ლევან დადეშქელიანი

ლევან (ლეონტი) ბექირბის (კონსტანტინეს) ძე დადეშქელიანი (დ. 19 თებერვალი, 1873 — გ. 26/28 თებერვალი, 1918) — ქართველი პუბლიცისტი, პოლიტიკური მოღვაწე; ცხუმარელ დადეშქელიანთა წარმომადგენელი.

დადეშქელიანი ძირითადად ქუთაისსა და ცაგერში ცხოვრობდა. 1890-იანი წლებიდან სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებზე, მათ შორის სვანეთში განათლების პრობლემებზე, აქვეყნებდა წერილებს ქართულ ჟურნალ-გაზეთებში („ივერია“, „დროება“, „მოგზაური“ და სხვ.). ზოგჯერ წერდა ლევან დადეშკელიანის სახელით, ასევე ფსევდონიმებითაც („ლე- და-“, „ლ. დ.“, „დაშდან-გელან“, „დაგდაშან-გელან-სვანი“, „ბუნებით სვანი“). იყო ლეჩხუმის მაზრის თავადაზნაურთა საკრებულოს წევრი (1900-1905). ეწინააღმდეგებოდა მთავრობის მცდელობას სამეგრელო-სვანეთის დაწყებით სკოლებში ქართულენოვანი სწავლება ადგილობრივი ენებით ჩაენაცვლებინა. ახლოს იყო სოციალ-დემოკრატებთან. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ გამოსვლებში ქუთაისის გუბერნიაში, აგიტაცია-პროპაგანდას ეწოდა ლეჩხუმსა და სვანეთში. აჯანყების ჩახშობის დროს სადამსჯელო რაზმებმა გადაწყვეს მისი სახლ-კარი ლეჩხუმში. დაპატიმრებული იყო, თუმცა, ზოგიერთი ცნობით, მოახერხა გაქცევა და თურქეთს თუ სპარსეთს შეაფარა თავი. 1909 წელს იყო თბილისური საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ „იალქნის“ რედაქტორი. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ კვლავ აქტიურად მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში. არჩეული იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრად. 1918 წლის თებერვალში ლეჩხუმის მაზრაში ბოლშევვიკების მიერ ორგანიზებული ამბოხების დროს თან ახლდა სამთავრობო ჯარს. გლეხებთან მოსალაპარაკებლად გაგზავნილი მოკლეს ბოლშევიკებმა. დაკრძალეს ქუთაისის საკ­რებულო ტაძარში (1924 წელს ტაძრის დანგრევის შემდეგ საფლავის ბედი უცნობია).

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება