ლევან საღარაძე

ქართველი ბიზნესმენი, მეცენატი

ლევან ნიკოლოზის ძე საღარაძე (დ. 19 აგვისტო, 1913, ქუთაისი — გ. 4 მარტი, 1989, ლიეჟი) — სირიაში მცოვრები ქართველი ბიზნესმენი, მეცენატი.

ბიოგრაფია რედაქტირება

ლევან საღარაძე დაიბადა ქუთაისში, ცნობილი ფოტოგრაფის ნიკოლოზ საღარაძის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელსა და კლასიკურ გიმნაზიაში. მიღებული აქვს მუსიკალური განათლება. ფლობდა რუსულ და გერმანულ ენებს. მოგვიანებით შეისწავლა თურქული, ფრანგული და არაბული. 1930 წლებში მუშაობდა მასწავლებლად აჭარაში.

1932 წელს ლევან საღარაძე მეგობრებთან - მიხეილ გაწერელიასთან, გოგი მხეიძესა და აპოლონ დანელიასთან ერთად თურქეთში გადავიდა. ისინი ჯერ ბეირუთში აღმოჩნდნენ, შემდეგ - დამასკოში. მეგობრებმა დამასკოსა და ალეპოში, შემდეგ კი იორდანიაში, ააშენეს სპირტის პირველი ქარხნები. 50-იანი და 60-იანი წლების მიჯნაზე სირიაში ნაციონალიზაცია ჩატარდა, რამაც დარტყმა მიაყენა მათ საერთო ბიზნესს. მალე გოგი დანელია უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, მიხეილ გაწერელია ლიბანში გადავიდა საცხოვრებლად, ხოლო აპოლონ დანელია - ამერიკის შეერთებულ შტატებში. ლევან საღარაძე სირიაში დარჩა და ბიზნესიც თანდათან აღადგინა.

ლევანი სირიაში დაოჯახდა. მისი მეუღლე იყო უკრაინელი ევგენია გოლუბი, რომლის დედაც მეორედ გათხოვდა სირიაში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების ქართველ ექიმ დიმიტრი ცხონდიაზე. ლევანს და ევგენიას სამი შვილი შეეძინათ: ლიზა, ანა და ნიკოლოზი. ლევანმა ორივე ქალიშვილი საქართველოში გამოგზავნა განათლების მისაღებად. მოგვიანებით ლიზა სირიელ ჩერქეზს გაჰყვა ცოლად, ანა თბილისში დაოჯახდა, ნიკოლოზი ბელგიაში გადავიდა საცხოვრებლად.

ლევანს საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკურ სტრუქტურებთან. დამასკოს საერთაშორისო ბაზრობაზე საბჭოთა კავშირის პავილიონის მუდმივი მასპინძელი იყო. დიდი წვილი მიუღძვის საბჭოთა კავშირსა და სირიას შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში. მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს, საგარეო ვაჭრობის სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის საპატიო მედლები და სიგელები.

აქტიურად თანამშრომლობდა უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან, კულტურული სფეროს ქართველ წარმომადგენლებთან, ფინანსურ დახმარებას უწევდა უცხოეთში მცხოვრებ ქართველთა ყველა პატრიოტულ წამოწყებას. მასპინძლობდა სირიაში ჩამოსულ ქართველებს: ისტორიკოს ბეჟან გიორგაძეს, კათოლიკე ბერსა და მეცნიერ შალვა ვარდიძეს, ამერიკაში მცხოვრებ ხელოვნებათმცოდნე ვახტანგ ჯობაძეს და სხვ.

1984 წელს ლევან საღარაძემ დააფინანსა და დამასკოში გამოსცა "ვეფხისტყაოსანის" პირველი არაბული თარგმანი (მთარგმნელი ნიზარ ხალილი, რედაქტორი გურამ ჩიქოვანი), რომელმაც მაღალი შეფასება დაიმსახურა სირიაში.

1987 წელს ლევან საღარაძის დაფინანსებით არაბულად ითარგმნა და სირიაში გამოიცა ილია ჭავჭავაძის პოეტური კრებული "განდეგილი"; 1988 წელს - აკაკი წერეთლის, ნიკო ლორთქიფანიძის, ლეო ქიაჩელის, კონსტანტინე ლორთქიფანიძის, ოტია იოსელიანისა და ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებები.

1984-1985 წლებში მან გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ბიბლიოთეკას გადასცა 400 წიგნი, რომელიც მოიცავს არაბისტიკის სხვადასხვა სფეროს: განმარტებითი და დარგობრივი ლექსიკონები, ბიოგრაფიული, გეოგრაფიული, ენათმეცნიერული და ისტორიული ლიტერატურა, ხელნაწერთა აღწერილობები და სხვ.

ლევან საღარაძე ემიგრციაში წასვლის შემდეგ საქართველოში პირველად 1960 წელს ჩამოვიდა. მოინახულა დები, ძმა და მოხუცი მშობლები. უკანასკნელად სამშობლოს 1987 წელს ეწვია ილია ჭავჭავაძის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით და თან ჩამოიტანა არაბულად თარგმნილი "განდეგილი".

ლევანი საღარაძე 1989 წლის 4 მარტს გარდაიცვალა ლიეჟში. ანდერძის თანახმად მისი ნეშტი საქართველოში ჩამოასვენეს და 14 მარტს დაკრძალეს საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბუაჩიძე თ., დამასკოში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი ქველმოქმედი და საზოგადო მოღვაწე ლევან საღარაძე // კომუნისტი. - 1989. N 58. – 10 მარტი. – გვ. 4.
  • ლევან საღარაძე // ლიტერატურული საქართველო. – 1989. N 11 . – 17 მარტი. – გვ. 14.
  • ქართველები უცხოეთში = Georgians abroad. წ. I. – თბილისი, 2012. – გვ. 171-172.
  • ჯაფარიძე გ., ქველმოქმედი // მწიგნობარი. – 1989. N 89. – გვ. 39-48.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება