თბოელექტროცენტრალი
თბოელექტროცენტრალი, თეცი — თბოელექტროსადგური, რომელიც გამოიმუშავებს და მომხმარებელს ერთდროულად გადასცემს ელექტროენერგიასა და სითბოს (მიღებული ნამუშევარი ორთქლის გამოყენების შედეგად).
თბოელექტროცენტრალი არის სამრეწველო, კომუნალური ან სამრეწველო-კომუნალური. ტექნოლოგიური და ცხელი წყლით მომარაგების თბური დატვირთვა შედარებით თანაბარია წლის განმავლობაში, შენობების გათბობის დატვირთვა კი სეზონურია. თეცი იყენებსორთქლის ტურბინების ნამუშევარი ორთქლის სითბოს, რომელიც კონდენსაციურ ელექტროსადგურებში კონდენსატორების მაცივებელ წყალს გადაეცემა და უსარგებლოდ იკარგება. თეცი მუშაობს ძირითადად თბური გრაფიკით. ელექტროენერგიას გამოიმუშავებს თბური დატვირთვის შესაბამისად. ელექტროენერგია ნაწილობრივ კონდენსაციური გზით მიიღება. იმის გამო, რომ თეცი, განსხვავებით კონდენსაციური ელექტროსადგურებისა და დაბალი წნევის საქვაბეებისაგან, ერთდროულად გამოიმუშავებს ელექტროენერგიასა და სითბოს, იგი მათთან შედარებით მცირე რაოდენობით საჭიროებს სათბობს და საჭირო კაპიტალურ დაბანდებას. შესაბამისად ამისა მცირდება მის მიერ გამომუშავებული ელექტრული და თბური ენერგიის თვითღირებულებაც.
თბოელექტროცენტრალისა და მისი ცალკეული დანადგარების მუშაობა მაქსიმალურად არის მექანიზებული და ავტომატიზებული. ელექტრული და თბური ენერგიის წარმოების პროცესების თბური ეკონომიურობის მახასიათებლებია: ელექტრული ენერგიის წარმოების მქკ (40-75%) და თბური ენერგიისწარმოების მქკ (80-85%). თეცის ეკონომიკური მაჩვენებლებია: კაპიტალური დაბანდებანი და ელექტრული და თბური ენერგიის თვითღირებულება.
თბოელექტროცენტრალში დგამენ თბოფიკაციურ ორთქლის ტურბინებს. თბოელექტროცენტრალი შეიძლება იყოს აირტურბინიანიც. დიდად პერსპექტიულია ატომური თბოელექტროცენტრალი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 618.