მადნიანი მთები
მადნიანი მთები, კრუშნე-ჰორი (ჩეხ. Krušné hory; გერმ. Erzgebirge) — ქედი ჩეხეთსა და გერმანიაში. ადმინისტრაციულად ვრცელდება ჩეხეთის კარლოვი-ვარისა და უსტეცის მხარეებსა და გერმანიის საქსონიის მხარეში. სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ გადაჭიმულია დაახლოებით 150 კმ-ზე, საშუალო სიგანე 40 კმ. მაქსიმალური სიმაღლე 1244 მ (მთა კლინოვეცი). გეომორფოლოგიური თვალსაზრისით შვარცვაზერის, ცვიკაუერ-მულდესა და ფლეას ხეობებით დაყოფილია დასავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილად.[1][2]
მადნიანი მთები | |
---|---|
კოორდინატები: 50°23′46″ ჩ. გ. 12°58′04″ ა. გ. / 50.39611° ჩ. გ. 12.96778° ა. გ. | |
ქვეყანა | ჩეხეთი გერმანია |
უმაღლესი წერტილი | კლინოვეცი |
სიმაღლე | 1244 მ |
სიგრძე | 150 კმ |
სიგანე | 40 კმ |
სურათები ვიკისაწყობში |
ტიპური ჰორსტია, რომლის სამხრეთი კალთა ციცაბოა, ხოლო ჩრდილოეთი დამრეცი. აგებულია გნაისებით, გრანიტებით, ფილიტებითა და ქარსიანი ფიქლებით. მდელოებითა და ტორფნარით დაფარულ დამრეცტალღოვან თხემიან ზედაპირზე აღმართულია ცალკეული ბაზალტური შთენილები, რომლებშიც ღრმად არის ჩაჭრილი ტყიანი ხეობები. რამდენადაც მკვეთრად ეშვება მადნიანი მთები თავის სამხრეთ მთისძირში მდებარე გასწვრივი დაბლობი დეპრესიისაკენ, იმდენადვე თანდათანობით დამრეცი კალთებით ეშვება ის ჩრდილო-დასავლეთისაკენ.[3]
აღმოსავლეთით ვრცელდება ელბის ქვიშაქვიანი მთები, დასავლეთით ელსტერის მთები. მადნიანი მთების ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ჩრდილოეთ ბოჰემიის ქვაბულია. მადნიანი მთების სამხრეთ მთისძირში მდებარე დეპრესია მესამეული (ოლიგოცენური) მურა ქვანახშირის ბუდობებიანი ტბის ნალექებითაა დაფარული. სამხრეთ ნაწილში მათზე განლაგებულია ნეოგენური ვულკანური დუპოვის მთების ბაზალტის ლავების გროვა.[4]
მესმეულში განვითარებულმა ნასხლეტებმა და ვულკანიზმმა წარმოქმნა ბაზალტები და ფონოლიტური დაიკები. მადნიანი ძარღვები შეიცავს რკინას, სპილენძს, კალას, ვოლფრამს, ტყვიას, ვერცხლს, კობალტს, ბისმუთს, ურანსა და რკინისა და მარგანეცის ოქსიდებს.[5] არის მინერალური წყაროები. საგზაო კომუნიკაციები მადნიანი მთების გავლით კეთილმოწყობილია. განვითარებულია ტურიზმი.[1] 2019 წლიდან მადნიანი მთები იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია.[6]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Encyclopedia Britannica | Ore Mountains, mountain range, Europe
- ↑ Peter Rölke (Hrsg.): Wander- & Naturführer Osterzgebirge, Berg- & Naturverlag Rölke, Dresden 2007, ISBN 978-3-934514-20-1
- ↑ Harald Häckel, Joachim Kunze: Unser schönes Erzgebirge. 4th edition, Häckel 2001, ISBN 3-9803680-0-9
- ↑ Müller, Ralph u.a.: Wander- & Naturführer Westerzgebirge, Berg- & Naturverlag Rölke, Dresden 2002, ISBN 3-934514-11-1
- ↑ Heinrich, E. Wm. (1958) Mineralogy and Geology of Radioactive Raw Materials. New York: McGraw-Hill Book Company, Inc., გვ. 283–284.
- ↑ Erzgebirge/Krušnohoří Mining Region en. UNESCO World Heritage Centre. ციტირების თარიღი: 2019-07-08