ლუდვიგ IV (გერმ. Ludwig IV.; დ. 12 სექტემბერი, 1837, დარმშტადტი, გერმანია ― გ. 13 მარტი, 1892, დარმშტადტი, გერმანია) ― ჰესენის დიდი ჰერცოგი 1877 წლიდან თავის გარდაცვალებამდე. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას სიძე, პრინცესა ალისას მეუღლე. რუსეთის იმპერატრიცა ალექსანდრა ფიოდოროვნას მამა და იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სიმამრი.

ლუდვიგ IV
ჰესენის დიდი ჰერცოგი
მმართ. დასაწყისი: 13 ივნისი, 1877
მმართ. დასასრული: 13 მარტი, 1892
წინამორბედი: ლუდვიგ III
მემკვიდრე: ერნესტ ლუდვიგი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 12 სექტემბერი, 1837
დაბ. ადგილი: დარმშტადტი, გერმანია
გარდ. თარიღი: 13 მარტი, 1892, (54 წლის)
გარდ. ადგილი: დარმშტადტი, გერმანია
მეუღლე: ალისა ბრიტანელი
(ქ. 1862 - გარდ. 1878)
ალექსანდრინა ჰუტენ-ჩაპსკა
(ქ. 1884 - განქ. 1884)
შვილები: ვიქტორია, ბატენბერგის პრინცესა
ელიზაბეთი, რუსეთის დიდი მთავარი
ირენე, პრუსიის პრინცესა
ერნესტ ლუდვიგი, ჰესენის დიდი ჰერცოგი
ალიქსი, რუსეთის იმპერატრიცა
სრული სახელი: ფრიდრიხ ლუდვიგ ვილჰელმ კარლი
დინასტია: ჰესენ-დარმშტადტი
მამა: პრინცი კარლ ჰესენ-დარმშტადტელი
დედა: პრინცესა ელიზაბეთ პრუსიელი
რელიგია: ლუთერანობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ლუდვიგი დაიბადა 1837 წლის 12 სექტემბერს დარმშტადტში. იგი იყო პრინც კარლ ჰესენ-დარმშტადტელისა და მისი ცოლის, პრინცესა ელიზაბეთ პრუსიელის უფროსი ვაჟი. დედამისი პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰელმ II-ის შვილიშვილი, ხოლო მამამისი ჰესენის დიდ ჰერცოგ ლუდვიგ III-ის ძმა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ბიძამისს თავისი ცოლის, პრინცესა მატილდა კაროლინა ბავარიელისაგან შვილები არ დარჩენია და მეორედ კი მორგანატიკულად იქორწინა, 1862 წელს მის პირველ მემკვიდრედ ლუდვიგი გამოცხადდა.

 
პრინცი ლუდვიგი და პრინცესა ალისა 1863 წლის მაისში

მემკვიდრედ გამოცხადებამ მისი ცხოვრება საგრძნობლად შეცვალა. პირველ რიგში მას ევროპელ პრინცესაზე ქორწინება სჭირდებოდა შემდეგი მემკვიდრის გასაჩენად. 1862 წლის 1 ივლისს ოსბორნის სახლში, უაითის კუნძულზე ლუდვიგმა ცოლად შეირთო დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიას შუათანა ასული, პრინცესა ალისა. აღსანიშნავია, რომ ეს ქორწინება თავად პატარძლის მამის, პრინცი ალბერტის მოწყობილი იყო, რომელიც თავად ვერ მოესწრო მათ შეუღლებას და ჯვრისწერამდე რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.

ქორწინების შემდეგ წყვილი ერთ წელს ინგლისში დარჩა, სადაც დაიბადა მათი პირველი შვილიც, პრინცესა ვიქტორია. ამის შემდეგ ისინი ჰესენში დაბრუნდნენ და დარმშტადტის ახალ სასახლეში დაბინავდნენ. აქ ალისამ კიდევ ექვსი ბავშვი გააჩინა: ოთხი გოგონა და ორი ვაჟი. აღსანიშნავია, რომ დედისაგან ბავშვებს ჰემოფილიის გენი გამოჰყვათ, რომელიც შემდეგში მათგან სხვა სამეფო ოჯახებშიც გავრცელდა.

1866 წელს დაწყებულ ავსტრია-პრუსიის ომში ჰესენი ავსტრიას მიემხრო და ლუდვიგიც მათ მხარეს იბრძოდა. საბოლოოდ ომში ავსტრია დამარცხდა და გამარჯვებულმა პრუსიამ მისი მოკავშირე ჰანოვერის, ნასაუსა და ჰესენ-კასელის ანექსია მოახდინა. ჰესენის დანარჩენმა ნაწილმა დამოუკიდებლობა მხოლოდ იმიტომ შეინარჩუნა, რომ საქმეში ლუდვიგის მამიდა, რუსეთის იმპერატრიცა მარია ალექსანდროვნა და მისი ქმარი, იმპერატორი ალექსანდრე II ჩაერივნენ და პრუსიელებს აიძულეს უკან დაეხიათ. იქიდან გამომდინარე, რომ პრუსიის ტახტის მემკვიდრეს ცოლად ლუდვიგის ცოლისდა, პრინცესა ვიქტორია ჰყავდა, ჰესენელებმა მხარე იცვალეს და უკვე 1870 წელს დაწყებულ საფრანგეთ-პრუსიის ომში პრუსიის მხარეს გამოვიდნენ. ამ ომში იგი თავის ქვისლს, კრონპრინც ფრიდრიხ პრუსიელს ერთობ დაუახლოვდა და დაუმეგობრდა, ისე, რომ ლუდვიგი 1888 წელს სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე ფრიდრიხს ეწვია და გამოემშვიდობა კიდეც.

 
ლუდვიგ IV 1878 წელს

1877 წლის 13 ივნისს ლუდვიგ III გარდაიცვალა და ტახტზე საბოლოოდ ავიდა ლუდვიგ IV. მისი აღსაყდრებიდან მალევე ჰესენში დიპტერიის ეპიდემია დაიწყო, რომელმაც 1878 წელს ჯერ მისი ნაბოლარა ასულის, პრინცესა მარიას, შემდეგ კი მისი ცოლის, პრინცესა ალისას სიცოცხლეც შეიწირა.

პრინცესა ალისას გარდაცვალებიდან რამდენიმე წელიწადში, 1884 წლის 30 აპრილს ლუდვიგი მეორედ მორგანატიკულად დაქორწინდა პოლონელ გრაფინია ალექსანდრინა ჰუტენ-ჩაპსკაზე, თუმცა ქორწინება ერთობ უიღბლო და ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი იმავე წელს განქორწინდნენ.

ლუდვიგ IV გარდაიცვალა 1892 წლის 13 მარტს დარმშტადტში, 54 წლის ასაკში. მის დაკრძალვას დაესწრნენ: დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია (სიდედრი), გერმანიის ქვრივი იმპერატრიცა ვიქტორია (ცოლისდა), საქსენ-კობურგ-გოთას ჰერცოგი ალფრედი და ჰერცოგინია მარია ალექსანდროვნა რომანოვა (ცოლისძმა და მისი მეუღლე), ოლბანის ქვრივი ჰეცოგინია ჰელენა ცუ ვალდეკ უნდ პირმონტი (ცოლისძმის მეუღლე), კონაქტის ჰერცოგი არტური და ჰერცოგინია ლუიზა მარგარეტ პრუსიელი (მისი ცოლისძმა და მისი მეუღლე), შლეზვიგ-ჰოლშტაინ-ზონდენბურგ-გლუქსბურგის ჰერცოგი, არგილის ჰერცოგი ჯონ კამპბელი და ჰერცოგინია ლუიზა ბრიტანელი (ცოლისდა და მისი ქმარი). მის დაკრძალვას არ დასწრებია არც უელსის პრინცი ედუარდი და არც მისი ცოლი, პრინცესა ალექსანდრა, რამეთუ ისინი დედოფალ ვიქტორიას ნაცვლად მართავდნენ ქვეყანას, სანამ იგი ლუდვიგის დაკრძალვაზე იყო.

სურათი სახელი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
  ვიქტორია 5 აპრილი, 1863,

უინძორი, დიდი

ბრიტანეთი

24 სექტემბერი, 1950,

ლონდონი, დიდი

ბრიტანეთი

(87 წლის)

ცოლად გაჰყვა ბატენბერგის მთავარ ლუდვიგს, რომელთანაც შეეძინა შვილები, მათ

შორის: შვედეთის დედოფალი ლუიზა და საბერძნეთის პრინცესა ალისა. სწორედ

ალისას შვილია ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი, ელისაბედ II-ის ქმარი.

  ელიზაბეთი 1 ნოემბერი, 1864,

ბესუნგენი, გერმანია

18 ივლისი, 1918,

ალაპაიევსკი, რუსეთი

(53 წლის)

ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვაჟს, დიდ მთავარ სერგეის,

თუმცა შვილები არ ჰყოლია. მოგვიანებით საიმპერატორო ოჯახის სხვა წევრებთან

ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა.

  ირინე 11 ივლისი, 1866,

დარმშტადტი, გერმანია

11 ნოემბერი, 1953,

ბარკელსბი, გერმანია

(87 წლის)

ცოლად გაჰყვა თავის დეიდაშვილს, იმპერატორ ფრიდრიხ III-ისა და ვიქტორია

ბრიტანელის ვაჟს, პრინც ალბერტ ვილჰელმ ჰაინრიხ პრუსიელს, რომელთანაც

შეეძინა სამი ვაჟი.

  ერნესტ

ლუდვიგი

25 ნოემბერი, 1868,

დარმშტადტი, გერმანია

9 ოქტომბერი, 1937,

ლანგენი, გერმანია

(68 წლის)

ჰესენის უკანასკნელი დიდი ჰერცოგი 1892-1918 წლებში. ცოლად შეირთო

თავისი ბიძაშვილი ვიქტორია მელიტა საქსენ-კობურგ-გოთელი, რომელსაც

მალევე გაეყარა და იქორწინა ელეონორა ზოლმს-ჰოენზოლმს-ლიხზე,

რომელთანაც შეეძინა სამი შვილი.

  ფრიდრიხი 7 ოქტომბერი, 1870,

დარმშტადტი, გერმანია

29 მაისი, 1873,

დარმშტადტი, გერმანია

(2 წლის)

ჰესენის პრინცი. გარდაიცვალა მცირეწლოვანი, ტვინის სისხლჩაქცევით.
  ალიქსი 6 ივნისი, 1872,

დარმშტადტი, გერმანია

17 ივლისი, 1918,

ეკატერინბურგი,

რუსეთი

(46 წლის)

ცოლად გაჰყვა რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ს, რომელთანაც შეეძინა ხუთი

შვილი: ოლღა, ტატიანა, მარია, ანასტასიაალექსეი. რუსეთის რევოლუციის

შემდეგ ოჯახის სხვა წევრებთან ერთად დახვრიტეს ბოლშევიკებმა.

  მარია 24 მაისი, 1874,

დარმშტადტი, გერმანია

16 ნოემბერი, 1878,

დარმშტადტი, გერმანია

(4 წლის)

გარდაიცვალა მცირეწლოვანი, დიპტერიის ეპიდემიით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Willis, Daniel A., ‘’The Descendants of King George I of Great Britain’’, Clearfield Company, 2002, p. 717. ISBN 0-8063-5172-1
  • Eilers, Marlene. Queen Victoria's Descendants. Rosvall Royal Books, Falkoping, Sweden, 1997. pp. 49-50. 141, 175. ISBN 91-630-5964-9
  • Hof- und Staats-Handbuch des Großherzogtum Hessen (1892), Genealogy pp. 1-2
  • Shaw, Wm. A. (1906) The Knights of England, I, London, p. 61
  • Lehmann, Gustaf (1913). Die Ritter des Ordens pour le mérite 1812–1913 [The Knights of the Order of the Pour le Mérite] (in German). 2. Berlin: Ernst Siegfried Mittler & Sohn. p. 522.
  • Staatshandbuch für den Freistaat Sachsen (1878) (in German), "Königliche Ritter-Orden", p. 3