ალისა ბატენბერგელი

პრინცესა ალისა ბატენბერგელი (ინგლ. Princess Alice of Battenberg), სრული სახელია პრინცესა ვიქტორია ალისა ელიზაბეთ იულია მარია ფონ ბატენბერგი (გერმ. Prinzessin Victoria Alice Elizabeth Julia Marie von Battenberg; დ. 25 თებერვალი, 1885, უინძორის სასახლე, ბერკშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო ― გ. 5 დეკემბერი, 1969, ბაკინგემის სასახლე, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ბატენბერგების დინასტიის წარმომადგენელი. საბერძნეთისა და დანიის პრინც ანდრეასის მეუღლე 1903-1944 წლებში, მეფე გეორგიოს I-ის რძალი. ედინბურგის ჰერცოგ ფილიპეს დედა, დიდი ბრიტანეთის დედოფალ ელისაბედ II-ის დედამთილი, უელსის პრინც ჩარლზის ბებია და კემბრიჯის ჰერცოგ უილიამის დიდი ბებია, დედოფალ ვიქტორიას შვილთაშვილი.

ალისა ბატენბერგელი
სრული სახელი
ვიქტორია ალისა ელიზაბეთ იულია მარია
წოდებები
საბერძნეთისა და დანიის პრინცესა
დაიბადა 25 თებერვალი, 1885
უინძორი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
გარდაიცვალა 5 დეკემბერი, 1969, (84 წლის)
ბაკინგემის სასახლე, ლონდონი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო
საგვარეულო ბატენბერგები
მეუღლე(ები) ანდრეასი, საბერძნეთისა და დანიის პრინცი
(ქ. 1903 - გარდ. 1944)
შვილ(ებ)ი მარგარიტა, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცესა
თეოდორა, ბადენის მარკგრაფინია
სესილია, ჰესენის დიდი ჰერცოგინია
სოფია, ჰანოვერის პრინცესა
ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი
მამა ლუდვიგ ბატენბერგელი
დედა ვიქტორია ჰესენ-დარმშტადტელი
ხელმოწერა
რელიგია ჯერ ლუთერანობა
შემდეგ მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

პრინცესა ალისა დაიბადა 1885 წლის 25 თებერვალს უინძორის სასახლეში, დიდ ბრიტანეთში. იგი იყო წარმოშობით ჰესენელი პრინცის, ლუდვიგ ბატენბერგელისა და მისი ცოლის, პრინცესა ვიქტორია ჰესენელის ქალიშვილი. მას სახელი დედის დედის, პრინცესა ალისა ბრიტანელის (იგი მის დაბადებამდე 7 წლით ადრე გარდაიცვალა) პატივსაცემად დაარქვეს. მისი დედმამიშვილები იყვნენ შვედეთის დედოფალი ლუიზა, მილფორდ-ჰევენის მარკიზი გეორგი და ერლი მონბატენი ლუდვიგი.

იგი 1885 წლის 25 აპრილს მოინათლა ლუთერანად დარმშტადტში. მას სულ ექვსი ნათლია ჰყავდა: ჰესენის დიდი ჰერცოგი ლუდვიგ IV (დედამისის მამა), პრინცი ალექსანდრე ჰესენელი (მამის მამა), ბატენბერგის პრინცესა იულია (მამის დედა), რუსეთის დიდი მთავარი ელიზაბეტა ფეოდოროვნა (დეიდამისი), პრინცესა მარია ერბახ-შონბერგელი (მამიდამისი) და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია (მისი დიდი ბებია დედის ხაზით).

ალისამ თავისი ბავშვობა ლონდონში, დარმშტადტში, მალტასა და იუგენჰაიმში გაატარა. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, როცა იგი დაიბადა, ეგონათ, რომ ყრუ იყო, თუმცა დროთა განმავლობაში ამ დეფექტმა გაუარა. იგი თავისუფლად საუბრობდა ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და ბერძნულ ენებზე. 1893 წელს პრინცესა ალისა იყო შემდეგში დიდი ბრიტანეთის დედოფალ მარია ტეკელის მეჯვარე, როდესაც იგი ჯორჯ V-ს მიჰყვებოდა ცოლად.

ქორწინება

რედაქტირება
 
პრინცესა ალისა 1907 წელს

1902 წელს მეფე ედუარდ VII-ის კორონაციაზე ალისამ გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, საბერძნეთისა და დანიის პრინცი ანდრეასი, საბერძნეთის მეფე გეორგიოს I-ისა და დედოფალ ოლღა კონსტანტინოვნა რომანოვას შუათანა ვაჟი. ამ ამბიდან მალევე, 1903 წლის 6 ოქტომბერს დარმშტადტში ალისა და ანდრეასი დაქორწინდნენ, რის შემდეგაც მას საბერძნეთისა და დანიის პრინცესის წოდება მიენიჭა. ცნობილია, რომ ქორწინებამდე ცოტა ხნით ადრე დარმშტადტში მდებარე რუსულ ეკლესიაში ალისა მართლმადიდებლად მოინათლა.

ქორწინების შემდეგ წყვილი საბერძნეთში გადავიდა, სადაც ანდრეასი სამხედრო კარიერას დაუბრუნდა, ალისამ კი საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო ხელი. 1908 წელს იგი რუსეთში ჩავიდა რათა დასწრებოდა თავისი მულის შვილის, დიდ მთავარ მარია პავლოვნა რომანოვასა და შვედეთის პრინც ვილჰელმის ქორწინებას.

1913 წელს სალონიკში ალისას მამამთილი, მეფე გეორგიოს I მოკლეს, ტახტს კი მისი მაზლი, კონსტანტინოს I იკავებს. 1914 წელს იწყება პირველი მსოფლიო ომიც, ინტერესთა კონფლიქტში მოყოლილი საბერძნეთი კი რთულ სიტუაციაში ვარდება, რის გამოც 1917 წელს პრემიერ-მინისტრმა ვენიზელოსმა დაამხო მეფე კონსტანტინოსი და სამეფო ოჯახის ყველა წევრი გააძევა ქვეყნიდან. ამის გამო ალისა თავის ქმარ-შვილთან ერთად ემიგრაციაში ბრიტანეთში წავიდა, სადაც ისინი მეფე ჯორჯ V-მ შეიფარათ. 1920 წელს კონსტანტინოსმა მოახერხა ტახტის დაბრუნება, ამიტომაც ალისა და მისი ქმარ-შვილი ათენში დაბრუნდა.

 
პრინცესა ალისა და პრინცი ანდრეასი 1922 წელს

1922 წელს საბერძნეთი თურქეთთან ომში სასტიკად დამარცხდა, რასაც დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ხალხის მხრიდან და მეფე კონსტანტინოსი კვლავ დაამხეს, სამეფო ოჯახი კი ისევ აიძულეს ემიგრაციაში წასულიყო. ამჯერად ალისამ ოჯახთან ერთად თავი საფრანგეთს შეაფარა, სადაც ისინი სენ-კლოდის სასახლეში დაბინავდნენ, რომელსაც მისი მაზლის ცოლი, მარი ბონაპარტი ფლობდა. აღსანიშნავია, რომ მეორე გაძევება განსაკუთრებით რთული გადასატანი იყო ალისასთვის, რომელიც 1930 წლისათვის შვეიცარიაში გააგზავნეს ფსიქიკური აშლილობისაგან განსაკურნებლად. როგორც ცნობილია მისი თერაპია საკმაოდ უხეშ მეთოდებს შეიცავდა, მათ შორის ელექტრო შოკით მკურნალობას. მისი მკურნალობის პროცესში თავად ზიგმუნდ ფროიდი იყო ჩართული, რომლის მტკიცებითაც პრინცესის ფსიქიკური პრობლემები „სექსუალურ დაუკმაყოფილებლობასთან“ იყო დაკავშირებული, რაც მისმა ქმარმა, პრინცმა ანდრეასმა უარყო და მას საჯაროდ უწოდა „შეშლილი“.

1937 წელს მისი ორსული ქალიშვილი სესილია 26 წლის ასაკში თავის ქმართან და შვილებთან ერთად ბელგიაში გარდაიცვალა აეროკატასტროფის შედეგად, რამაც კიდევ უფრო საშინლად იმოქმედა ალისას ჯანმრთელობაზე. როგორც ცნობილია, ამის შემდეგ ალისამ საბოლოოდ გაწყვიტა ურთიერთობა მთელს ოჯახთან. ალისას აღარც თავისი ქმარი უნახავს, რომელიც 1939 წლიდან მოყოლებული მონტე-კარლოში თავის ფრანგ საყვარელთან ერთად ცხოვრობდა. 1938 წელს თავად პრინცესა ალისა დაბრუნდა ათენში, იგი სამეფო კარზე აღარ დაბრუნებულა, ამის შემდეგ კი ხელი საქველმოქმედო საქმიანობას მიჰყო. 1944 წელს მისი ქმარი, პრინცი ანდრეასი გარდაიცვალა, 62 წლის, მონტე-კარლოში.

 
1922 წელს შესრულებული ალისას პორტრეტი, რომელიც ინახება ედინბურგის ჰერცოგის პირად კოლექციაში

დარჩენილი წლები

რედაქტირება

1947 წელს ალისას ვაჟი, პრინცი ფილიპე დაქორწინდა დიდი ბრიტანეთის მეფე ჯორჯ VI-ის უფროს ქალიშვილ ელისაბედზე, რის შემდეგაც მას ედინბურგის ჰერცოგის წოდება ენიჭება. აღსანიშნავია, რომ მათ ქორწინებას არ დასწრებია არც ალისა და არც მისი ქალიშვილები, რამეთუ ისინი გერმანულ მახრესთან მეტისმეტად იყვნენ დაახლოვებულები, მეორე მსოფლიო ომი ახალი დასრულებული იყო და გერმანელთა მოკავშირეების დაპატიჟება ბრიტანელებმა არ ისურვეს. აღსანიშნავია, რომ ეს იდეა პატარძლის დედის, დედოფალ ელისაბედ ბოუზ-ლაიონისა და მისი დედამთილის, დედა-დედოფალ მარია ტეკელის იდეა იყო.

1949 წლის იანვარში პრინცესა ალისა მონაზვნად აღიკვეცა და დააარსა ბერძენი ორთოდოქსი მონაზვნების საექთნო ორდენი. ისინი ძირითადად ათენსა და კუნძულ ტიროსზე ეწეოდნენ ქველმოქმედებას, 1950 და 1952 წლებში კი აშშ-შიც მოაწყვეს ორი ტური. უკვე 1952 წელს ჯორჯ VI გარდაიცვალა და დიდი ბრიტანეთის დედოფალი ალისას რძალი, ელისაბედ II გახდა. აღსანიშნავია, რომ 1953 წლის ივნისში ალისას ნება დართეს დასწრებოდა მის კორონაციას. ამ ღონისძიებაზე იგი უბრალო, ნაცრისფერი, მონაზვნის სამოსით იყო წარმოდგენილი, რის გამოც ბევრს გაუჭირდა კიდეც მისი ცნობა.

1960 წლიდან დაიწყო პრინცესა ალისას ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული გაუარესება. უკვე 1967 წელს საბერძნეთში კიდევ ერთი სახელმწიფო გადატრიალება მოხდა და ათენში სამხედრო ხუნტის მმართველობა დამყარდა, რაც ალისას, როგორც სამეფო ოჯახის წევრის მდგომარეობას არასტაბილურსა და სახიფათოს ხდიდა. ამის გამო დედოფალ ელისაბედ II-ის ბრძანებით ალისას დაატოვებინეს საბერძნეთი და იგი ბრიტანეთში, ბაკინგემის სასახლეში გადაიყვანეს. მას ემიგრაციაში მალევე გაჰყვნენ საბერძნეთის მეფე კონსტანტინოს II და მისი ცოლი, დედოფალი ანა მარია დანიელი.

ალისამ უკანასკნელი წლები ბაკინგინგემის სასახლეში, ზრუნვასა და ფუფუნებაში გაატარა და გარდაიცვალა 1969 წლის 5 დეკემბერს, 84 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს 1969 წლის 10 დეკემბერს უინძრის სასახლის სამლოცველოში, თუმცაღა მოგვიანებით, 1988 წლის 3 აგვისტოს იგი გადაასვენეს და დაკრძალეს იერუსალიმში მდებარე წმინდა მარიამ მაგდალინელის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში.

სახელი სურათი დაიბადა გარდაიცვალა ქორწინება შვილები
თარიღი მეუღლე
მარგარიტა   18 აპრილი, 1905

ათენი, საბერძნეთი

24 აპრილი, 1981

ლანგენბურგი, გერმანია

(76 წლის)

20 აპრილი,

1931

გოტფრიდი,

ჰოენლოჰ-

ლანგენბურგის

პრინცი

კრაფტი, ჰოენლოჰ-ლანგენბურგის პრინცი

პრინცესა ბეატრიქსი

პრინცი გეორგი

პრინცი რუპრეხტი

პრინცი ალბრეხტი

თეოდორა   30 მაისი, 1906

ათენი, საბერძნეთი

16 ოქტომბერი, 1969

ბიუდინგენი, გერმანია

(63 წლის)

17 აგვისტო,

1931

ბერტოლდი,

ბადენის

მარკგრაფი

მარგარიტა, იუგოსლავიის პრინცესა

მაქსიმილიანი, ბადენის მარკგრაფი

პრინცი ლუდვიგი

სესილია   22 ივნისი, 1911

ათენი, საბერძნეთი

16 ნოემბერი, 1937

ოსტენდე, ბელგია

(26 წლის)

2 თებერვალი,

1931

გეორგ დონატუსი,

ჰესენის დიდი

ჰერცოგი

პრინცი ლუდვიგი

პრინცი ალექსანდრე

პრინცესა იოჰანა

სოფია 26 ივნისი, 1914

კორფუ, საბერძნეთი

24 ნოემბერი, 2001

მიუნხენი, გერმანია

(87 წლის)

15 დეკემბერი,

1930

კრისტოფერი,

ჰესენის პრინცი

კრისტინა, იუგოსლავიის პრინცესა

პრინცესა დოროთეა

პრინცი კარლი

პრინცი რაინერი

პრინცესა კლარისა

23 აპრილი,

1946

გეორგ ვილჰელმი,

ჰანოვერის პრინცი

პრინცი ველფ ერნესტი

პრინცი გეორგი

პრინცესა ფრედერიკა

ფილიპე   10 ივნისი, 1921

კორფუ, საბერძნეთი

9 აპრილი, 2021

უინძორი, დიდი

ბრიტანეთი

(99 წლის)

20 ნოემბერი,

1947

ელისაბედ II,

დიდი ბრიტანეთის

დედოფალი

ჩარლზი, უელსის პრინცი

ანა, სამეფო პრინცესა

ენდრიუ, იორკის ჰერცოგი

ედუარდი, უესექსის ერლი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Bradford, Sarah (1989), King George VI, London: Weidenfeld and Nicolson, ISBN 0-297-79667-4
  • Clogg, Richard (1979), A Short History of Modern Greece, Cambridge: Cambridge University Press, ISBN 0-521-22479-9
  • Eilers, Marlene A. (1987), Queen Victoria's Descendants, Baltimore, Maryland: Genealogical Publishing Co.
  • Macmillan, Harold (1984), War Diaries, London: Macmillan, ISBN 0-333-39404-6
  • Ruvigny, Marquis of (1914), The Titled Nobility of Europe, London: Harrison and Sons
  • Van der Kiste, John (1994), Kings of the Hellenes, Stroud, Gloucestershire, England: Alan Sutton Publishing, ISBN 0-7509-0525-5
  • Vickers, Hugo (2000), Alice, Princess Andrew of Greece, London: Hamish Hamilton, ISBN 0-241-13686-5
  • Woodhouse, C. M. (1968), The Story of Modern Greece, London: Faber and Faber
  • Ziegler, Philip (1985), Mountbatten, London: Collins, ISBN 0-00-216543-0