ლაქა (ფილმი)
„ლაქა“ — ალეკო ცაბაძის სადებიუტო ფილმი. გამოვიდა 1985 წელს. პირველი ქართული და საბჭოთა ფილმი, რომელშიც ღიად აისახა ოფიციალურისაგან განსხვავებული რეალობა და მწვავე სოციალური პრობლემები — კრიმინალი, პროსტიტუცია, აზარტული თამაშები, ნარკომანია, სპეკულაცია და სხვ. [1]
„ლაქა“ | |
---|---|
დამდგმელი რეჟისორი | ალეკო ცაბაძე |
სცენარის ავტორი | ალეკო ცაბაძე |
კომპოზიტორი | ქიშვარდ გლუნჩაძე |
ხმის ოპერატორი | მერაბ გვანცელაძე |
ოპერატორი | ნოდარ ნამგალაძე |
მხატვარი | გოგი ტატიშვილი |
სტუდია | სატელევიზიო ფილმების სტუდია |
გამოსვლის თარიღი | 1985 |
ხანგრძლივობა | 87 წთ. |
ქვეყანა |
სსრკ საქ. სსრ |
ენა | ქართული |
ფილმში მთავარ როლს ასრულებს მუსიკოსი ქიშო გლუნჩაძე.
ფილმის შესახებ
რედაქტირებათავდაპირველად, ფილმის სახელწოდებად ჩაფიქრებული იყო "ქალაქი", თუმცა, რეჟისორს ამის უფლება არ მისცეს. შემდეგ შეირჩა ერთ-ერთი მოხელის მიერ შეთავაზებული ვარიანტი — "ლაქა". მუსიკოსი ქიშო გლუნჩაძე რეჟისორმა მუსიკის მეშვეობით გაიცნო და შეარჩია მთავარი როლის შემსრულებლად.
მთავარ პერსონაჟს, სცენარის მიხედვით, რატი უნდა რქმეოდა, მაგრამ, მუშაობის პროცესში თავისთავად შერჩა მთავარი როლის შემსრულებლის სახელი — ქიშო. ალეკო ცაბაძეს მთავარი პერსონაჟი ჩაფიქრებული ჰყავდა, როგორც თავისი ალტერ ეგო: მასში ასახა თავისი მუსიკალური ინტერესები და ძიებები, კონფლიქტი მშობლებთან. მან როლი თავადვე გაახმოვანა, თუმცა, პერსონაჟის გარეგნულ იმიჯსა და მისი სახის განვითარებას მთავარი როლის შემსრულებელმაც ბევრი შემატა.
ფილმი გადაღებულია ბევრ სხვადასხვა ადგილას, როგორც თბილისში, ისე — მის გარეთ, ამიტომ, საბოლოოდ, გაურკვეველი ხდება, თუ სად, რომელ ქალაქში ხდება მოქმედება. ბოლო — დასკვნითი სცენა გადაიღეს თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე თბოელექტროცენტრალის საქვაბეში (გააუქმეს და დაანგრიეს 90-იან წლებში)[2].
სიუჟეტი
რედაქტირებაწაგებული სანაძლეოთი დაწყებული კონფლიქტი ახალგაზრდა კაცის ტრაგიკული აღსასრულით მთავრდება.
მუსიკა
რედაქტირებაფილმი გაფორმებულია მთავარი როლის შემსრულებლის — ქიშო გლუნჩაძის მუსიკით და სიმღერებით ("როცა ცხოვრების გზაზე...,", 'მე მჯერა, რომ შენ გინდა, დარჩე ჩემთან..." ), რასაც მსახიობი ცოცხლად ასრულებდა გადაღების დროს. ასევე, ჟღერს "გუშინ სმა რომ მომინდა, დავურეკე ქალებს.." ალეკო ცაბაძის შესრულებით, თავად ალეკო ცაბაძის შექმნილი მელოდიები, ბრიუს სპრინგსტინის სიმღერა Hungry Heart და სხვ.
პერსონაჟები
რედაქტირება- ქიშო — ტექნიკუმის სტუდენტი, ნიჭიერი მუსიკოსი. წერს სიმღერებს და თავადვე ასრულებს ფორტეპიანოსა და ტუჩის გარმონზე. უყვარს ბრიუს სპრინგსტინის მუსიკა.
- აჩიკო — ქიშოს უახლოესი მეგობარი. ჯგუფში უკრავს სოლო გიტარაზე. მუშაობს რკინიგზის სატვირთო სადგურში. ოცნებობს მაგნიტოფონის შეძენაზე და ამისათვის აგროვებს ფულს.
- ტრუტი — ქიშოს მეგობარი. შეძლებული ოჯახის შვილი. მუდამ მოწესრიგებულადაა ჩაცმული, ჰყავს "ჟიგული" ვაზ-2102. ნარკომანია.
- ქიშოს დედა — პროვინციული წარმოშობის ქალი. დიასახლისი, რომელიც მუდმივად საოჯახო საქმეებით არის დაკავებული.
- ქიშოს მამა — გაურკვეველი პროფესიის ადამიანი. სავარაუდოდ — დაბალი რანგის თანამდებობის პირი. სამსახურიდან თავისუფალ დროს ხალათში ჩაცმული ატარებს და უსმენს აღმოსავლურ ბაიათებს.
- ამირანი — პროფესიონალი მოთამაშე და შულერი. სწავლობს იმავე ტექნიკუმში, სადაც ქიშო, მაგრამ, მასზე უფროსია.
- ვალერა — ამირანის თანამზრახველი.
- ჭუკი და 19 — ამირანის ხელისბიჭები.
- ედგარი — აჩიკოს მეზობელი, "სპეკულანტი".
- ინა — ქიშოს საყვარელი. ჭკუამხიარული ახალგაზრდა ქალი.
- პარმენა — ღამის გასათევის პატრონი, მორფინით მოვაჭრე.
- ავთო — ტრუტის ნაცნობი, კანაფით მოვაჭრე.
- ანია — ტრუტის სტუმარი რუსეთიდან, ნარკომანი. ჰყავს უცხოელი ქმარი და აპირებს, მასთან გადასახლდეს (ქვეყანა არ კონკრეტდება).
როლებში
რედაქტირება- ქიშვარდ გლუნჩაძე (ქიშო)
- რუსუდან ქვლივიძე (დედა)
- ოთარ ბაზღაძე (მამა)
- დავით (ჯაპანა) ხურცილავა (აჩიკო)
- გურამ მგალობლიშვილი (ტრუტი)
- ზურაბ ბეგალიშვილი (ამირანი)
- გ. შანიძე (ჭუკი)
- ვ. ჭუმბურიძე (ვალერა)
- დავით ჩაგრაგანიძე (19)
- მარინე იშხნელი (ინა)
- ალექსანდრე მეიფარიანი (ავთო)
- რეზო ინაძე (პარმენა)
- ვალერა ტაგიროვი (ედგარი)
- ელენა პისკუნოვა (ანია)
პარმენას როლზე განიხილებოდა მსახიობი ბორის წიფურია, მაგრამ, რეჟისორი გადაღებულმა მასალამ არ დააკმაყოფილა. საბოლოოდ, შეარჩიეს შემთხვევითი პიროვნება — პროფესიით მეთუნუქე რეზო ინაძე. ასევე არაპროფესიონალებმა შეასრულეს "სპეკულანტ" ედგარის და 19-ის (უსახელო პერსონაჟი. გამოარჩევს მაისური, რომელზეც "19" აწერია) როლებიც.
ტრუტის როლის შემსრულებელი მსახიობის — გურამ მგალობლიშვილის განმარტებით, პერსონაჟის სახელი მომდინარეობს რუსული სიტყვიდან трутень, — რაც მამრ ფუტკარს ნიშნავს და ასახავს პერსონაჟის ბუნებას, მის პარაზიტულ ქცევას. როგორც მამრ ფუტკარს სკაში მხოლოდ განაყოფიერების ფუნქცია აქვს, პროდუქტს არ ქმნის და მხოლოდ სხვისი შექმნილით იკვებება. ასევე ტრუტიც მუდმივად ცდილობს, რომ სხვები იმსახუროს და ფინანსურადაც მუდმივად სხვებზეა დამოკიდებული, თავად კი არანაირი სარგებელი არ მოაქვს [1][2].
გამოხმაურება
რედაქტირებაიმის გამო, რომ ფილმი შეულამაზებლად ასახავდა რეალობას და ყურადღებას ამახვილებდა საზოგადოების ისეთ პრობლემებზე, რის შესახებ ხმამაღალი საუბარიც ჯერ კიდევ არ იყო მიღებული სსრკ-ში (ე.წ. "გარდაქმნის" ეპოქა ოფიციალურად მხოლოდ 1987 წელს დაიწყო), მან გამოსვლისთანავე დიდი ხმაური გამოიწვია. არაერთგან გაიმართა საჯარო მსჯელობა, მათ შორის — სახელმწიფო ტელევიზიაში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სხვადასხვა საწარმო-დაწესებულებებში. მაყურებლის შთაბეჭდილება მრავალფეროვანი იყო[1]. ოფიციალურ პირთა უკმაყოფილება გამოიწვია "დადებითი პერსონაჟის" დაღუპვამაც. ნომენკლატურასთან დაპირისპირების გამო, ფილმს ერთხანს "თაროზე შემოდებაც" ემუქრებოდა, თუმცა, ყველაფერი შეცვალა მოსკოველი კინოკრიტიკოსის — ანდრეი პლახოვის ვიზიტმა. გაზეთ "პრავდაში" გამოქვეყნებული მისი რეცენზიის შემდეგ, ოფიციოზმა აიტაცა ფილმი, როგორც "მანკიერებათა მამხილებელი" და ყველაფერი ისე შეაბრუნა, თითქოს რეჟისორმა იგი კომკავშირის კომიტეტის დაკვეთით გადაიღო. ფილმი კომკავშირის სახელმწიფო პრემიაზეც წარადგინეს, მაგრამ, რეჟისორმა უარი განაცხადა კონკურსში მონაწილეობაზე[2].
გავლენა
რედაქტირებაფილმის გამოსვლისთანავე პოპულარული გახდა შეძახილები "საქმე!", "აუუუუ", "მუზიკააანტ" — რომელიც მაშინვე დამკვიდრდა იმდროინდელი ახალგაზრდობის მეტყველებაში.
ჯილდოები
რედაქტირება- სატელევიზიო და სადიპლომო ფილმების საკავშირო ფესტივალის "ამირანი – 85" მთავარი პრიზი. თბილისი (1985).
- პრიზი საუკეთესო რეჟისურისათვის XIV საერთაშორისო კინოფესტივალზე – "ახალგაზრდობა და ფილმები", ქ. კოშალინი (პოლონეთი) (1987).
- XI საერთაშორისო კინოფესტივალის ვერცხლის პრიზი "ლეოპოლდის ვერცხლის თვალი". ქ. ლოკარნო (შვეიცარია) (1987).
- სატელევიზიო ფილმების XII საკავშირო ფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი და პრემია. ქ. მინსკი (1987).
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაფილმის გამოსვლის 30-ე წლისთავზე, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით, რეჟისორებმა ლევან ადამიამ და მანანა ხიდაშელმა გადაიღეს ფილმი "ლაქა აჯობებს", სადაც ალეკო ცაბაძე და შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაწვრილებით იხსენებდნენ ფილმის გადაღების პერიპეტიებს[2].
- ↑ 1.0 1.1 1.2 "ლაქა" 20 წლის შემდეგ.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 ლაქა აჯობებს.