრჩენილი ნაწილი ბორცვებზეა გაშენებული.[4][6]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: