სოლომონ ლიონიძე

(გადამისამართდა გვერდიდან ლიონიძე, სოლომონ)

სოლომონ ლიონიძე (დ. 1754, სოფ. კონდოლი – გ. 1811, ახალციხე) — ქართველი საზოგადო მოღვაწე.

სოლომონ ლიონიძე

სოლომონ ლიონიძე დაიბადა 1754 წელს, მისი სიყრმის მშობლიური კუთხე კახეთია (სოფელი კონდოლი). ზოგიერთი ცნობით ირკვევა სოლომონოს ურთიერთობა ქსნის ხეობასთან. გავრცელებული გადმოცემის მიხედვით ქსნის ხეობიდან იყო სოლომონ ლიონიძის მეუღლე - ასული ქსნის ერისთავისა. სარწმუნო ცნობებით სოლომონ ლიონიძე კახელ ლიონიძეთა შთამომავალია, სოფელ კონდოლიდან. სოლომონის გვარის ფორმა ლ ე ო ნ ი ძ ე გვიანდელია - მისი დამკვიდრება მოხდა XIX საუკუნის მიწურულში; ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემის „ქართლის ბედი“-ში აღწერილია სოლომონ ქველისა და ერეკლე მეფის ურთიერთობა. მეფე მას ძალიან ენდობოდა რადგან მან იცოდა იმ თუ რა მდგომარეობაში იყო ქართლი. მას არაერთხელ მიუცია რჩევა მეფისთვის და მეფე მისით ყოველთვის კმაყოფილი იყო და ამაყი რადგან მისი რჩევები მას ყოველთვის ადგებოდა. ერთხანს ის ძველი ფორმის პარალელურად იხმარებოდა, ხოლო შემდეგ ია მარუშიძის (ზ. ჭიჭინაძის) მონოგრაფიული ნარკვევი - „სოლომონ ლეონიძე, მსაჯული მეფე ერეკლესი და საქართველოს რუსეთთან შეერთების მომზადების წვლილნი“ - ფართოდ ავრცელებს ამ ახალ ფორმას ჩვენში. სოლომონი იყო შვილი თელავის კარის დეკანოზის ანდრია ლიონიძისა. თავისი მაღალი სასულიერო თანამდებობის გამო ანდრია ლიონიძე მეფის მახლობელი კარისკაცი უნდა ყოფილიყო. სოლომონ ლიონიძეს განათლება მიუღია თელავის სამეფო კარის სკოლაში. სოლომონ ლიონიძე იბრძოდა საქართველოს გაერთიანებისათვის, მონაწილეობდა საქართველოს სამეფოების საშინაო და საგარეო საქმეებში, ზრუნავდა ქართველი ხალხის ეკონომიკური და სამხედრო ძლიერებისათვის და ხელს უწყობდა ჩვენი ეროვნული კულტურის განვითარებას.

სოლომონ ლიონიძის უშუალო მონაწილეობით შემზადდა, გაფორმდა და ძალაში შევიდა 1783 წლის ცნობილი ხელშეკრულება, გეორგიევსკის ტრაქტატი საქართველოსა და რუსეთს შორის. მისმა ენერგიულმა საქმიანობამ მოამზადა 1790 წელს ივერიელ მეფე-მთავართა ტრაქტატის შექმნა; ეს ტრაქტატი კი წარმოადგენდა მნიშვნელოვან ნაბიჯს დაშლილი ქვეყნის გაერთიანებისაკენ. 1790 წელს სოლომონ ლიონიძის აქტიური ჩარევით დაისვა და დამუშავდა საკითხი საქართველოს დაქსაქსული სამეფო-სამთავროების შეკავშირება-შეერთებისა და დაიდო უზენაეს ხელისუფალთა საკავშირო ხელშეკრულება. წარჩინებული კარისკაცის დიდი წარმატება მეფის ირგვლივ შემოკრებილ ფეოდალთა წრეში ჯერ ფარული შურით აღინიშნა და შემდეგ გამჟღავნებული შუღლითა და მტრობით. ამ მტრობის შედეგად, როგორც ცნობილია, ერეკლესა და სოლომონს შორის 1796 წელს ჩამოვარდა უთანხმოება, რასაც მოყვა მათი გათიშვა. ეს გათიშვა არ აღმოჩნდა ხანგრძლივი - მეფემ შეიცნო კარისკაცის სიმართლე, მისი უანგარო ერთგულება და შეირიგა ის.

სასახლე, სადაც სოლომონ ლიონიძე მოღვაწეობდა

ერეკლე მეორის გარდაცვალების შემდეგ (1798) შემდეგ სოლომონ ლიონიძე ერთხანს ისევ ქართლ-კახეთის სახელმწიფო საქმეებისა და პოლიტიკური ცხოვრების უახლოესი მონაწილეა. პოლიტიკურ ძალთა ჭიდილის არენაზე, როდესაც ბაგრატიონთა დინასტიის შიგნით გაჩნდა შეურიგებელი დაჯგუფებანი, სოლომონ ლიონიძე ქვრივი დედოფლის მომხრეთა შორის აღმოჩნდა, დარეჯან დედოფლის ჯგუფის საპირისპიროდ დაირაზმა საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მეთორმეტის ძის დავით ბატონიშვილის დაჯგუფება. მოწინააღმდეგეთა შორის ჯერ ფარული და შემდეგ აშკარა ბრძოლა გაჩაღდა. მეფის რუსეთის მაღალი მოხელეები ამ ბრძოლაში დავით ბატონიშვილს თანაუგრძობდნენ. ასეთ ვითარებაში 1801 წელს სოლომონ ლიონიძე დააპატიმრეს. 1802 წლიდან სოლომონ ლიონიძეს იმერეთში ვხედავთ. აქ, სოლომონ მეორის სამეფო კარზე ის დიდი პატივით იქნა მიღებული. 1803 წელს იმერეთის მეფე აძლევს სოლომონ ლიონიძეს ელჩის რწმუნებას და დიპლომატიური მისიით მიავლენს რუსეთში, ალექსანდრე პირველის კარზე.

1804 წელს სოლომონ ლიონიძე პეტერბურგიდან ბრუნდება იმერეთში. ის ერთხანს სამეფო საქმეებს ასრულებს და 1810 წელს - იმერეთის რუსეთთან შეერთებისა და სოლომონ მეორის თურქეთში გაქცევის შემდეგ - ისიც მეფის კვალს გაჰყვება და ქ. ახალციხეს გადაიხვეწება.

ის გარდაიცვალა 1811 წელს ახალციხეში და იქვეა დაკრძალული.

სოლომონ ლიონიძის ლიტერატურული მემკვიდრეობიდან შემოგვრჩა სამი ორატორული თხზულება. „მიმართვა პავლე პირველისადმი“ (1796) „შესხმა ალექსანდრე პირველისა“ და „მოთქმით ტირილი საქართველოს მეფის ღერკულეს ნეტარებისა ღირსისა“ (1798).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება