მადათაფა
მადათაფა[1][2], მადა — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად.[3]
მადათაფა | |
---|---|
ტბა მადათაფა | |
კოორდინატები: 41°10′46″ ჩ. გ. 43°46′59″ ა. გ. / 41.17944° ჩ. გ. 43.78306° ა. გ. | |
მდებარეობა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი (სამცხე-ჯავახეთის მხარე) |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 2108 მ |
ფართობი | 8,78 კმ² |
მოცულობა | 0,0097 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 1,5 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 1,7 მ |
აუზის ფართობი | 136 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | კიურიანჩაი |
გამომდინარე მდინარე | მადათაფა |
ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ჯავახეთის ქედის დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ალპური და სუბალპური ბალახეული ფორმაციებით.[4] ტბა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა, რომელიც ერთვის მდინარე ბუღდაშენს მარჯვენა მხრიდან. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18 °C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება.[3] ტბის შენაკადებიდან ყველაზე დიდია კიურიანჩაი.[4]
წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბის ნაპირები დაბალია და დაფარულია წყლის მოყვარული მცენარეულობით.[4] მადათაფა შედის მადათაფის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 320 ჰექტარი.[5]
წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები.[4] მადათაფის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვი და სამება.
2020 წლის 8 ივლისს საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციის სამდივნომ მადათაფის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.[6]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 107.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 65.
- ↑ 3.0 3.1 ილია აფხაზავა, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 340-341.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-12. ციტირების თარიღი: 2017-07-12.
- ↑ ფარავნის ტბა ჯავახეთის დაცულ ტერიტორიაში არ შევა
- ↑ Madatapa Lake. ციტირების თარიღი: 5 ოქტომბერი 2020.