შალვა ვარდიძე

ქართველი მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი.

შალვა ვარდიძე (დ. 1885, სოფ. არალი, ახლანდ. ადიგენის მუნიციპალიტეტი, — გ. 20 დეკემბერი, 1958, ქ. ბეირუთი) — ქართველი კათოლიკე მღვდელი, მეცნიერი, მთარგმნელი, მწერალი.

განათლება მიიღო სტამბოლში, სადაც განაგრძო მოღვაწეობა ფერიქოის უბანში სტამბოლის ქართველ კათოლიკეთა უმანკო ჩასახების მონასტერში. თანამშრომლობდა ევროპაში არსებულ "საქართველოს დამოუკიდებლობის ეროვნულ კომიტეტთან", ხოლო 20-იანი წლებიდან — პარიზში დაარსებულ "თეთრი გიორგის" ორგანიზაციასთან. 1921 წლიდან დიდ დახმარებას უწევდა ქართულ ემიგრაციას სტამბოლში. II მსოფლიო ომის (1939-1945) დროს თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა. ვარდიძე ლიბანში გადასახლდა. იყო ბეირუთის სან-ჟოზეფის ფრანგული უნივერსიტეტის პროფესორი. სიცოცხლის ბოლო წლები ბეირუთთან ახლომდებარე ლიბანის მთის ერთ-ერთ მონასტერში გაატარა. გარდაიცვალა 1958 წელს. დაკრძალულია ბეირუთში, ზეითუნის ლათინთა სასაფლაოზე.[1]

ვარდიძემ ფრანგულიდან ქართულად თარგმნა და სტამბოლში გამოსცა ევგენი დალეჯიო დ'ალესიოს წიგნი „ქართველები კონსტანტინეოპოლში“ და რ. ჟანენის წიგნი „ქართველები იერუსალიმში“ (ორივე 1921 წელს). მისი შრომები სისტემატურად იბეჭდებოდა უცხოურ ჟურნალ-გაზეთებში. გარდა სამეცნიერო ნაშრომებისა მას ეკუთვნის პატრიოტული ხასიათის ლექსები „ჩემი ლოცვა“ (1950), „წმინდა ნინოს“ (1951). ბეირუთში არაბულ ენაზე გამოსცა 2 ბროშურა საქართველოს შესახებ.

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • სტამბოლის მონასტერი და რაფიელ ინგილო, გაზ. «დამოუკიდებელი საქართველო», პარიზი, 1931, №63–64.
  • ლიბანში აღმოჩენილი ქართული ხელნაწერის შესახებ, «ბედი ქართლისა», პარიზი, 1954, №17.
  • ხმა ლიბანის ობოლ კედართა მაღნარიდან, იქვე, 1955, №19.
  • Un court aperçu historique sur le monastère géorgien de la Sainte Croix à Jérusalem, P., 1932.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ...სამუშაოები... შალვა ვარდიძის საფლავის მოძიებისთვის — საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლიბანის რესპუბლიკასა და ერაყის რესპუბლიკაში, 22 მაისი 2023.