ლომისის მთავარმოწამის ეკლესია
ლომისის მთავარმოწამის ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას სოფელ ხორხელის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ძეგლის აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (9,5 X 6,5 მ), კედლების ქვედა ნაწილი მთლიანად რიყის ქვითაა ნაგები, ხოლო ზედა (მოგვიანებით აღდგენილი) ნაწილში რიყის ქვის წყობაში თანაბარი ინტერვალებით ჩაყოლებულია აგურის თითო რიგით შედგენილი შრეები. აგურითვეა გამოყვანილი კონქი, კამარა და კარ-სარკმელთა ღიობები. ეკლესია შელესილი და შეთეთრებულია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია კრამიტის საბურავი და ლავგარდნის მნიშვნელოვანი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა. დასავლეთ კარი შიგნით სწორკუთხაა, გარედან აგურის შეისრული თაღი აქვს. სამხრეთ შესასვლელის გარეთა თაღი მოგვიანებით (შეკეთების დროს) მოუშლიათ და კარი ხის ძელებით გადაუხურავთ. ეკლესიის კვადრატული დარბაზი აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული, რომლის ღერძზეც შეისრული სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. საკურთხევლის შუაში ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას. აბსიდის მხრების ხაზზე ხის კანკელია. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ საფეხურითაა შემაღლებული და წინიდან ნახევარწრიული ამბიონი ეკვრის. სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო შეისრულთაღოვანი სარკმელია. ეკლესიის იატაკზე კვადრატული აგურია მოგებული. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, შეისრულია კონქის თაღიც. ეკლესიის განივ ფასადებზე, აგურის წყობის შეღრმავებით, თითო მაღალი ჯვარია გამოსახული. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის ზემოთ, ოდნავ შეღრმავებული ვიწრო და მაღალი ნიშია, რომელშიც ცისფრად მოჭიქული რამდენიმე აგურია ჩასმული. დასავლეთ ფრონტონის წვერზე აგურის ოთხწახნაგა სამრეკლო მდგარა (შემორჩენილია საფუძვლის ნაწილი). ეკლესიის კედლები დასრულებულია აგურის საფეხუროვანი მაღალი ლავგარდნით. ეკლესიას შემოვლებული აქვს რიყის ქვის გალავანი.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 172-173.